"საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა... ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო" - რას ჰყვებიან გომისმთიდან მომავალ გზაზე მომხდარ ავარიაზე?
გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა უმძიმესი შედგით დასრულდა. გომისმთიდან მომავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ვინაობა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მიკროავტობუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ და ისინი კურორტზე ექსკურსიით იყვნენ ასულები. იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს უმძიმესი ტრაგედია მოხდა.
“ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენი ადამიანია დაღუპული და რამდენია დაშავებული, ავარია მოხდა გომისმთიდან მომავალ გზაზე. თითქმის ჩამოსული იყო მანქანა და რა მოხდა, არ ვიცი. შემთხვევის ადგილი ახლა გადაკეტილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ ახლოს მისვლა ვერ შევძელი. დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს, თავიდან ითქვა, რომ ორი ადამიანია გარდაცვლილიო, ვერ გეტყვით ზუსტად. გომისმთიდან თითქმის ჩამოსული იყო მანქანა, შუა გზის ქვემოთ მოხდა ეს ტრაგედია. სავარაუდოდ, მიკროავტობუსით ტურისტები მიდიოდნენ. გზები ჩახერგილია ახლა და ახლოს მისვლა ვერ შევძელი ჯერჯერობით”, - ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში თამაზ ბურჭულაძე.
კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, მიკროავტობუსით ბელორუსი ტურისტები გადაადგილდებოდნენ. დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილები.
“სამწუხარო ფაქტია, ჯერ ითქვა ორი ადამიანია გარდაცვლილიო, მერე ოთხამდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, როგორც ვიცი, უცხოელები არიან ყველანი. საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ის მართავდა, ისიც დაშავებულია და კლინიკაშია გადაყვანილი. ბჟუჟჰესთან არის ავარია მომხდარი. გომისმთიდან მოდიოდნენ, ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო. ბელორუსიის ოთხი მოქალაქე დაიღუპა. საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები დანარჩენები. რატომღაც ეს საცოდავები, როცა დაბლა ჩამოვიდნენ, იქ არის ავარია მომხდარი. როგორც ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, ხეს დაეჯახა მანქანა, მუხრუჭებიდან გამომდინარეო. ზუსტად რამ გამოიწვია არ ვიცი. გზა ძალიან კარგად არის გაკეთებული. არაჩვეულებრივი გზა გაკეთდა, მართლა საშვილთაშვილო და რამ გამოიწვია არ ვიცი. როგორც გავიგე, ბავშვებიც იყვნენ და ძალიან მძიმედ არიანო გადაყვანილი საავადმყოფოში. მეტი დაზუსტებული არაფერი ვიცი. ისეთი ამბებია, ძალიან ბევრი ტურისტი დადის, განსაკუთრებით ბელორუსები, უზბეკები ჯგუფებად დადიან. სამწუხარო ამბავია და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. სულ ცოტა 18 ადამიანი იჯდა. საშინელი ამბავი მოხდა, თან ჩამოსულები იყვნენ უკვე დაბლა, მთიდან რომ დაეშვები, იქ სამი გორაა გადმოსასვლელი, ერთია ეს მიხვეულ-მოხვეული გზები და დაბლა რომ ჩამოდიხარ, იქ არ არის საფრთხე, რამდენიმე ნაბიჯში უკვე სოფელი გომი იწყება და თითქმის დაბლა არიან ჩამოსული, სამშვიდობოს ჩამოსულებს დაემართათ ეს უბედურება. ხეს დასჯახებია, მერე ის ხე გადატყდაო. იქვე ხრამში არ ჩაცვივდნენ, ხემ შეაჩერაო”, - ამბობს ჩვენთან ადგილობრივი.
"ეს მანქანა სულაც არ იყო ძველი, ნუ წერთ ჯართიაო. პირიქით ახალი მიკროავტობუსი იყო, სპრინტერი მერსედესის მარკის. ახლახან იყიდა, ჩამოაყვანინა დიდი ხანი არცაა გასული, საათივით იყო გამართული. რა მოხდა არ ვიცი და ძალიან ვწუხვარ, საოცარი ბიჭია, საოცარი ოჯახი აქვს. ჩემი მეზობელია. თვითონაც საავადმყოფოში ჰყავთ ჯერ. ორსული ცოლი ჰყავს, ახლახან დაოჯახდა. ეს ბიჭი თბილისის ხაზზე მუშაობდა. ძალიან თანამედროვე მიკროავტობუსი იყო. რა მოხდა, არ ვიცი, ვფიქრობ უბრალოდ მანქანამ უღალატა. ძლიერი მძღოლი იყო, არანაირი ნასვამი და არანაირი ჯართი, როგორც აქ წერენ,"- წერს სოციალურ ქსელში მიკროავტობუსის მძღოლის მეზობელი და ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში მომხდარის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)