„სად არის ბენზინი?“ - საწვავის დეფიციტი აფხაზეთის მთავარ პრობლემად გადაიქცა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის მწვავე კრიზისია. ორ კვირაზე მეტია ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები არ ილევა. მომატებულია ფასები და დაწესებულია 20-ლიტრიანი ლიმიტი, რის გამოც უკმაყოფილება პიკს აღწევს. მოსახლეობა დე ფაქტო ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს აგვისტოს პირველ რიცხვებში დაპირებულ 1600 ტონა საწვავზე. "სად არის ბენზინი? თუ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, კილომეტრიანი რიგები რატომ არ ქრება?" - წერენ ტელეგრამ-არხებზე და ავრცელებენ ავტომობილების რიგების ვიდეოებს... პარალელურად დე ფაქტო ხელისუფლებას კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილების გამოც აკრიტიკებენ - სოხუმის ცენტრში უკრაინასთან ომში დაღუპული აფხაზების მემორიალის აშენების ინიციატივის გამო. თავდაპირველად სოცქსელებში კამათი სწორედ ამ თემაზე გაიმართა, თუმცა ივლისის მიწურულს დაწყებულმა საწვავის კრიზისმა ყველა სხვა საკითხი გადაფარა...
"20 ლიტრი ჩამისხეს, მაგრამ რიგში დგომისას 7 ლიტრი უკვე დავწვი"
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტი ივლისის მიწურულიდან დაიწყო. სოცქსელები და ტელეგრამარხები თითქმის ერთსა და იმავე ვიდეოებს ავრცელებენ - ავტოგასამართ სადგურებთან გზის ორივე მხარეს გაჭიმულ ავტომობილების გრძელ რიგებს. ზოგიერთ ადგილას საცობი კილომეტრსაც აჭარბებს.
"არავის აინტერესებს, ხალხი საათობით რომ დგას მხოლოდ 20 ლიტრისთვის",… "მე 4.3-ლიტრიანი ძრავა მაქვს, დღეში 20 ლიტრი როგორ უნდა მეყოს?", "ხალხის 70 პროცენტი სეზონურად ტაქსაობს, ტურისტებს ემსახურება, ექსკურსიებზე მუშაობს. 20 ლიტრი ერთ სამუშაო დღესაც ვერ ფარავს, ამით როგორ უნდა იცხოვრო?" - წერენ სოციალურ ქსელებში.
უკმაყოფილო არიან სოფლადაც, რადგან საწვავის გარეშე ვერ ამუშავებენ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და ვერ გადააქვთ მოსავალი ბაზრებზე. "ვენახები და თხილის ბაღები გასაწმენდია, ბენზინი გვჭირდება. რამდენიმე ასეული კვმ მიწა გვაქვს, ზოგს ჰექტარებიც. არ ვიცით, რა ვქნათ და როგორც ჩანს, არც არავის აინტერესებს", - ამბობს ფოქვეშელი მოსახლე. უკმაყოფილებას იწვევს საწვავის დაბალი ხარისხიც.
დე ფაქტო ხელისუფლება 23 ივლისიდან მოსახლეობას არწმუნებს, რომ საწვავის ბაზარზე სიტუაცია კონტროლქვეშაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. 30 ივლისს გამოცხადდა, რომ აფხაზეთში 414 ტონა ბენზინი შევიდა, აგვისტოს დამდეგს კი დე ფაქტო ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ განაცხადა, რომ რუსეთიდან 1600 ტონა საწვავია გამოგზავნილი, დამატებითი პარტიებიც გზაშია და მოსახლეობას მოუწოდა, საწვავი მხოლოდ ყოველდღიური საჭიროებისთვის შეიძინონ და მარაგი არ შექმნან.
"ხელისუფლების" განცხადებებს სოცქსელებში ირონიით პასუხობენ: "რეალობა საპირისპიროს აჩვენებს - ბენზინი თითქმის გაქრა"; "თუ 414 ტონა ჩამოვიდა, კილომეტრიანი რიგები რატომ დგას?" ერთ-ერთი პოსტის ავტორი წერს, რომ სამი საათი იდგა რიგში, 20 ლიტრი საწვავი აიღო, თუმცა იქვე ამატებს: "ამ 20 ლიტრიდან 7 რიგში დგომისას დავწვი". იმავე პოსტში ის თანამოქალაქეებს მოუწოდებს პანიკა არ შექმნან: "ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც მეზობელ ქვეყანაში ხდება. მადლობა ღმერთს, ბენზინისთვის ვდგავართ რიგში და არა 50 გრამი პურისთვის. ჩვენ დრონებისგან სარდაფებში არ ვიმალებით და პლაჟიდან არ გავრბივართ, როგორც ყირიმში. ამიტომ პანიკა საჭირო არ არის"...
აფხაზები საწვავის დეფიციტის მიზეზად არა რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებს, არამედ აფხაზეთში საწვავის ბაზარზე მონოპოლიას ასახელებენ. როგორც წერენ, საწვავს მხოლოდ ორი მსხვილი ქსელი ყიდის, ხოლო ადგილობრივი კერძო ავტოგასამართი სადგურები ან დაიხურა, ან საწვავს გადაჭარბებულ ფასად ყიდიან. "ბენზინის კოლაფსი აფხაზეთამდეც მოვიდა. მადლობა ჩვენს მთავრობას მონოპოლიისთვის"...
აფხაზი ვეტერანის, ასლან კობახიას თქმით, პრობლემა გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც აფხაზურ კომპანიებს საწვავის იმპორტზე დამოუკიდებლად მოლაპარაკების შესაძლებლობა ჩამოერთვათ და ბაზარი პრაქტიკულად ერთი რუსული კომპანიის, "როსნეფტის" ხელში გადავიდა. "კოლაფსი მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შუა პერიოდში. რამდენიმე წლის წინ აფხაზეთში ბენზინი გაცილებით იაფი იყო, ვიდრე სოჭში. ახლა ჩვენთან უფრო ძვირია და თან დეფიციტური. ყველაფრის ომისთვის გადაბრალება ადვილია, მაგრამ ამ სიტუაციაში ყველაფერი ასე მარტივი არ არის", - წერს კობახია.
"ეს ჩვენი ომი არ არის" - მემორიალმა აფხაზეთში მწვავე პოლემიკა გამოიწვია
საწვავის კრიზისამდე აფხაზ საზოგადოებაში მთავარი განხილვის თემა სოხუმში უკრაინაში რუსეთის მხარეს დაღუპული აფხაზების მემორიალის აღმართვის ინიციატივა იყო. რამდენიმე ვეტერანმა, ყოფილმა პოლიტიკოსმა, კულტურის წარმომადგენელმა და საზოგადო მოღვაწემ დე ფაქტო ხელისუფლებას კოლექტიური წერილით მიმართა და მემორიალის მშენებლობის ან გაუქმება, ან უკრაინაში ომის დასრულებამდე გადადება მოითხოვა. მათი არგუმენტი იყო, რომ სოხუმში დღემდე არ დგას არც აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძეგლი და არც იმ ჩრდილოკავკასიელი მოხალისეების მემორიალი, რომლებიც 1992-93 წლების ომში აფხაზების მხარეს იბრძოდნენ, ამიტომ მიუღებლად მიაჩნიათ, რომ პრიორიტეტი ჯერ კიდევ მიმდინარე ომს მიენიჭოს.
"თუ ისტორიული მეხსიერების დამკვიდრებას ვიწყებთ, მათგან უნდა დავიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორად გაგვიგებენ როგორც აფხაზეთის მოქალაქეები, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ჩვენი მეგობრები და დაღუპული მოხალისეების ოჯახები", - წერენ მიმართვის ავტორები და აღნიშნავენ, რომ ჯერ არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინის ომი და როგორ შეფასდება ის მომავალში.
ინიციატივამ აფხაზურ სოცქსელებში მწვავე პოლემიკა გამოიწვია. ნაწილი წერდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი აფხაზების ომი არ არის და აფხაზეთი მასში ასე აშკარად არ უნდა ჩაერთოს; რომ მსგავსი მემორიალი ჯერ არც რუსეთში და არც მის მოკავშირე ქვეყნებში არ დგას და კითხულობენ, რატომ უნდა იყვნენ პირველები სწორედ აფხაზები. საპირისპირო პოზიციის ავტორები კი ამტკიცებენ, რომ უკრაინაში დაღუპულები "აფხაზეთისთვის იბრძოდნენ" და მემორიალს იმსახურებენ. "ყველას გვახსოვს, როგორ მოუწოდებდა უკრაინა საქართველოს აფხაზეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ, როგორ ვნერვიულობდით, რომ ომი ჩვენს სახლშიც მოვიდოდა. ქართველები ჯერ კიდევ ელოდებიან...", - წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი. სხვები კი კითხულობდნენ: "ვერც წარმოვიდგენდი, რომ ვინმე ჩვენი ძმების, მამებისა და შვილების მემორიალის წინააღმდეგი იქნებოდა".
დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ არაფერი უთქვამს. თუმცა, თუ ერთი კვირის წინ ტელეგრამარხების მთავარი თემა მემორიალი იყო, ახლა იქ თითქმის ყველა მეორე პოსტი ბენზინის რიგებს, 20-ლიტრიან ლიმიტსა და "როსნეფტის" მონოპოლიას ეხება. სოციალურ ქსელებში დღეს ყველაზე ხშირად ერთი კითხვა ისმის: "სად არის ბენზინი"?
"ხალხი რიგებში დგას, ხელისუფლება კი ფესტივალებს მართავს"
მიხეილ კვატაშიძე, ქართულ-აფხაზური ორგანიზაცია "ამრას" თანადამფუძნებელი: - დღეს აფხაზეთში მთავარი თემა ბენზინის კრიზისია. ყველაზე მეტად აღშფოთებული არიან იმაზე, რომ საათობით უწევთ რიგში დგომა 20 ლიტრი საწვავის ჩასასხმელად, დე ფაქტო ხელისუფლება კი კონცერტებს, ფესტივალებსა და გასართობ ღონისძიებას მართავს. საწვავის დეფიციტის გამო კერძო ავტოგასამართი სადგურების უმეტესობა აღარ მუშაობს. პრაქტიკულად მხოლოდ რუსული "როსნეფტისა" და ანქვაბის (ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი) კუთვნილი "პოდოროჟნიკის" ქსელები დარჩა. ამიტომ ადანაშაულებენ ხელისუფლებას, მცირე ბიზნესი გაანადგურაო. ერთ-ერთი გავრცელებული კომენტარი ასეთია: "ყველა პატარა ბიზნესი გაანადგურეს ტურიზმის სფეროში, იგივე ხდება საწვავის ბაზარზეც. ანქვაბის პრეზიდენტობის წლებში რა გაკეთდა? ყველაფერი "როსნეფტისა" და "პოდოროჟნიკისთვის", დანარჩენებისთვის კი - არაფერი".
დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, 414 ტონა საწვავი შემოვიდა და კიდევ 1600 ტონის შემოტანაც იგეგმებაო, ტელეგრამარხებზე წერდნენ, აფხაზეთში დაახლოებით 20 000 ავტომობილია, დღეში 20 ლიტრი ბენზინი ნიშნავს 400 ტონა საწვავს, შესაბამისად, 1600 ტონა მხოლოდ ოთხი დღის სამყოფია და ამ დროს ამტკიცებენ, კრიზისი მოვაგვარეთო. რა თქმა უნდა, კრიზისი რუსეთში უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს უკავშირდება. აფხაზეთში საწვავი ძირითადად ტუაფსეს ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან შედიოდა, მისი დაზიანების შემდეგ კი მიწოდების პრობლემა შეიქმნა. ახლა საწვავის დეფიციტი თავად რუსეთსაც აქვს და აფხაზეთისთვის აღარ სცხელა. თუმცა აფხაზეთში ბევრს მიაჩნია, რომ პრობლემა მხოლოდ ომით არ აიხსნება. მათი შეფასებით, სისტემური პრობლემები გაცილებით ადრე დაიწყო და დღევანდელი ვითარება საწვავის ბაზარზე შექმნილმა მონოპოლიამ უფრო გაამწვავა. რუსეთს პირდაპირ თითქმის არ აკრიტიკებენ, ეს შიში აშკარად იგრძნობა. ვინც რაიმეს ამბობს, ძალიან ფრთხილად, შეფარვით. ბენზინის კრიზისი უკვე ტურისტულ სეზონსაც დაეტყო. დღის განმავლობაში ტურისტებს ემსახურებიან, ღამით კი ავტოგასამართ სადგურებთან უწევთ დგომა. ბუნებრივია, ეს მომსახურებისა და პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს.
საწვავის კრიზისამდე აფხაზეთში დიდი განხილვა იყო უკრაინაში რუსეთის მხარეს დაღუპული აფხაზების მემორიალის აღმართვის საკითხზე. ამ ინიციატივას ყოფილი დეპუტატები, ვეტერანები და საზოგადო მოღვაწეები გამოეხმაურნენ. ისინი პირდაპირ არ ამბობენ, რომ მემორიალი არ უნდა აშენდეს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ამის დრო ჯერ არ არის. გავრცელებულია მოსაზრებაც, რომ ეს საერთოდ არ არის აფხაზების ომი. წერენ: "ეს კონტრაქტორების ომია. ადამიანები ფულის სანაცვლოდ იბრძვიან ამა თუ იმ სახელმწიფოს ინტერესებისთვის. ჩვენს ხალხს ამ ომთან რა კავშირი აქვს?", თუმცა საწვავის დეფიციტმა ყველა სხვა თემა გადაფარა.
ეკატერინე ბასილაია