"ხან კა-გე-ბეს აგენტს მეძახიან, ხან დასავლეთისას, ხან ისლამური სამყაროსას, მაგრამ..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: სისხლით დაწერილი გაკვეთილები და გველოდება თუ არა ახალი საფრთხე?! - კვირის პალიტრა

"ხან კა-გე-ბეს აგენტს მეძახიან, ხან დასავლეთისას, ხან ისლამური სამყაროსას, მაგრამ..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: სისხლით დაწერილი გაკვეთილები და გველოდება თუ არა ახალი საფრთხე?!

2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან 18 წელი გავიდა. ამ თემაზე უკვე იმდენია ნათქვამი და დაწერილი, თითქოს რთულია ახალი შეფასებების გაკეთება, თუმცა ფაქტია, დროსთან ერთად ბევრი რამ იცვლება `ქართული ოცნების~ ხელისუფლების პირობებში. მოგეხსენებათ, ჯერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმსჯელა და ომის დაწყებაში ქართული მხარე და პირადად მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა, რისი გამეორებაც უკვე არაერთგზის მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ომის წლისთავის წლევანდელი აღნიშვნის დროსაც... მეტიც, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბარზე ხშირად, ლამის ჩვენი ქვეყნისვე დადანაშაულება გვესმის, რასაც ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსები სიამოვნებით ციტირებენ. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- რა გითხრათ? იცით, როგორც კი პოლიტიკოსები იწყებენ საუბარს კონკრეტულ თემაზე, რომლის უკანაც მათი პოლიტიკური ინტერესი დგას და თან მოწინააღმდეგეც მოიაზრება, სამწუხაროდ, სწორედ ეს პოლიტიკური შემადგენელი ხდება მთავარი და პირველ პლანზე გადმოდის. შესაბამისად, უკიდურესობაში ვარდებიან, სიმართლე კი სადღაც შუაშია.

ეს ყოველთვის ეგრე იყო და ახლაც ასეა - არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, სამწუხაროდ. ეს კი არასწორია. მინდა ყველას გვახსოვდეს ერთი რამ - როდესაც სიცოცხლეს დავასრულებთ და იმქვეყნიურ ცხოვრებაში გადავალთ, სადაც ის ბიჭები დაგვხვდებიან, ვინც საქართველოს ერთიანობას შესწირეს თავი, მათთვის შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. უკადრებელი არ უნდა ვთქვათ და ვიკადროთ...

მეც მივიჩნევ, რომ საქართველოს ხელისუფლებებმა შეცდომები დაუშვეს როგორც 90-იან წლებში, ისე 2008 წელს. ძალიან კარგად ვიცოდით პირველ შემთხვევაშიც და მეორეშიც, რომ ხაფანგს გვიგებდნენ, მაგრამ მაინც გავყავით თავი.

პირველ შემთხვევაში გამოცდილება, რასაკვირველია, არ გვქონდა და ამან ბევრი რამ განაპირობა. მეორე შემთხვევაში გამოცდილება გვქონდა და ძალიან კარგად ვიცოდით, რაც მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, ხაფანგში მაინც გავყავით თავი. ამიტომაც მგონია, რომ მეორე შემთხვევაში ხელისუფლების დანაშაული ბევრად დიდია, ვიდრე პირველ შემთხვევაში. თუმცა მთავარი დამნაშავე ორივე შემთხვევაში და მომხდარის ძირითადი სუბიექტი, რასაკვირველია, რუსეთი იყო! დიახ, ამ ხაფანგების დამგები რუსეთი გახლდათ.

ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო თუნდაც აფხაზეთში. ყველაფერი კეთდებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, რომ ამ რეგიონში მუდმივად დაძაბულობა ყოფილიყო. ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან - უფრო ადრინდელი პერიოდიდანაც კი.

1978-1982 წლებში პირდაპირ ხდებოდა აფხაზი ერის ცნობიერების შეცვლა. მერე, 80-იან წლებში, კონკრეტულად ცეკას მდივანი სუსლოვი იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ მუდმივად შეენარჩუნებინათ დაძაბულობა ქართველებსა და აფხაზებს შორის.

