"მამამ მითხრა, რომ ტყვედ ჩავარდნის დროს წამით იფიქრა, მოვეკალი და მძიმე ხვედრი აერიდებინა ჩემთვის" - მამუკა მამულაშვილის აფხაზეთის ომი და პასუხი კით - კვირის პალიტრა

"მამამ მითხრა, რომ ტყვედ ჩავარდნისას წამით იფიქრა, მოვეკალი და მძიმე ხვედრი აერიდებინა ჩემთვის" - მამუკა მამულაშვილის აფხაზეთის ომი და პასუხი კითხვაზე: როგორ ექცეოდნენ ქართველები ტყვეებს?

„ერთი ტყვე ერთი გადარჩენილი ქართველი იყო, შესაბამისად, აფხაზეთის ომში ქართველები ტყვეებს არ ხვრეტდნენ. ეს შესანიშნავად იცის გიორგი ბარამიძემ, რადგან ის თავად მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში“, - ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ განაცხადა, რომ თითქოს აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ამას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. საკითხით პროკურატურაც დაინტერესდა და „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გამოძიება დაიწყო. ამასთან, საზოგადოებაში ბარამიძის აფხაზეთის ომში მონაწილეობისა და მისი რეალური როლის შესახებ კითხვები გაჩნდა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ბარამიძე ომის პერიოდში ტყვეთა გაცვლის პროცესში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობდა: „აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლაში მე ვიყავი წამყვანი ფიგურა. ის ჩემი მეგობარი და პარლამენტის წევრი იყო. ჩამოდიოდა თვეში ერთხელ, თავს იწონებდა, შეხვედრებსა და გაცვლებს ესწრებოდა, თავისი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა. ცუდიც არაფერი იყო ამაში, მაგრამ არც - კარგი...“

მამუკა მამულაშვილი:

- როდესაც ტყვეობაში ვიმყოფებოდი, პირადად მახსოვს, რომ გიორგი ბარამიძე ჩამოდიოდა გუდაუთის ბანაკში, სადაც ქართველი სამხედრო ტყვეები ვიყავით და გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებში მონაწილეობდა. რამდენადაც მაშინ ვიცოდი, ის ხელმძღვანელობდა კომიტეტს ან სტრუქტურას, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებზე მუშაობდა. სახელმწიფო დონეზე მის ოფიციალურ თანამდებობას ან იმდროინდელ პოლიტიკურ გარემოებებს ვერ შევაფასებ, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მისი ბანაკში ყოფნა და ტყვეების გაცვლის პროცესში მონაწილეობა ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენი ბიჭების ნაწილი, რომლებიც მაშინ ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, სწორედ გიორგი ბარამიძესთან ერთად დაბრუნდნენ საქართველოში. რაც შეეხება აფხაზეთის ომის დროს ტყვეების მიმართ მოპყრობას, აქაც მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვისაუბრო. ომის დაწყებიდან დასრულებამდე იქ ვიყავი. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ აფხაზეთში აყვანილი ტყვე დაეხვრიტათ. მამაჩემის დანაყოფსაც არა ერთხელ აუყვანია ტყვეები, მაგრამ არათუ არ დაუხვრიტავთ, უდიერადაც არ მოქცევიან, უფრო მეტიც, მახსოვს მძიმედ დაჭრილი ტყვეები, რომლებსაც ჩვენებმა პირველადი დახმარება გაუწიეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თქვენ იცით, რომ მეც ნამყოფი ვარ ტყვეობაში და, ალბათ, სწორედ ამიტომ ვუყურებ ამ საკითხს განსაკუთრებით მძაფრად. ტყვეების დახვრეტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თითოეული ტყვე იყო თითო გადარჩენილი ქართველი ადამიანის სიცოცხლის შანსი.

