კალაძის ფენომენი ანუ ჯერ ბურთი, მერე ჰალსტუხი - კვირის პალიტრა

კალაძის ფენომენი ანუ ჯერ ბურთი, მერე ჰალსტუხი

გაზეთ "ლელოში" დაიბეჭდა სტატია სათაურით "მესი რომ ქართველი იყოს". პუბლიკაცია ანეკდოტით მთავრდება: "კარიერის დასასრულს კრიშტიანო რონალდოს ამერიკული "ლოს-ანჯელესი" 12 მილიონ დოლარს შესთავაზებს, მარიო ბალოტელი ყატარის "ალ აჰლის" 10 მილიონზე მოურიგდება. მესის (ქართველი რომ იყოს) კი თბილისიდან დაურეკავდნენ და ლეო მორიდებულად უპასუხებდა: "ეკონომიკის მინისტრობაზე ნამდვილად ვერ დაგთანხმდებით, მეღვინეობა და სპორტი უკეთ მესმის. იქნებ უფრო შესაფერისი..."

მსგავს იუმორს რუსულ და უკრაინულ საიტებზე ხშირად წააწყდებით, რადგან რაც მეტად ცნობილია სპორტსმენი, მით უფრო ინტერესდება პოლიტიკით კარიერის დასრულების შემდეგ. რატომ? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებოდეთ, ზემოთქმულის სიმართლეში დავრწმუნდეთ. ავიღოთ თუნდაც საქართველოს მაგალითი. 2004 წელს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელით პირველად მოვიპოვეთ ოლიმპიური ოქრო. ათენის ოლიმპიადის ორივე გამარჯვებული, ზურაბ ზვიადაური და გიორგი ასანიძე პოლიტიკაში ჩაებნენ. ასევე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ ჯერ კიდევ "მილანში" თამაშისას თქვა, - ბუცებს ლურსმანზე რომ დავკიდებ, შესაძლოა, პრეზიდენტობაზეც ვიფიქროო. ამ მიმართულებით გაცილებით აქტიურობს ასევე ყოფილი მილანელი ჯორჯ ვეა, რომელმაც მშობლიურ ლიბერიაში 2005 წელს შექმნა პარტია "დემოკრატიული რეფორმების კონგრესი" და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 28.3 პროცენტი მიიღო. ეს "ძირითად დროში" გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ხოლო მეორე ტურში ვეამ ელენ ჯონსონ-სელიფთან წააგო. თუმცა, ჯორჯი მომავალ არჩევნებში კვლავ აპირებს კანდიდატურის წამოყენებას.

ძნელი სათქმელია, "მილანის" მფლობელი სილვიო ბერლუსკონის გავლენით, თუ სხვა მიზეზით, პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული კიდევ ერთი ექს-მილანელი - ანდრეი შევჩენკო. იგი "თავდამსხმელთა" პარტიას შეუერთდა: "უკრაინა - წინ!" საქართველოში პოლიტიკური მიზეზებით იმყოფებოდა უკრაინელი მოკრივე ვიტალი კლიჩკო, რომელმაც დააარსა პარტია "დარტყმა" (კარგია, "მარჯვენა ჰუკი" რომ არ უწოდა). ლეგენდარული ჭოკით მხტომელი სერგეი ბუბკა და ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი უკრაინულ რადაში არიან...

გაცილებით მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი სპორტი რუსეთის დუმაში: სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე ნიკოლაი ვალუევი(სურათზე), ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, ჩოგბურთელი მარატ საფინი, მოციგურავეები, მოთხილამურეები... ცნობილი მოკრივე მენი პაქუიაო ფილიპინების პარლამენტის წევრია, ხოლო ინდოეთსა და პაკისტანში კრიკეტში თუ ვინმეს რამისთვის მიუღწევია, მთავრობისკენ მიიწევს.

ერთმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა შეისწავლა რა სპორტსმენებისა და პოლიტიკის კავშირი, დაასკვნა: "პოსტსაბჭოთა სივრცეში და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ინსტიტუტები მოუმწიფებელია, ამომრჩევლები უფრო ცნობილ სახეებს ანდობენ ქვეყნის ბედს და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საარჩევნო პროგრამას თუ პოლიტიკურ გამოცდილებას".

არის ამაში სიმართლის მარცვალი, თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს, სპორტსმენები მხოლოდ პოსტსაბჭოეთში, აფრიკასა და აზიაში ინტერესდებიან პოლიტიკით. მაგალითად, იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ჯანი რივერა 1987 წლიდან პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული და საპასუხისმგებლო პოსტებსაც შეჭიდებია. აშშ-ში კალათბურთის თუ ამერიკული ფეხბურთის არაერთი გამოჩენილი ფიგურა ჩართულა პოლიტიკაში. თუმცა, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მაინც არის სხვაობა: იქით აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ცხოვრება აწყობილი აქვთ და არასოდეს გაუჩნდებათ კითხვა - ფული რომ გამომელევა, მერე რა ვქნა? ამიტომ, პოლიტიკით ცოტა თუ ინტერესდება.

"აქეთ" სხვა სიტუაციაა. სპორტსმენი კარიერის დასრულების შემდეგ "თავს ქუდში ვერ დაიგულებს", რადგან ჯერ ერთი - იმდენს ვერ დააგროვებს, რომ დარჩენილი ცხოვრება უზრუნველად გაატაროს და მეორე: ნაშოვნი ფულის დაბანდება რომ მოისურვოს, სჭირდება გარანტია, რომ ხვალ-ზეგ მის ნაშრომს საფრთხე არ შეექმნება. ამისთვის კარგია სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო კავშირი...

არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება პოლიტიკოსობა გადაგაწყვეტინოს: "საქართველოში ხალხი ცუდად ცხოვრობდა, რასაც მშვიდად ვერ ვუყურებდიო"", - აცხადებს კახა კალაძე, რომელსაც მილანში საქმე აწყობილი ჰქონდა და იმ გამონაკლისთაგანი იყო, ვისაც შეეძლო, თუნდაც მილანში მშვიდად ეფუსფუსა. მის დარად ანდრეი შევჩენკომაც კარიერა ოპოზიციით დაიწყო. მათ იტალიაში დიდხანს იცხოვრეს და იციან დალაგებული ქვეყნის ფასი. შესაძლოა, ამიტომაც გადაწყვიტეს სამშობლოში პოლიტიკაში ჩართვა. თუმცა, ერთი "მაგრამ" მაინც ჩნდება - მათ ეს საფეხბურთო კარიერის დასრულებისთანავე გადაწყვიტეს...

ზოგი შესაძლოა სკეპტიკურად იყოს განწყობილი, მაგრამ ვისაც სპორტთან შეხება აქვს, დაგვეთანხმება, რომ ვარსკვლავი ვერავინ გახდება, თუ სათანადოდ არ აზროვნებს. ასეთ ადამიანს კი კარგად მოეხსენება, რომ უშრომლად არაფერი მოდის და პოლიტიკაშიც განათლებაა საჭირო.

აი, რა უპასუხა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მიკოლა აზაროვმა, როცა სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ჰკითხეს: "სპორტსმენებიც ხალხია. თუ პოლიტიკაში მომღერლები და ჟურნალისტები მიდიან, რატომ უნდა გაგვიკვირდეს სპორტსმენების გამოჩენა? მათ დიდ პატივს ვცემ, რადგან ვაჟკაცურობის განსახიერებები არიან, დიდ დაძაბულობას უძლებენ. გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა, რაც ესოდენ აუცილებელია პოლიტიკაში. თუმცა, სამთავრობო პოლიტიკოსისთვის აუცილებელია ეკონომიკის, მრეწველობის და კიდევ უამრავი სფეროს ღრმა ცოდნა. ამას სწავლა სჭირდება, რასაც პოლიტიკაში ჩართულმა თითოეულმა სპორტსმენმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს".

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)