ისევ 2008 წელს რომ დავუბრუნდეთ, უკვე გამოცდილება გვქონდა, ჩვენ ვიცოდით ეს ამბავი. თქვენს გაზეთში 2008 წლის 3 ივლისს გამოქვეყნდა ჩემი წერილი, რომელშიც ვწერდი, როგორ ვნახე ჩემი თვალით სამაჩაბლოს ოსურ სოფლებში საბრძოლო ინფრასტრუქტურის შექმნა - იქ უკვე რუსებს ახალი ტიპის საბრძოლო ტექნიკა ჰყავდათ შემოყვანილი. ჩამოვედი და ხელისუფლებას ვუთხარი, ასე ხდება, ომისთვის ემზადებიან, დაიწყება ნამდვილად-მეთქი. ყურადღება არავის მოუქცევია ამ ამბისთვის. კულახმეტოვმა ფული აიღო, ესე იგი, აუცილებლად ჩვენი მორჩილი იქნებაო - მართლა სჯეროდათ ამის.

აი, ასეთი გულუბრყვილო საუბრები მიდიოდა. 1-ლი აგვისტოდან უკვე მასშტაბური პროვოცირება დაიწყო რუსეთმა. ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ ახლაც - საქართველოს ომი არ დაუწყია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო უარესი უბედურება ჩაიდინა - იცოდა, რომ ომი დაიწყებოდა, რუსეთი ამისთვის ემზადებოდა და მაინც დაუფიქრებლად გაყო მის ხაფანგში თავი, მიუხედავად იმისა, თავშივე ცხადი იყო, რომ კატასტროფით დამთავრდებოდა ეს ამბავი.

- თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რაც მერე მოხდა; უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და ომს, რომელიც ახლაც გრძელდება; იმ განცხადებებს, რაც მედვედევისგან თუ პუტინისგან მოგვისმენია, რომ საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდნენ, რომ პროცესები უკვე 2006 წლიდან იყო ფორსირებული და ამ ყველაფერს ერთ კონტექსტში განვიხილავთ, მაინც შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა?

- ძალიან რთული სათქმელია. ვფიქრობ, ამ თემაზე აზრის გამოთქმა ჩემგან უფრო მკითხაობას დაემსგავსება. პრინციპში, ამ პროცესებში მხოლოდ რუსეთის ფაქტორიც არ იყო. საერთოდ, ეს დიდი გეოპოლიტიკის საკითხია. მოგეხსენებათ, კოსოვოს მოვლენებმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა და რუსეთსაც ხელ-ფეხი გაუხსნა.

მე ამაზეც საჯაროდ ვლაპარაკობდი თავის დროზე, თუმცა მახსოვს, გამოვიდა მაშინ `ნაციონალური მოძრაობის~ ერთ-ერთი ლიდერი და ამტკიცებდა, ეგ არაფერ შუაშიაო. არადა, ცხადზე ცხადი იყო, რომ კოსოვოს მოვლენები აუცილებლად მისცემდა რუსეთს საშუალებას ხელ-ფეხი გაეშალა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მგონია, რომ შეგვეძლო გადაგვედგა გარკვეული ნაბიჯები, რომ ეს ვითარება, ასე ვთქვათ, შეგვერბილებინა. ყოველ შემთხვევაში, არგუმენტი არ მიგვეცა რუსული მხარისთვის. მაგალითად, შეგვეძლო ისე მაინც მოვქცეულიყავით, რომ არ ყოფილიყო ტალიავინის დასკვნა ისეთი, როგორიც ის საბოლოო ჯამში დაიწერა. საქმე ისაა, სამწუხაროდ, დასავლეთიც ძალიან ხშირად კონიუნქტურის მიხედვით მოქმედებდა და მოქმედებს დღესაც.

რასაკვირველია, კრემლმა დაიწყო ეს ომი, მაგრამ მე, მაგალითად, მგონია, რომ დასავლეთშიც იყო ძალები, რომლებიც ახდენდნენ მის პროვოცირებას.

მოკლედ, რეზიუმედ ვიტყვი, რომ დღევანდელი გადასახედიდანაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მომხდარი ბევრის ინტერესში შედიოდა, ბევრი თვალს ხუჭავდა შეგნებულად ამ ყველაფერზე და ბევრმა გრძელვადიანი პერსპექტივა ვერ გათვალა. მაგრამ ეს არ ცვლის, რომ რუსეთი აგრესორი იყო და ცალსახად დღემდე რჩება!

