ვინ და რატომ „წინასწარმეტყველებს“ მესამე მსოფლიო ომს
უკრაინის თავს რაც ხდება, დიდი ტრაგედია და უსამართლობაა. ვგულისხმობთ იმას, რომ კიევი, ფაქტობრივად, დაუცველია რუსული კვაზიბალისტიკური რაკეტებისგან, რადგან აღარ აქვს "პეტრიოტის" რაკეტები. შესაბამისად, რუსეთი ლამის ყოველ ღამით დაუნდობლად ცხრილავს კიევს და ამას მსოფლიო უყურებს; მსოფლიოს ის ნაწილი, რომელსაც, პრინციპში, უნდა შეენარჩუნებინა დიდი წესრიგი, რათა ვერავის გაებედა ფართომასშტაბიანი აგრესია.
აშშ უკრაინას "პეტრიოტის" რაკეტების მიწოდებაზე უარს ეუბნება იმ მოტივით (დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით), რომ ირანთან ომში ბევრი დახარჯა და შესაძლოა კვლავაც ბევრი დასჭირდეს, რადგან ომი არ დასრულებულა. "პეტრიოტის" რაკეტები ევროპაშიც არის დასაწყობებული. თუმცა აქაც უარია... სამაგიეროდ, პუტინს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი და კიევის მიწასთან გასწორებას ცდილობს. კი ბატონო, უკრაინელებსაც მიაქვთ დრონებით იერიში რუსეთის ტერიტორიაზე და წვავენ "ვაილდბერიზის" საწყობებსა და ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, რაც რუსეთის ეკონომიკას კარგ პრესპექტივას არ უქადის. თუმცა არის დიდი განსხვავება - ერთია, როდესაც შენ აფეთქებ საწყობებს და მეორე, როდესაც შენი დედაქალაქის საცხოვრებელი უბნები დაუნდობლად იბომბება.
დასავლელი სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად ირანთან ომისა, აშშ-ს შეუძლია უკრაინისთვის "პეტრიოტის" განსაზღვრული რაოდენობის მიწოდება. იმდენის მაინც, თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში კიევი არ იყოს რუსული რაკეტებისთვის "ღია ქალაქი". თუმცა ტრამპი ამას არ აკეთებს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ აიძულოს ზელენსკი, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პუტინისეულ ვერსიას?! ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია დასავლეთში აქტიურად განიხილება, მით უმეტეს, წლის დამდეგს ტრამპი აქტიურად ცდილობდა უკრაინის პრეზიდენტის დაყოლიებას ამგვარ მშვიდობაზე. შეგახსენებთ, რომ ალასკაზე, ანკორიჯში გამართულ შეხვედრაზე, ტრამპი დაეთანხმა პუტინის ცეცხლის შეწყვეტის ვერსიას, რომელიც ასეთია: უკრაინის ჯარი მთლიანად ტოვებს დონბასის ოლქს, ანუ უკრაინელებმა უბრძოლველად უნდა დათმონ სლავიანსკი, კრამატორსკი და სხვა დასახლებული პუნქტები, სადაც ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ჩაწვა. გასაგებია, რომ უკრაინელები დაიღალნენ ომით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყოველდღე რამდენიმე საათის გატარება თავშესაფრებში გიწევთ. გარდა ამისა, შესაძლოა ვერც მიასწრო თავშესაფრამდე, ისე მოფრინდეს რუსული რაკეტა. შენი თავი ჯანდაბას, მაგრამ როდესაც გყავს შვილები და ყოველდღე ასეთ რეჟიმში ცხოვრობ... თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევებით, უკრაინელების უმრავლესობა წინააღმდეგია ტერიტორიული დათმობებისა.
მოკლედ, დიდი ალბათობით, ასეთ დათმობაზე ზელენსკი არ წავა, ომის ხასიათი კი რამდენიმე თვეში შეიძლება ისევ შეიცვალოს. კერძოდ, უკრაინელებს მალე ექნებათ საკუთარი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც მოსკოვის ხშირი სტუმრები იქნებიან. ასე რომ, შეიძლება "ანგარიში გათანაბრდეს".
თუმცა მთავარი კითხვა, ბოლოს და ბოლოს, როგორ და როდის დასრულდება ეს ომი, კვლავ უპასუხოა. პროგნოზები ძალიან მძიმეა. ისევე როგორც, ამერიკა-ირანის დაპირისპირებაზე. აქაც ცნობილია, თუ რას ითხოვს ტრამპი ირანისგან - ბირთვული შეიარაღების შექმნაზე მუშაობის სრულ შეჩერებას, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ინტესიური ექსპერტიზის დაშვებას და ჰორმუზის სრუტის განბლოკვას. თუმცა ირანი უარზეა. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლია ეს არ გააკეთოს. ამერიკის დაბომბვებმა მას ვერ მიაყენა ისეთი ზიანი, რომ პროტრამპურ შეთანხმებაზე იფიქროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - როგორც ჩანს, აიათოლების რეჟიმი ძალიან კარგად მოემზადა ასეთი სცენარისთვის და ყველაფერი დეტალურად ჰქონდათ გათვლილი. დღეს თუ ამერიკა დაარტყამს ირანის ობიექტებს, საპასუხოდ ხვდება ამერიკულ ბაზებსაც. აქაც პროგნოზი მძიმე და საგანგაშოა.