- თქვენ 14 წლის ასაკში აღმოჩნდით ტყვეობაში. ამ პერიოდთან დაკავშირებით რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზმა მებრძოლმა საკუთარ სახლში წაგიყვანათ, სადაც მისი მეუღლე, საკუთარ შვილთან ერთად, თქვენზე ზრუნავდა. რეალურად, როგორ გექცეოდნენ ტყვეობაში და როგორი იყო თქვენი ყოველდღიური ცხოვრება იქ?

- სინადვილეში მხოლოდ სამი დღე ვიყავი ერთ-ერთი აფხაზის ოჯახში. ვინაიდან არასრულწლოვანი ვიყავი, წითელი ჯვრისა და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნით გადამიყვანეს აფხაზურ ოჯახში. ტყვეთა ბანაკს ნამდვილად სჯობდა, თუმცა აფხაზის ოჯახშიც ცალკე ოთახში ვიყავი გამოკეტილი. ნორმალურად მექცეოდნენ, საჭმელს მაძლევდნენ, ძირითადად, ღომს. მესამე დღეს გაქცევა ვცადე. ფანჯრებზე აჭედილ ფიცრებს ლურსმნები ამოვაძრე, პირველი სართულიდან გადავხტი და მთელი ღამე გუდაუთის ქუჩებში ვიხეტიალე. ბოლოს მივხვდი, რომ გზას ვერ გავაგნებდი. ვიფიქრე, ქუჩაში არავინ მომკლას-მეთქი და ისევ უკან დავბრუნდი. რა თქმა უნდა, მიხვდნენ, რომ გაქცეული ვიყავი, რადგან ფანჯრებზე აკრული ფიცრებიდან ლურსმნები იყო ამოძრობილი. ისევ ტყვეთა ბანაკში დამაბრუნეს.

- ტყვეთა ბანაკში აფხაზები 14 წლის ბავშვზე ძალადობდნენ?

- სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ აფხაზები რუსებივით არაკაცურად იქცეოდნენ. მე ვფიქრობ, ისინი რუსული პროპაგანდის მსხვერპლნი იყვნენ. სხვათა შორის, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები რომ მოდიოდნენ, აფხაზები მათ ჩემს თავს აჩვენებდნენ. ამაყობდნენ - ნახეთ, კავკასიელებს როგორი ტრადიციები გვაქვს, ბავშვებიც კი მეომრები გვყავსო. კიდევ ერთი მაღალი, გამხდარი ოსი ბაბუა მახსოვს, ძალიან თბილად მექცეოდა. ჩემი და, ზოგადად, ტყვეების ცემაში რუსები და სომხები მონაწილეობდნენ. სომხები ქაოსურად შემოცვივდებოდნენ და გვცემდნენ, რუსები პროფესიულ დონეზე გვაწამებდნენ. მე არ მახსოვს, რომ ტყვეთა ბანაკში აფხაზებს ვეცემეთ.

- როგორც ვიცი, დასახვრეტადაც გაგიყვანეს, თუმცა გადაიფიქრეს... ამას როგორ გაუძელით?

- სინამდვილეში, ჩემს დახვრეტას არ აპირებდნენ, ეს უბრალოდ, ფსიქოლოგიური ტერორი იყო. გავუძელი იმიტომ, რომ ბავშვი ვიყავი და საფრთხეს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ზოგჯერ რომ დავფიქრდები, რას ვაკეთებდი, ახლა უფრო მეშინია, ვიდრე - ბავშვობაში. მამამ ომის შემდეგ მითხრა, რომ ტყვედ ჩავარდნის დროს წამით უფიქრია, მოვეკალი და მძიმე ხვედრი აერიდებინა ჩემთვის... ხშირად მახსენდება მამაჩემის სიტყვები, რომელიც ერთხელ ერთ რუს ოფიცერს უთხრა, - "ღმერთმა ქნას, გადარჩეს და გაიზარდოსო". სხვათა შორის, ამ სიტყვებმა არა მარტო გადამარჩინა, არამედ - ჩემი მომავალი ბედისწერაც განსაზღვრა.

