„რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო და იბრძოლო!“ - კვირის პალიტრა

„რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო და იბრძოლო!“

ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებაში ერთი წამიც საკმარისია, რომ ყველაფერი შეიცვალოს. ნინი წიკლაურის ცხოვრებაში ასეთი წამი მაშინ დადგა, როცა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ნინიმ გადაწყვიტა სიცოცხლისთვის ებრძოლა და სიმსივნე ორჯერ დაამარცხა. ის დღეს განვლილ ურთულეს გზაზე გვიამბობს:

- რუსთავში ვცხოვრობ, დიასახლისი ვარ, მყავს 9 წლის შვილი მყავს, რომელსაც ჩემი ყურადღება სჭირდება. თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ 26 წლის ასაკში მივხვდი, რამდენად ძვირფასი ყოფილა ეს "ჩვეულებრივი" ცხოვრება: სამი თვის ორსული ვიყავი, როცა მკერდზე პატარა კვანძი შევნიშნე, რომელიც თანდათან იზრდებოდა. ექოსკოპიაზე მივედი, ბიოფსია და სხვა ანალიზები მომთხოვეს, მაგრამ არ მინდოდა ბავშვისთვის მევნო და ყველანაირ კვლევაზე უარი ვთქვი. ამის შემდეგ ხუთი თვე გავიდა და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა და მუქდებოდა კვანძი. ბავშვი საკეისრო კვეთით გავაჩინე და სამშობიარო პალატიდან მოყოლებული, მაღალი სიცხეები დამეწყო. როგორც კი გამომწერეს, მამოლოგთან მივედი. მითხრეს, რომ მკერდი მოსაკვეთი მქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, სიმსივნე ორგანიზმში არ იყო გასული, მიუხედავად იმისა, რომ მესამე სტადიის რთულად მართვადი სიმსივნე მქონდა. ქიმიური გადასხმები დამინიშნეს და ოთხი პროცედურის შემდეგ სიმსივნე მკურნალობას დაექვემდებარა. მკერდი არ მომკვეთეს, მხოლოდ კვანძი ამოიღეს. იმ დღეებში ჩემი მეუღლე, მშობლები, დედამთილი, ძმა - ყველა მხარში ამომიდგა - ჩემს ახალშობილ შვილს დედა უვლიდა, ქიმიის შემდეგ უმრავლესობა ისეთ მდგომარეობაშია, შეიძლება თავი ვერ წამოსწიოს, მე კი ბავშვს ღამეებს ვუთენებდი და თან ვმკურნალობდი. ბოლოს სხივური თერაპიაც ჩამიტარეს და 2017 წელს მკურნალობა კარგი შედეგით დასრულდა.

gabrieli-1786294624.jpg

როგორც ხშირად ხდება, ერთ განსაცდელს მეორეც მოჰყვა და 2018 წელს დედ-მამა დამეღუპა - ეს ჩემთვის მკურნალობაზე მძიმე გადასატანი იყო...

რამდენიმე წლის განმავლობაში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ 2022 წელს იმავე ადგილას ისევ პატარა კვანძი გამიჩნდა. ბიოფსიამ ისევ ავთვისებიანი სიმსივნე აჩვენა... როგორც ექიმებმა მითხრეს, მეორე რეციდივი პირველზე უფრო რთული სამკურნალოაო, თუმცა სიმსივნე სხვა ორგანოებზე არ იყო გადასული და ისევ ქიმიური გადასხმები დავიწყე. ჯერ კვანძი ამომიღეს, მაგრამ ბოლოს მარცხენა ძუძუს მოკვეთა გახდა საჭირო.

- ცნობილია, რომ ქიმიურ გადასხმებს ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს, რის გამოც ზოგიერთი პაციენტი უარს ამბობს მკურნალობაზე.

- ეს ურთულესი პერიოდია, მაგრამ თუ ადამიანი მოისურვებს, უფლის წყალობით ყველაფერს გადალახავს. ეს დაავადება იმათ უფრო ამარცხებს, ვინც ხელს ჩაიქნევს და უიმედობას მიეცემა. მართალია, ქიმიური გადასხმის მერე დეპრესიული მდგომარეობა გაქვს, რასაც უძილობა, ოფლიანობა და ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს, ამას ემატება თმის ცვენაც, მაგრამ შვილი მყავდა გასაზრდელი და უნდა გამეძლო. თმის ცვენა რომ დამეწყო, სალონში მივედი და ვთხოვე, გადამპარსეთ-მეთქი. მეორედ ჩემით გადავიპარსე. ცხადია, ძნელია, როცა წამწამები და წარბები გცვივა, კანის ფერიც გეცვლება, სახე და სხეული გიშუპდება, მაგრამ ის აზრი გამხნევებს, რომ მკურნალობის მერე ეს ყველაფერი გაივლის. დიახ, რთულია, მაგრამ უნდა გაუძლო და იბრძოლო!

