რას მოასწავებს საქართველოში გახშირებული მიწისძვრები? - კვირის პალიტრა

რას მოასწავებს საქართველოში გახშირებული მიწისძვრები?

საქართველოში წუხელ კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 5,5 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შავ ზღვაში, სანაპირო ზოლთან დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ეპიცენტრთან ახლოს მცხოვრებლები მატერიალურ ზარალზე საუბრობენ. 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 23 დეკემბერსაც მოხდა, რასაც აჭარაში, იმერეთსა და ანკალიაში შენობების დაზიანება მოჰყვა. მატერიალურად დაზარალდნენ ფოთის მცხოვრებლებიც...

”ისე შეგვაზანზარა, ბარიდან სასმელები გადმოცვივდა და დაიმსხვრა. 500 ლარზე მეტი ოდენობით ზარალი დავითვალეთ. რყევა კიდევ რამდენიმე წამს რომ გაგრძელებულიყო, ასე ადვილად ვერ გადავრჩებოდით... მსგავსი ზარალი ნახეს სხვა სასტუმროს მეპატრონეებმაც, მაგრამ ზარალს ვინ ჩივის, ისეთ პანიკაში ვიყავით, მთელი ღამე ჩაცმულები ვისხედით” - ამბობს ჩვენთან საუბარში ანაკლიის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი ქალბატონი ლია, რომელიც მიწისძვრის დღეს, ერთ-ერთ ახალშენებულ სასტუმროში იმყოფებოდა. შენობის გარეთ მყოფებს რყევა არ უგრძვნიათ, მაგრამ ზღვიდან ამოსულმა საშინელმა ხმაურმა ძალიან შეაშინა...

ხატია ცანავა, ზუგდიდის მკვიდრი:

- ისე ძლიერი რყევა იყო, მაგიდიდან ღამის სანათური გადმოაგდო. 4 თვის ჩვილი მყავს, დავავლე ხელი, თბილად მოვაფარე და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად გარეთ გავვარდი. რამდენიმე ხანს ვიყავით, მაგრამ ყინავდა და შემეშინდა, ბავშვი არ გამიცივდეს-მეთქი. შემოვბრუნდით თუ არა, ისე გაიმეორა. იმაზე ძლიერი ბიძგი ვიგრძენით, ვიდრე 23 დეკემბერს.…ეს საშინელება იყო...

არავინ დაობს, რომ სტიქიური უბედურების ზუსტი პროგნოზი თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მსოფლიო მეცნიერების დასკვნები მიწისძვრების გახშირებაზე მიანიშნებს, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. განვითარებული ქვეყნების ხელმძღვანელობის მუშაობა შედეგის პრევენციისკენ არის მიმართული, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც სეისმომედეგობის მიხედვით, ყველაზე მეტი სიმყარით სულ რამდენიმე შენობა გამოირჩევა.

მათ შორის არის გასული საუკუნების 70-იან წლებში აშენებული მთავრობის კანცელარია, რომელიც მშენებლობის პროცესში განსაკუთრებულ კონტროლზე იყო აყვანილი და მშენებლებიც სხვა კრიტერიუმებით შეარჩიეს. სპეციალისტების თქმით, მისი სეისმომდგრადობა 9 ბალზეა გათვლილი.

სამშენებლო ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძის თქმით, ამ სფეროში არსებული პრობლემები იმდენად მწვავეა, რომ საფრთხე ყოველდღიურად მატულობს. მათი უგულებელყოფა კი, თვითმკვლელობის ტოლფასია.

- სეისმური თვალსაზრისით, ყველაზე საშიში ზონებია მთიანი რეგიონები, სადაც ადრე 8-ბალიანები იყო და ახლა 9 ბალამდე ავიდა. საფრთხე გაიზარდა თბილისშიც, სადაც ადრე 7-ბალიანები იყო, ახლა კი 8-მდე ავიდა. ზოგადად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო მიწისძვრების თვალსაზრისით ძალზე აქტიურ და საშიშ ზონაში შევიდა. 2010 წლიდან ქვეყანაში საპროექტო ბალიანობა ერთი მაჩვენებლით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 ბალზე დაპროექტებული შენობა-ნაგებობები უნდა გადაპროექტებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ჩანასახშივე ჩაკვდა. არადა, ქვეყანა, რომელიც სეისმურად საშიში ზონაშია, იქ დაგეგმილმა ყველა პროექტმა სეისმური უსაფრთხოების თვალსაზრისით სპეციალური ექსპერტიზა უნდა გაიროს, მაგრამ საქართველოში ექპერტიზის სამსახურიც კი გაუქმდა და ბოლო წლებში შენობები ყოველგვარი შემოწმების გარეშე შენდება.

- ეს ეხება, როგორც ქართულ ისე უცხოურ სამშენებლო კომპანიებს?

- დიახ, ვინაიდან ქვეყანაში არ ფუნქციონირებს მშენებლობის სამინისტრო რომელიც ამ საკითხებს არეგულირებდა, სეისმოუსაფრთხოებას კი არა მშენებლობის ხარისხსაც კი არავინ ამოწმებს. როდესაც ასეთი არეული ე.წ. საკანონმდებლო ბაზაა (რომელსაც ფორმალურად ჰქვია ეს სახელი), მშენებლობას ყველა ისე აწარმოებს, როგორც მისთვის იქნება მომგებიანი. კერძოდ, შემოსულ სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევენ აქ მოქმედი სამშენებლო ნომრებითა და კანონებით ისარგებლონ, რაც არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ხდება, ყველა ქვეყანაში არსებობს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს.. ახლა ვთხოვეთ ახალ ხელისუფლებას, მიხედოს ამ საქმეს, მათ მივაწოდეთ ოპტიმალური ვარიანტი, - იქნებ მშენებლობისა და ენგერგეტიკის სამინისტრო გაერთიანდეს. ამას ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფაც არ სჭირდება.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში მიწისძვრების ბიძგების სიმძლავრე მატულობს, რით არის ეს გამოწვეული?

- წლებია უკვე ვამბობთ, რომ კავკასიის ქედზე რღვევები დაიწყო, რის გამოც მიწისძვრები გახშირება და ბიძგების სიმძლავრის მომატება გარდაუვალია. ამაზე საუბრობდა, გეოფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ჭილაძეც...

მთელი მსოფლიოს მეცნიერები მუშაობენ, როგორმე მოახდინონ პრევენცია, რადგან დამანგრეველი მიწისძვრებია მოსალოდნელი და ყველა ნორმალური ქვეყნის ხელმძღვანელობა ცდილობს, ნომინალური მსხვერპლი მიიღოს, საქართველოში ამაზე არავინ ფიქრობს. არადა, თუ მშენებლობების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვლება, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ 20%-ით არის დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ 7-8-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში ქვეყანაში არსებული შენობება-ნაგებობების 20% გადარჩება. "

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)