„პლანეტა მსოფლიო ომისკენ დრეიფობს და..."
ტრამპს "ნიუ-იორკ თაიმსი" არ მოსწონს და მას ლამის "ხალხის მტრად" აცხადებს, იმიტომ, რომ წერს იმას, რაც არ სიამოვნებს ამერიკის პრეზიდენტს. ირანის ომში გაჭედილ ტრამპზე გაზეთი (ავტორი დეივიდ ფრენჩი, ამერიკელი პუბლიცისტი, ერაყის ომის ვეტერანი) კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს (გამოქვეყნებული იყო KVIRISPALITRA.GE-ზე. მოამზადა სიმონ კილაძემ), რომელიც კიდევ უფრო გაამწარებს ტრამპს. თუმცა პროგნოზი მართლაც შემაშფოთებელია. გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან:
"ამერიკა ისე დიდი ხნის განმავლობაში ტკბებოდა თავისი ძლიერებით, რომ ჩვენ მოვლენების კონტროლს მივეჩვიეთ. გვჯეროდა, რომ ომს, როცა გვენდომებოდა, მაშინ დავიწყებდით და ისე დავამთავრებდით, როგორც მოგვესურვებოდა. როცა მე ერაყში ვმსახურობდი, როგორი საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ომი, გვჯეროდა, რომ ის გარკვეულ ჩარჩოებში დარჩებოდა. ჩვენ ვებრძოდით მოწინააღმდეგეს, რომელსაც მინიმალური შესაძლებლობები ჰქონდა ამერიკელებისათვის ზიანის მისაყენებლად ერაყის ფარგლებს გარეთ. ასეთივე სიტუაცია იყო ავღანეთში მას შემდეგ, რაც ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, "ალ-ქაიდას" საყრდენი პუნქტები გავანადგურეთ. ორივე კონფლიქტის დროს საომარი მოქმედებები სისხლიანი იყო. ჩვენ შეგვიძლია დიდხანს ვიდაოთ ორივე ომის დაწყების გონივრულობაზე, მაგრამ ფაქტია, ჩვენი მოკავშირეები ხშირად განზე იდგნენ და ბრძოლების სიმძიმე, ძირითადად, ამერიკელებზე გადადიოდა.
უსაფრთხო ომები არ არსებობს - ნებისმიერი ომი შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ ბოლო დრომდე აშშ-ის ძლიერება, მოწინააღმდეგის სისუსტე და რუსეთ-ჩინეთის თავშეკავება ამერიკელებს მშვიდი ძილის გარანტიას აძლევდა. ისინი აცნობიერებდნენ, რომ კატასტროფული ესკალაციის შანსები უკიდურესად უმნიშვნელო იყო, ახლა კი ასე არ არის. პლანეტა მსოფლიო ომისკენ დრეიფობს და მოვლენათა მსვლელობას არავინ აკონტროლებს, აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით.
განვიხილოთ მიმდინარე მოვლენები: ირანი არა მარტო აგრძელებს ეფექტიან დარტყმებს აშშ-ის ბაზებზე, არამედ ხშირად უტევს ვაშინგტონის პარტნიორებსაც მთელ რეგიონში. სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობ-გაზის ინფრასტრუქტურა კოლოსალურად დაზარალდა და თუ ამას ჰორმუზის სრუტის ბლოკირებასაც დავამატებთ, მსოფლიოს ეკონომიკა სერიოზული საფრთხე-მუქარის წინაშე დადგება. ირანის მხარეს ბრძოლაში იემენელი ჰუსიტებიც ჩაერთვნენ ანუ საომარი მოქმედებების არეალი სპარსეთის ყურიდან სამხრეთით, წითელი ზღვის აკვატორიაზეც გავრცელდა. თავის მხრივ, საუდის არაბეთი გეგმავს იემენელ ჰუსიტებს შეუტიოს, რაც მსოფლიოს ენერგეტიკულ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
უკრაინამ კასპიის ზღვაში მცურავ ირანის გემს დაარტყა დიდ დახურულ წყალსატევში, რომელიც სხვადასხვა ომის მონაწილე მხარეებს - რუსეთსა და ირანს ერთმანეთთან აკავშირებს. რუსეთი და ჩინეთი, სხვადასხვა მონაცემით, აშშ-თან ომში მყოფ ირანს ეხმარებიან - აწვდიან კოსმოსური თანამგზავრებიდან მიღებულ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შეტევებს ეფექტიანობას მატებს. გარდა ამისა, რიგი ინფორმაციით, პეკინი თეირანს საზენიტო რაკეტებსაც უგზავნის.