მე ეს ყველაფერი ორჯერ გამოვიარე და ვიცი: ამ დაავადების დროს სწორი და დროული მკურნალობაა მთავარი. მეორედ რომ დამიდგინეს, მეც უიმედოდ ვიყავი, დედა გვერდით აღარ მყავდა, საკმარისი თანხაც არ მქონდა და ხელი მქონდა ჩაქნეული, მაგრამ ისევ ჩემმა ახლობლებმა გამამხნევეს - მეგობარმა ჩემი პოსტები გააზიარა და იმ დღეებში საოცრება მოხდა: იმდენი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც თანხა ჩამირიცხა... სრულიად უცნობი ადამიანები მწერდნენ და მეხმარებოდნენ. ზოგი ერთ ან ორ ლარს მირიცხავდა და ამ დროს გული უფრო მეტად მითბებოდა. ადრე სხვებს მეც დავხმარებივარ, განსაკუთრებით, ბავშვებს, მაგრამ არ ვიცოდი, რა განცდა იყო, როცა სრულიად უცხო ადამიანები შენზე ზრუნავენ. მე მათ დედიკოს გამოგზავნილი ანგელოზები დავარქვი. დღესაც მაბედნიერებს იმაზე ფიქრი, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი კეთილი, მზრუნველი ადამიანი ცხოვრობს.

pirveli-mk-1786294624.jpg

- ავთვისებიანი სიმსივნე ორჯერ დაამარცხეთ - თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს მკურნალობისას ონკოპაციენტის განწყობას?

- ფსიქოლოგიური ფაქტორი გადამწყვეტია: როცა ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი დასრულდა, ეს მის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ამ დროს მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს - ჩემს მაგალითს გავიხსენებ: მეორე მკურნალობის დროს ჩემი გაბრიელი 5 წლისა იყო. ერთხელ ცოტა ხანს მიყურა და ატირდა, დედა, რატომ ხარ ცუდადო. ამის მერე სულ ვცდილობდი ბავშვთან ჩემი სისუსტე არ გამომევლინა. არაერთ ონკოპაციენტს სიმსივნე მეოთხე სტადიაზეც დაუმარცხებია, რადგან ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია. ამიტომ არ ღირს იმედის დაკარგვა. თუ ადამიანს ძლიერი ორგანიზმი აქვს და იცის, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რემისიას უფრო ადვილად მიაღწევს. ისეთი პაციენტები ვიცი, რომლებმაც სიმსივნე ბოლო სტადიაზეც კი დაამარცხეს. შიშმა და უიმედობამ შესაძლოა უფრო ცუდი შედეგი მოიტანოს, ვიდრე სიმსივნემ. ეს ყოფილმა ონკოპაციენტებმა კარგად ვიცით და სხვებ­საც მხარში ვუდგავართ: სოფო ფირანიშვილის ინიციატივით, "ფეისბუკზე" ჩვენი გვერდი შევქმენით, რომელსაც "ონკოლაინ-ჯორჯია" დავარქვით. ამ გვერდზე ერთმანეთს ვუზიარებთ, რაც გამოვიარეთ და ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვინც ამ გზას ახლა გადის.

ონკოპაციენტმა იმაზე არ უნდა იფიქროს, მკურნალობის თანხა საიდან მოიტანოს... ზოგიერთი ამის გამო არ იწყებს მკურნალობას, ზოგი მცენარეულ წამლებს სჯერდება, რაც დაუშვებელია. ბევრი ონკოპაციენტი სწორედ ამის გამო ტოვებს საქართველოს და უცხოეთში მიდის. მკურნალობის დროს მე მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მომცეს და პენსია - 230 ლარი დამინიშნეს, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ მომიხსნეს. ქიმიის დროს ონკოპაციენტს ძვირად ღირებული წამლები სჭირდება. როცა ერთი ამპულა 14 ათასი ლარი ღირს, ცხადია, ამ ხარჯს ონკოპაციენტის ოჯახი ვერ დაფარავს და ეს ყველაზე მტკივნეული პრობლემაა.

მინდა ყველას ვთხოვო: ნებისმიერმა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები - ეს იმ უსიამოვნებებისგან დაგიცავთ, რომელზეც ახლახან ვისაუბრეთ.

ცნობისათვის:

მკერდის (ძუძუს) კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში ამ დაავადების 2.3 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება. საქართველოში ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს შორის, ყოველწლიურად 2000-მდე ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ქვეყანაში მოქმედებს უფასო სკრინინგის პროგრამა, რომელიც 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის სრულიად უსასყიდლოა. ქალებმა სკრინინგი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტარონ, რადგან ადრეული დიაგნოზი და დროული მკურნალობა ხანგრძლივ რემისიას და პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს.

ხათუნა ჩიგოგიძე