იბერია ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს - 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია!
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „ლარნე“ 2:1 დაამარცხა და ორრაუნდიანი დაპირისპირება 2:1 მოუგო.
მოსალოდნელი იყო, რომ იბერიელები სახლში თავიდანვე დაეუფლებოდნენ უპირატესობას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ნახევარდაცვა ბურთს ვერ იჭერდა და შეტევებს ვერ წარმართავდა. პირველი მომენტი 26-წუთზე შექმნეს, როდესაც ბედოშვილის გადაცემული ბურთი ნაჭყებიამ ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ფერგიუსონმა მოიგერია. აქედან მოყოლებული მასპინძლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს, თუმცა მათი იერიშები უმეტესად უხიფათო იყო და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ დემჩენკოს შეგირდებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს, ჯილჯოლავას დარტყმული ბურთი ჯერ მცველმა დაბლოკა, მერე მეკარემ მოიგერია, 74-ე წუთზე კი ბედოშვილმა ფერგიუსონის კარი დალაშქრა. სამწუხაროდ, სტუმრებმა პირველივე შანსი გამოიყენეს, სიმპსონმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1 და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.
102-ე წუთზე დადიანის პასით სიხარულაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ვრცლად