ეს ყველაფერი ხდება აშშ-ისთვის ორი ძალზე არასასიამოვნო რეალიის ფონზე:
პირველი - ირანმა აჩვენა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები ბევრად მოწყვლადები არიან შეტევის დროს, ვიდრე ვარაუდობდნენ. დღეს აშშ-ის სამხედრო ბაზები სპარსეთის ყურეში ისეთი დანგრეულია, რომ მე ერაყის ომში მონაწილეობის დროს ასეთ სურათს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. რა თქმა უნდა, ირანიც უდიდეს ზარალს განიცდის: უმაღლესი სამხედრო სარდლობისა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის გარდა, თეირანის არმია და "გუშაგთა კორპუსი" კარგავს მოსახლეობას და რიგით სამხედრო პერსონალსაც, მაგრამ აშშ-ისგან განსხვავებით, ირანი ცოცხალი ძალის დანაკარგებს ყურადღებას არ აქცევს. ირანის სამთავრობო-რელიგიური გასამხედროებული ორგანიზაციები და დაჯგუფებები მზად არიან "სისხლის უკანასკნელ წვეთამდე" იბრძოლონ.
მეორე - ჩვენი სამხედრო არსენალი (მაგალითად, "პეტრიოტებისა" და "ტომაჰავკების" რაკეტები) კატასტროფულად მცირდება. ამ ზეთანამედროვე ურთულესი იარაღის მარაგების შევსებას დრო სჭირდება, ამერიკული სამხედრო კომპანიები კი ვერ ასწრებენ. სულაც არ მინდა ჩვენი ნატოელი რომელიმე მოკავშირის ტერიტორია ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ერთი ირანული რაკეტაც კი გაარღვევს ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, ეს უკვე ჩვენს მინიდამარცხებას ნიშნავს. როცა ყოველდღიურად ხარჯავ რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების მქონე ათეულობით რაკეტას რამდენიმე ათასდოლარიანი ღირებულების მქონე ირანული დრონების წინააღმდეგ, ალბათ, ყველა მიხვდება, რომ აშშ-ის თავდაცვის დონის დასუსტება მხოლოდ დროის საკითხია.
შევკრიბოთ ერთად ყველაფერი: აშშ-ის თავდაპირველი სტრატეგია ჩაიშალა, ირანთან ომი თანდათან მთლიან რეგიონს ნთქავს. ირანი და უკრაინა შეიძლება პირდაპირ კონფრონტაციაში ჩაერთონ; რუსეთმა და ჩინეთმა [ჩრდილოეთ კორეასთან ერთად] შეიძლება სამხედრო ალიანსი შექმნან; პენტაგონს იარაღის დეფიციტის საფრთხე ემუქრება; დონალდ ტრამპმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს.
ჩემს თავს ხშირად ვუსვამ ხოლმე კითხვებს: როგორ სიტუაციაში ვიქნებოდი, პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, 1914 წლის ზაფხულში რომ მეცხოვრა, არაფერი რომ არ ვთქვა 1939 წელზე? რომელ მომენტში გრძნობენ ხოლმე ადამიანები, რომ მსოფლიო კატასტროფის წინაშეა? თუ ამაზე ძალიან ადრე და ხშირად ილაპარაკებ, სულელად ჩაგთვლიან, თუ გვიან იტყვი, მწარე გრძნობით იცხოვრებ, რატომ ადრე არ ვთქვიო (თუ ცოცხალი დარჩები). მე წინასწარმეტყველი არა ვარ, მაგრამ დეესკალაციის იმედი მაინც მაქვს. ვფიქრობ, აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეების მთავრობებში (საერთოდ, მსოფლიოში) ჯერ კიდევ არიან სერიოზული და საღად მოაზროვნე ადამიანები.
ხშირად ამბობენ, რომ რიგით ამერიკელ ამომრჩეველს საგარეო პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს. მთლიანობაში ასეც არის - სანამ კატასტროფა არ მოხდება; და როცა მოხდება, საგარეო პოლიტიკა ერთადერთი სფეროა, რომელსაც ნამდვილად ეძლევა სტრატეგიული მნიშვნელობა და ყველა ძალიან ინტერესდება. ჩვენი მომავალი შეიძლება მართლაც არის დამოკიდებული ამერიკელ ამომრჩეველზე, რომელიც შეძლებს და შუალედური არჩევნებით კონგრესს გაბედულებას დაუბრუნებს - იმ კონგრესს, რომელიც დღეს დონალდ ტრამპის ნებას ასრულებს. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რაც ძალიან რთულია (ისტორიაში მსგავსი მაგალითები ძნელად თუ მოიძებნება) - კერძოდ ის, რომ დავინახოთ მოახლოებული კატასტროფა და გადამწყვეტად ვიმოქმედოთ წინასწარ, სანამ საშინელი ომი მსოფლიოს არ შთანთქავს".
გიორგი კვიტაშვილი