- საქართველოს დიდ ნაწილს რუსული ოკუპაცია, რა თქმა უნდა, არ მოსწონს, მაგრამ, როდესაც დღეს მმართველი გუნდი ლაპარაკობს რუსოფობიაზე, რამდენად სწორია ეს? კარგა ხანია თბილისის ტურისტულ უბნებში არ ვყოფილვარ. წინა კვირას უცხოელი სტუმრები მყავდა და მათ დავყვებოდი და ჩვენს დედაქალაქში მხოლოდ რუსული ლაპარაკი ისმის... მხოლოდ ამის გათვალისწინებითაც კი, რა რუსოფობიაზეა ლაპარაკი? არადა, მოგეხსენებათ, სწორედ ამას მიუძღვნა წერილი პრემიერმა კობახიძემ, რომელშიც, მისი მტკიცებით, რუსოფობიის გაღვივება ევროპასა და საქართველოზე მკაცრი ზეწოლისთვის თურმე ე.წ. გლობალური ომის პარტიას სჭირდება...

- პასუხის დასაწყისშივე გეტყვით, რომ არ ვთვლი, რომ ეს მთავრობა პრორუსულია, ის არც პროდასავლურია. ეს არის კონიუნქტურული მთავრობა, რომელიც ცდილობს სიტუაციას მოერგოს. ამას აქვს პლუსები, მაგრამ აქვს დიდი მინუსებიც.

ჩემი შეფასებით, კობახიძის წერილი არის სწორედ ამ განწყობის გამოხატულება. და რომც იყოს რუსოფობია საქართველოში, სულ არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რაც ამ ქვეყანამ წლების თუ საუკუნეების განმავლობაში დაგვმართა. რატომ გვიკვირს, რომ რიგითი ქართველი ვერ ხედავდეს განსხვავებას რიგით რუსსა და კრემლს შორის? ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ნახეთ, რა ხდება ერევანში. სომხეთი გუშინ ყველაზე პრორუსული ქვეყანა იყო, დღეს საოცარი ანტაგონიზმია რუსებსა და სომხებს შორის.

- თუმცა, მოდი, ვთქვათ, რომ რუსებმა ეს დაიმსახურეს სომხეთშიც და საქართველოშიც...

- რასაკვირველია, ეს ობიექტური რეალობაა. დღეს საქართველოში ჩამოდიან რუსები, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე 2008 წლის ამბავი არც გაუგიათ, არც იციან და არც აინტერესებთ.

სწორედ ამაშია მაგათი პრობლემა და არა ჩვენი - თუ შენს ქვეყანაში არა ხარ ორიენტირებული სწორად, არ იცი, როგორ იქცევა შენი მთავრობა, აღარ უნდა გაგიკვირდეს, რომ მიიღებ სხვა ქვეყანაში ისეთ რეაგირებას, როგორც შენი ქვეყნის მთავრობა იქცევა.

დიახ, რუსების მიმართ არსებობს ანტაგონიზმი, რაც სავსებით გასაგებია.

რუსეთი დღესაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი გამოწვევა თავისი პოლიტიკით. ქვეყანა, რომელსაც აქვს იმპერიული ამბიციები, თუმცა კი რესურსი აღარ აქვს იმპერიული, მაგრამ მაინც თავისას მიერეკება. ამიტომ გვჭირდება სიფრთხილე და მოქნილი პოლიტიკა. არა ისე მოქცევა, რომ მათ იმპერიულ ამბიციებს დავემორჩილოთ, არამედ უნდა ვიმოქმედოთ მოქნილად, საკუთარი ინტერესების დაუზიანებლად.

ამ ყველაფერს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ. ამდენი წელი ამ საქმეში ვარ. ხან კა-გე-ბეს აგენტს მეძახიან, ხან დასავლეთისას, ხან ისლამური სამყაროსას. არა უშავს, მთავარი ჩემთვის ეგ არ არის, ამას ავიტან, მაგრამ მე მინდა საღი შეფასების უნარი გაუჩნდეს ხალხს. დროა ჩამოყალიბდეს ანგარიშგასაწევი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც აღარ დაიწყებს დავას.

წაიკითხე ვრცლად