- საბოლოოდ თქვენც ტყვეთა გაცვლის შედეგად დაბრუნდით შინ?

- დიახ, პრორუსი აფხაზი პოლიტიკოსის, ვინმე ჯინჯოლიას 18 წლის შვილში გადამცვალეს. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, გიორგი ბარამიძე ჩემს გათავისუფლებაში მონაწილეობდა. რა თანამდებობა ეკავა, არ ვიცი, ტყვეობაში მყოფ 14 წლის ბავშვს ეს არ მაინტერესებდა, მაგრამ მას ჩემი გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუღვის. იქ მხოლოდ ბარამიძე არ იყო, აჭარიდანაც იყვნენ, აბაშიძის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც აფხაზებთან ახლობლობდნენ. სხვათა შორის, მაშინ, ბავშვმაც კი ვიცოდი, რომ აბაშიძის ხელისუფლებაშიც ჰქონდათ სეპარატისტული განწყობები.

- თუ გაქვთ ვერსია, გიორგი ბარამიძემ რატომ განაცხადა, რომ ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ?

- არ მაქვს ვერსია, არ ვიცი, წარმოდგენაც კი არ მაქვს. ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რაც არ ვიცი, არ ვიცი...

- სხვათა შორის, რუსები თქვენც გაბრალდებდნენ ტყვეების დახვრეტას რუსეთ-უკრაინის ომში.

- დიახ, რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს წვერიანი კაცი და ამბობდნენ, რომ ის „ქართული ლეგიონის“ წევრია. თუმცა, თავად ვიდეოში არ ჩანს, რომ ის ვინმეს ესვრის ან ხვრეტს. უბრალოდ, ასახულია ადამიანთა ჯგუფი, რომელზეც იძახიან, თითქოს ტყვეები დახვრიტეს და ამას „ქართულ ლეგიონს“ უკავშირებენ. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, რომ ჩვენ ტყვეები არ აგვყავს.. ჩემი საუბრიდან სიტყვები კონტექსტიდან ამოგლიჯეს და ისე გაავრცელეს, როგორც აწყობდათ. ამაში გასაკვირი არაფერია, რუსული პროპაგანდა საქართველოსა და „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ, მათ შორის - საინფორმაციო სივრცეში, 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, მტერი ყოველთვის შეეცდება იმის ტირაჟირებას, რაც ჩვენ დაგვაზიანებს. არსებობს არა ერთი ტელეგრამ-არხი, სადაც ჩვენი დისკრედიტაცია მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენს წინააღმდეგ გადაიღეს დოკუმენტური ფილმებიც კი, სადაც ცდილობენ, დაამტკიცონ, თითქოს „მაიდანი“ ჩვენ დავიწყეთ და ჩვენვე დავასრულეთ. უფრო მეტიც, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთმა პიარმენეჯერმა ექსპრეზიდენტი ჯო ბაიდენის შესახებ გადაღებულ ფილმში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში „ქართულ ლეგიონს“ ბაიდენზე მეტი ბრალი დააკისრა. დისკრედიტაციის ეს ტალღა გრძელდება და, ალბათ, კვლავ გაგრძელდება. ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ამ საინფორმაციო ომს მომზადებული უნდა შეხვდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად სახელმწიფოს პოლიტიკაშიც ჩანს პრორუსული ტენდენციები. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ერთგვარი „ანტივირუსული სისტემა“, უნარი, გაარჩიოს, სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება რუსული დეზინფორმაცია. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, საქართველოს მოსახლეობასთან საინფორმაციო ომით ებრძოლა, ხალხი ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა და სამწუხაროდ, ეს ხშირად გამოსდიოდა კიდეც. ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს და გვქონდეს თავდაცვის მექანიზმი, ვიცოდეთ, რომ მტერი ჩვენს წინააღდეგ საინფორმაციო ომსაც აწარმოებს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)