რას შეიძლება ველოდოთ რუსეთ-საქართველოს შორის დაწყებული ახალი დიალოგისგან? - კვირის პალიტრა

რას შეიძლება ველოდოთ რუსეთ-საქართველოს შორის დაწყებული ახალი დიალოგისგან?

"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ისევ ჩიხში შევიდა", - ამბობს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე. მართალია, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება სუფთა ფურცლიდან დაიწყო და კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ იმედის მომცემი განცხადებებიც გააკეთა, მაგრამ ექპერტების ერთი ნაწილი რუსი და ქართველი დიპლომატების შეხვედრაში საიმედოს ვერაფერს ხედავენ და ირწმუნებიან, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები კიდევ დიდხანს დარჩება მოუგვარებელი. თუ რა არის ექსპერტთა ერთი ნაწილის უიმედობის მიზეზი და რატომ მიიჩნევენ ისინი, რომ სიტუაცია ჩიხშია შესული, ამის შესახებ სოსო ცინცაძეს ვესაუბრეთ.

- საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და შვეიცარიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის

შეხვედრის შემდეგ რუსეთ-საქართველოს პირველმა პირებმა ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი განცხადებები გააკეთეს. პუტინმა ივანიშვილთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა და ისიც აღნიშნა, რომ პოზიტიური შედეგის მოლოდინშია. თუმცა ამბობს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის საკითხი არ გადაიხედება. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?

- სწორედ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ჩიხშია შესული. დღეს არსებული რთული სიტუაციიდან ორივე მხარისათვის მისაღები შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ან ერთმა მხარემ უნდა დათმოს თავისი პრინციპული გადაწყვეტილება ან მეორემ. პრინციპულ გადაწყვეტილებას კი, როგორც წესი, მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესში არ თმობენ. ასეთი რამ ომის შედეგად ხდება, მაშინ, როდესაც დამარცხებული მხარე იძულებულია, კაპიტულაცია გამოაცხადოს.

- თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩიხშია, მაშინ რაზე მეტყველებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ანდრეი დენისოვის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ღვინის რუსულ ბაზარზე დაშვება პოლიტიკურად გადაწყვეტილია?

- კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა საერთოდ რომ არ შემდგარიყო, ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ისედაც შევიდოდა. პუტინმა ცალსახად განაცხადა, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ყოფნა გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს და ის მზად არის, ამ ვალდებულებების პირნათლად შესასრულებლად. ჩვენში რამდენიმე ნეტარმორწმუნეს ჰგონია, რომ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შეშვება ონიშენკოსა თუ პუტინის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია სხვაგვარადაა. კრემლში მშვენივრად იციან, თუ ბაზარს დაგვიკეტავენ, საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე მოუწევთ იმის მტკიცება, რომ ქართული პროდუქცია უხარისხოა. ერთი სიტყვით, რუსეთში ქართული ღვინო და ბორჯომი ისედაც შევიდოდა, ამ ქვეყნებს შორის თვითმფრინავები ისედაც დაფრინავენ, რუსი მომღერლები, ტურისტები და ჟურნალისტები აქამდეც უპრობლემოდ ჩამოდიოდნენ. შესაძლოა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ისიც არ იცის, რომ რუსი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანაში უკვე კარგა ხანია თავს შესანიშნავად გრძნობენ, უფრო მეტიც, წყლისა და დენის ტარიფებსაც კი გვიკონტროლებენ. ე.ი. ჩვენ შორის სავაჭრო ურთიერთობები ისედაც არსებობდა. მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირებაა. სხვაგვარად სტაბილური გარემო ვერ შეიქმნება. მე პუტინის განცხადებებშიც ვერ ვხედავ რაიმე სანუგეშოს, მერე რა, რომ ქართულ ღვინოზე თქვა გემრიელიაო? ბევრს არც ის ნიშნავს, რომ ივანიშვილთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. მან გასაგებად თქვა, - პრობლემა არ არის, შევხვდები და დაველაპრაკები, მაგრამ რა აზრი აქვს, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შედეგს უნდა მივაღწიოთო.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხი უნდა გადაიხედოს. სააკაშვილის თქმით, ეს რკინიგზა არის სტრატეგიული ობიექტი, რომელიც საშუალებას იძლევა, საქართველო რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირდეს ევროპას. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ რკინიგზა რუსეთთან ვაჭრობის ერთ-ერთი საგანი იყოს?

- არა მგონია. სააკაშვილის განცხადებაზე მეტად ჩემთვის აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის, მამედოვის განცხადება იყო. მან თქვა, რომ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭება. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვამ უკვე ნახევარ მილიარდს მიაღწია და რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდებაო. ამის შემდეგ განაცხადა ივანიშვილმა, რომ რკინიგზასთან დაკავშირებით რაღაც კითხვებია და ეს საკითხი უნდა გადაიხედოსო. პრემიერი, ჩემი აზრით, იმას გულისხმობდა, რომ შესაძლოა, ამ რკინიგზამ ფოთსა და ბათუმსაც წაართვას მნიშვნელოვანი ფუნქცია.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)