წმინდა სპირიდონი - შემწე მატერიალური შეჭირვების ჟამს - კვირის პალიტრა

წმინდა სპირიდონი - შემწე მატერიალური შეჭირვების ჟამს

25 დეკემბერი - წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღე. ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანის ხსენების დღეა. რამდენჯერ მიგრძვნია მისი შემწეობა და მფარველობა. ჩემ გვერდითაა, მიცავს და მამხნევებს. თხოვნა დასრულებული არა მაქვს, რომ უკვე მისრულდება. ასეთია ის, მსწრაფლშემწე და მეოხი ჩვენი წინაშე ღმრთისა, წმინდა მამა, სპირიდონ ტრიმიფუნტელი.

ამასვე დაგიდასტურებთ უამრავი ქართველი თუ არაქართველი მორწმუნე, ვისაც საკუთარ ცხოვრებაში გამოუცდია მისი შეწევნა. კუნძულ კორფუზე მდებარე ქალაქის მცხოვრებნი კი არც ერთ დღეს არ დაიწყებენ ისე, რომ არ მიეახლონ წმინდა მამის უხრწნელ ნაწილებს და კურთხევა არ გამოითხოვონ მისგან. დიახ, მესამე საუკუნეში მოღვაწე წმინდა სპირიდონის სხეული არა მარტო უხრწნელია, არამედ მუდმივად ინარჩუნებს ტემპერატურეს - 36,6 გრადუსს. წელიწადში ერთხელ მის ლუსკუმას ხსნიან და... ფაჩუჩებს უცვლიან. დიახ, უცვლიან, რადგან ცვდება - ის ხომ იმდენს დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად. ასევე, წელიწადში ერთხელ მის ლუსკუმას ტაძრიდან გარეთ გამოაბრძანებენ და კუნძულს შემოატარებენ ხოლმე, ნიშნად და მოსაგონრად იმისა, რომ წმინდანმა სასწაულებრივად იხსნა კუნძული ურჯულოთა ალყისაგან. უამრავი სასწაული აღსრულებულა თუნდაც ამ შემოვლის დროს. განკურნებულ სნეულთა რიცხვის დათვლა შეუძლებელია - ინვალიდის ეტლიდანაც კი წამომდგარან ადამიანები. მაგრამ წმინდა სპირიდონი მაინც მატერიალური სიდუხჭირის ჟამს შემწედ უფროა ცნობილი მორწმუნეთათვის. სპეციალური ლოცვაც კი არსებობს, რომლითაც ასეთი განსაცდელის დროს უნდა მიმართო მას.

უბრალო მწყემსი იყო, ალალი და გულმართალი. ცოლი ადრე გარდაეცვალა. მთელი თავისი ცხოვრება შვილების აღზრდასა და ღვითისათვის სათნო ცხოვრებას შეალია. განსაკუთრებით მწირთა და უპოვართა მიღება და დაპურება უყვარდა. ასეთი ღვაწლისათვის უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა: მიცვალებულებს აღადგენდა; გვალვისას მისი ლოცვით ცა იხსნებოდა და შხაპუნა წვიმით ძღებოდა გამომხმარი მიწა; ცარიელ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას ანგელოზები ჰყავდა მგალობლად - უამრავი ადამიანი მიიზიდა ამ არამიწიერმა ტკბილხმოვანებამ ტაძარში და სწორედ მათი გადმოცემით გახდა ეს სასწაული ცნობილი. ცოდვილთ ამხელდა და მოაქცევდა; არიოზის სწავლება განაქიქა და განსწავლული ფილოსოფოსები დაამარცხა კამათში. ეს მხოლოდ უმცირესი ჩამონათვალია იმ ურიცხვი სასწაულიდან, თავის სიცოცხლეში რომ აღასრულა; რომ აღარაფერი ვთქვათ გარდაცვალების შემდგომ აღსრულებულ სასწაულებზე.

მას განსაკუთრებით მატერიალური შეჭირვების ჟამს მიმართავენ და მაშინვე იღებენ შეწევნას - წმინდა სპირიდონი მათ ზუსტად იმდენს აძლევს, რამდენიც იმ წუთშია მათთვის საჭირო - არც მეტს და არც ნაკლებს. და ასე გრძელდება უკვე 18 საუკუნეა.

ღმერთმა გაშოროთ შეჭირვება და განსაცდელი. მაგრამ ყველაფერი იოლი დასაძლევია, როდესაც იცი, რომ უფალი არ მიგატოვებს და წმინდა სპირიდონის ლოცვითა და შეწევნით მოგივლენს საშველს