"იმედი ჰქონდათ, რომ სეუტას სასაზღვრო კრიზისის ირგვლივ მომხდარი სკანდალი დროთა განმავლობაში განეიტრალდებოდა, მაგრამ საქმე უფრო უარესად არის" - რა წერს The Daily Telegraph - კვირის პალიტრა

"იმედი ჰქონდათ, რომ სეუტას სასაზღვრო კრიზისის ირგვლივ მომხდარი სკანდალი დროთა განმავლობაში განეიტრალდებოდა, მაგრამ საქმე უფრო უარესად არის" - რა წერს The Daily Telegraph

„როგორ ქრება ფანტაზიები ევროპის ღია საზღვრებზე“ - ამ სათაურით არის გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 10 აგვისტოს ნომერში. „შენგენის 1985 წლის შეთანხმება დღეს უკვე ევროპული უსაფრთხოებისადმი მუქარად განიხილება. ევროკავშირის მოსაზღვრე ბევრი ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, მიგრაციას იარაღის სახით იყენებენ“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ბრიუსელში და უაიტჰოლში იმედი ჰქონდათ, რომ სეუტას სასაზღვრო კრიზისის ირგვლივ მომხდარი სკანდალი დროთა განმავლობაში განეიტრალდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე უფრო უარესად არის.

იტალიამ უკვე დახურა თავისი საჰაერო და საზღვაო საზღვრები ესპანელი მოგზაურებისათვის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით - მას შემდეგ, რაც 79 ათასი მიგრანტი მაროკოდან ესპანეთის ანკლავში შეიჭრა.

მადრიდმა რომს საპასუხო დარტყმა მიაყენა: იტალიასთან საკუთარი სასაზღვრო კონტროლი დაამყარა და რომს პოლიტიკურ თეატრში მონაწილეობა დასწამა.

ბრიუსელი, როგორც ყოველთვის, შორიდან თვალს ადევნებს მომხდარ ამბებს, აკეთებს ხმამაღალ განცხადებებს, საქმით კი არავითარ პრაქტიკულ ნაბიჯებს არ დგამს - და ეს ხდება იმ დროს, როცა ევროპული ოცნება ღია საზღვრების თაობაზე მის თვალწინ ქრება.

შენგენის შეთანხმება, რომელსაც ხელი 1985 წელს მოეწერა, გასული ეპოქის პროდუქტს წარმოადგენს. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მასობრივი მიგრაციების პირობებში, რომელიც ძალიან ხშირად იარაღის სახით გამოიყენება. ბოლო წლებში ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი, ბელარუსი და ახლა მაროკო, ბრალდებულნი იქნენ იმაში, რომ მათ თავიანთი საზღვრები გააღეს შენგენის ზონის ქვეყნებთან, რათა დესტაბილიზება გამოეწვიათ და ისინი პოლიტიკურ დათმობებზე წასულიყვნენ. ანუ გამოდის, რომ შენგენის შეთანხმება ევროპულ უსაფრთხოებას ემუქრება.

ევროკავშირის წევრი ბევრი სახელმწიფო, როგორც ჩანს, ამ მოვლენას დუმილით ეთანხმება. გერმანიამ ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ აღადგინა სასაზღვრო კონტროლი პოლონეთთან. იტალია რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებდა საზღვრების კონტროლს სლოვენიასთან. უკვე შეიძლება იმის მტკიცება, რომ შენგენის ზონის ცხრა ქვეყანა, შვედეთისა და საფრანგეთის ჩათვლით, ამჟამად უკვე რეალურად ახორციელებენ თავიანთი საზღვრების კონტროლს და ეს ხდება 1985 წელს აღებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ.

რის გაკეთებას აპირებს დიდი ბრიტანეთი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც შენგენის შეთანხმების მონაწილე არ ვართ და არც ევროკავშირის წევრი, ჩვენი საზღვრები სასაცილოდ მყიფეა. ბოლო დღეებში ლა მანშის სრუტით ბევრი მიგრანტი შემოდის. მართალია, 2026 წელი კატასტროფული არ არის წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მაინც ცუდად გამოიყურება პატარა ნავებით შემოსული მიგრანტების რაოდენობით, 2018 წელს დაწყებული მიგრაციული კრიზისის ფონზე.

მართლზომიერი იქნება დავსვათ კითხვა: შეძლებს ვინმე იმ დაახლოებით 5 ათასი მიგრანტიდან, რომლებიც სეუტაში დარჩნენ, კონტინენტურ ევროპამდე მიღწევას და შემდეგ ლა მანშის სრუტის გადალახვას? ლეგალური მიგრაციის დონე უცვლელად მაღალი რჩება, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს სახელმწიფო სამსახურებზე და ხელს უწყობს სოციალური უთანხმოების გაჩენა-გამწვავებას.

საბედნიეროდ, ბრექსიტის შემდეგ გადაწყვეტილებებს ჩვენი საზღვრების შესახებ ჩვენვე ვიღებთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ მომენტში ლეიბორისტულ მთავრობას არ აქვს რეალური გეგმა საზღვრის დარღვევების შეწყვეტის თაობაზე. რას გეგმავს მისტერ ენდი ბერნემი ამ საკითხთან მიმართებით? მისი პრემიერ-მინისტრობის პირველი კვირეებში ყველანაირი განცხადება ბევრი კეთდებოდა, მაგრამ ერთხელაც არაფერი თქმულა ამ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო