ნაძვებს ”ოცნებამაც” ვერ უშველა?! - კვირის პალიტრა

ნაძვებს ”ოცნებამაც” ვერ უშველა?!

ახალი წლის მოახლოებისთანავე დედაქალაქის ქუჩები კვლავ აივსო გასაყიდად გამოტანილი ბუნებრივი ნაძვის ხეებით. ისინი წელსაც ტრადიციულად, მეტროების შესასვლელებთან, ბაზრებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში იყიდება და ასევე ტრადიციულსავე ემოციებს აღძრავს, - ბავშვებს ახარებს, უფროსებს კი, რომლებმაც ვიცით, რომ ვისაც საკუთარი ქვეყანა უყვარს, მას ბარბაროსივით არ უნდა ანადგურებდეს, ტრადიციულსავე კითხვას გვიჩენს, - რატომ ხდება რომ როცა წიწვოვანის მოჭრა კანონით აკრძალულია, ყოველი ახალი წლის წინ თბილისი ტონობით ნაძვი ივსება?

რადგან ეს კითხვა ამ მოახლოებულ ახალ წელიწადსაც კვლავ დავუსვი საკუთარ თავს, დედაქალაქში ნაძვის ხეებით ვაჭრობის ცნობილი ობიექტს - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას მივაკითხე. იქ კი პირველივე მოვაჭრე გადამიდგა წინ და ნაძვისხეების ნაირფერი ასორტიმენტიც შემომთვაზა, ფასით, - 30 ლარიდან 300 ლარამდე! პირველად კი რატომღაც 300-ლარიან ნაძვისხესთან მიმიყვანა უყურეთ, რა ლამაზია და მდიდრულია წაიღეთ და მთელ წელიწადს სიმდიდრე დაგეკვებებათო! აბა, მე რომელი მყიდველი ვიყავი, მაგრამ სინანულით კი დავაცქერდი მართლაც ულამაზეს, აშოლტილ სოჭს, რომელიც ძირშივე იყო გადაჭრილი. დანარჩენებიც, 2-3 მეტრი სოჭები გამყიდველს, იქვე დაუდევრად ჰქონდა მიყრილი.

არა მგონია მგლის თავზე სახარების კითხვა ჭრიდეს, ამიტომ იგი ნამდვილად არ დამიმიმოძღვრავს, ეს რა გიქნია-მეთქი! მხოლოდ ის ვკითხე, ასეთი მშვენიერება რომელ ტყეში მოჭერი-მეთქი. მანაც ამაყად მიპასუხა, - სვანეთშიო! მერე დავაყოლე - ამხელა ხე მხოლოდ ახალი წლის ორი კვირა სიამოვნეისთვის როგორ გაიმეტე, წიწვოვნი ისედაც ნელა იზრდება, იმხელა რომ გამხდარიყო, რამხელაც შენ მოჭერი, მრავალი წელიწადი დასჭირდებოდა-მეთქი. მან კი თავი გამიქნია, - ახალი წელი წელიწადში ერთხელ მოდის და დიდი ამბავი ამ დღისთვის ერთი ხე თუ მოვვჭერი, ტყეში მაგის მეტი რაოო! მოკლედ, სალაპარაკო აღარაფერი იყო. იმითღა დავინტერსდი, - რაჭიდან თბილისში ამხელა ხეები როგორღა ჩამოტანე, ნუთუ არავინ გაგაჩერა-მეთქი! პასუხად ჯიბიდან ბეჭდიანი ფურცელი ამოიღო, - აი, საბუთი, ვინ გამაჩერებდაო! რაღა უნდა მეთქვა, - საქონლის ტრანსპორტირების ნებართვა ნამდვილად ჰქონდა და მე ხომ არ დავიჭერდი!

რაჭის გარდა, სპორტის სასახლესთან სვანეთიდან, ბორჯომის ხეობიდან და აჭარიდან ჩამოტანილი წიწვოვანიც ბლომად შემხვდა(როგორც ყველგან). ნებართვა აჭარიდან ჩამოტანილი ნაძვის ხეების პატრონსაც აღმოაჩნდა, - ნაძვები ხულოში მოვჭერი, შესის ჭრის ნებართვა მქონდ საკრებულოდან აღებული, ათასი ლარი გადავიხადეო და ნაძვიც შეშას მივაყოლეო. მისდა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას მთელ-მთელი, ძირში მოჭრილი ხეების ნაცვლად ე. წ. აწყობილი ნაძვისხეები ჰქონდა გასაყიდად, რომელიც, როგორც ამიხსნა, შემდეგნაირად კეთდება, - იღებენ მწვანედ შეღებილ ხის ტარს, ხვრეტენ და დახვრეტილ ადგილებში პატარ-პატარა ნაძვის ტოტებს არჭობენ. შესაბამისად, მათი ფასიც შედარებით იაფი აქვს, - 30-დან 50 ლარამდე ღირს და გაყიდვითაც ბევრად მეტი იყიდება, ვიდრე ძვირიფასიანი საახალწლო ნაძვისხეები. თუმცაღა, ისიც შევნიშნე რომ ჩემი იქ ყოფნის დროს მყიდველი არც 200-300-ლარიან ნაძისხეებს დაჰკლებია.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ მეტყეევეები და ბიოლოგები, რომელთა დაჟინებული მოთხოვნითაც აიკრძალა წიწვოვანის ჭრა. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მანანა ჭყოიძე საახალწლო ნაძვისხეების ჭრით დაზიანებულ ტყეზე საუბრობს:

”ეს ხალხი თუ ამბობს, ვინც საახალწლო ნაძვისხეების მოჭრით ტყეს არაფერი უშავდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა. არა მხოლოდ მთელი ნაძვის ხის მოჭრაა დანაშაული, თუ რასაკვირველია, ხე დაავადებული ან გამხმარი არ არის, არამედ მისი ერთი ტოტის მოჭრა მექანიკურად აზიანებს ხეს, რაც უსათუოდ იწვევს ხის ფიზიოლოგირ დაზიანებას. ამ უკანასკნელს კი ადვილად ერევა ტყის ნებისმიერი პარაზიტი თუ დაავადება. ჩვენი ტყეები კი უკვე წლებია ამ მიზეზით თუ იმ მიზეზით უმოწყალოდ ნადგურდება. ყველაფერი ერთად გროვდება და უკვე ის შემზარავი სურათი გვაქვს, რაც გვაქვს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს გია ცაგარეიშვილს:

”რასაკვირველია, უკანონობაა რაც ნაძვის ხეების ჭრასთან დაკავშირებით ხდება. ყოველ წელიწადს ტონობით წიწვოვანის გამოტანამ როგორ შეიძლება ტყეს არ ავნოს! მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება დედაქალაქის მერიის პრეროგატივაა, რომელსაც სამწუხაროდ, ამისთვის წლების მანძილზე არაფერი გაუკეთებია. არც კი ვიცი, გააჩნია თუ რა მერიას რაიმე სამსახური, რომელიც ამ პრობლემას მოაწესრიგებდა, მაგრამ ცხადია, მათ ეს თემა არ აღელვებთ. რაც შეეხება გარემოს დაცვის კომიტეტს, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ ხერხდება და ვერ მოვახერხეთ რაიმე ტიპის კორდინირება მერიის სამსახურებთან. დარწმუნებული ვარ, როცა ეს საკითხი მოგვარდება, მაშინ ნაძვის ხეებსაც ეშველება.”

(სპეციალურად საიტისთვის)