რატომ უქმდება ციხეების მონიტორინგის ჯგუფი ვადაზე ადრე? - კვირის პალიტრა

რატომ უქმდება ციხეების მონიტორინგის ჯგუფი ვადაზე ადრე?

"კვირის პალიტრა" მონიტორინგის ჯგუფის წევრის, სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტის, ხათუნა გაგნიძის ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს:

რა მნიშვნელობა აქვს, ერთი თვით ადრე თუ ერთი თვით გვიან გააუქმებენ ამ ჯგუფს?

"ციხეებში ჟურნალისტებს მონიტორინგის უფლება სულ ცოტა ხანში გვიწყდება. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობოებმა მიიღეს და მინისტრის, სოზარ სუბარის დიდი ხნის პოზიცია გაამყარეს.

სუბარმა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ "რუსთავი2"-ის ეთერით განაცხადა, რომ ჟურნალისტებს ციხიდან ექსკლუზივების ფუფუნებას ვერ მისცემდა. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ 51-კაციანი მონიტორინგის ჯგუფი ვადის ამოწურვის შემდეგ არ იმოქმედებდა.

სუბარის წინამორბედის, გიორგი ტუღუშის გადაწყვეტილებით, ციხეებში ჟურნალისტების დაშვება 16 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე განისაზღვრა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ტუღუშის ბრძანებაში 1-ელი იანვარია მითითებული. ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ მან ვადა 31-მდე განსაზღვრა, სამინისტრო კი - ოფიციალურ დოკუმენტს იშველიებს და 1-ელ იანვარს ზღუდავს ვადას.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტებს ციხეში პატიმრების პრობლემების მოსმენა პირადად არ შეეძლებათ და ისევ არასამთავრობოებს, ან სამინისტროს რომელიმე სიტყვაძუნწ წარმომადგენელს უნდა ვათქმევინოთ "ორი სიტყვა", მაშინ როცა, 16 ოქტომბრიდან დღემდე, სწორედ მონიტორინგის ჟურნალისტი წევრების დახმარებით, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა.

ტუღუში დაგვპირდა, რომ ციხე აღარ იქნებოდა მედიისთვის ჩაკეტილი. თუმცა არასამთავრობოებმა, რომლებიც დიდი ხანია ციხეებში დადიან, გადაგვიწყვიტეს, რომ მედია ციხეში უსარგებლოა.

მე, როგორც ჟურნალისტს, მაინტერესებს თვითონ რა გააკეთეს სასარგებლო და რატომ არაფერი ვიცოდით იმ ფაქტების შესახებ, რაც ციხის სკანდალურ კადრებში გამოქვეყნდა და რაც ჩვეულებრივი მოვლენა იყო ციხისთვის.

სოზარ სუბარს რომ ჟურნალისტების ციხეში თავისუფლად პარპაში არ მოსწონს, ეს ჩემთან პირისპირ შეხვედრაზე დააფიქსირა.

მისი მინისტრობის პირველ ხანებში რამდენიმე საპყრობილეში მასობრივი პროტესტი დაიწყო. პატიმრებმა დირექტორების გადადგომის მოთხოვნით, პირები ამოიკერეს და უკეთესი პირობების მოთხოვნით, შიმშილობდნენ. ისინი სამედიცინო კუთხით უმწვავეს პრობლემებსაც აპროტესტებდნენ. პარალელურად კი, ციხის მიღმა ტუსაღების ახლობლები და ნათესავები იყვნენ შეკრებილი და სად-ის წარწერიან მიკროავტობუსებს ეღობებოდნენ - ვრცელდებოდა ხმები, სპეცრაზმია ციხეში შეყვანილი და პატიმრებს გადაყვანას უპირებენო. ასევე, პატიმრები ნაცემები არიან, სისხლისგან იცლებიან და არავინ ეხმარებათო.

ასეთ ვითარებაში, მონიტორინგის წევრების მიმართ, დიდი იმედი და ნდობა არსებობდა. ხან ჯგუფურად, ხანაც თითო-თითოდ, დაწესებულებაში შევდიოდით, პატიმრებს ვუსმენდით, მათ მდგომარეობას ვეცნობოდით, ადმინისტრაციამდე მიგვქონდა, მერე გამოვდიოდით და ახლობლებს ობიექტურ ინფორმაციას ვაწვდიდით.

ჯერ კიდევ ტუღუშის მინისტრობისას ციხეში კამერებით პირველად შეგვიშვეს. გამაოგნებელი შეძახილები და ხმაური მოჰყვა ჟურნალისტების გამოჩენას სარკმელებიდან. სულ დაგვავიწყდა, რომ გიორგი ტუღუშთან კომენტარისთვის შევედით, სარკმელებს მივაწყდით და გულამოსკვნილი პატიმრების წლების ნაგროვებ პროტესტს ვისმენდით. მახსოვს, იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ გლდანის ციხის რამდენიმე კორპუსში მყოფი პატიმრების მიერ ერთხმად ლოცვას - "მამაო ჩვენოს" ხელის კანკალით ვიღებდი კამერით.

გლდანში 10 ტუბერკულოზიანი შიმშილობდა. ისინი მოვინახულეთ ჟურნალისტებმა, სულისშემძვრელი ისტორია გვიამბო ერთ-ერთმა. ერთ ოთახში ჩაკეტილი ტუბერკულოზიანები მხოლოდ ქსნის ტუბზონაში გადაყვანას და მკურნალობას ითხოვდნენ.

"21 წლის ბიჭი ვარ, ქრონიკული ტუბერკულოზი მაქვს, ორივე ფილტვი მილპება, ჰაერს ვითხოვ, მხოლოდ გაგა მკურნალიძის სურვილი იყო გლდანში ჩემი ყოფნა. 16 წლის დამიჭირეს, მერე ციხეში მობილური ჩამიდეს, 7 წელი დამიმატეს, ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს ციხეში ვატარებ და ტუბერკულოზი, რომელიც აქ ავიკიდე, მკლავს, არც მეუბნებიან მოვრჩები თუ დავრჩები"- ყვება კამერებთან პატიმარი. ტუღუში ახალი მინისტრი იყო, ყველა პრობლემას ჯერ არ იცნობდა. ჩვენგან შეიტყო 10 ტუბერკულოზიანის პროტესტის მოტივი და უახლოეს დღეებში ისინი გლდანის ციხიდან ტუბ-ზონაში გადაიყვანეს.

სუბარის მინისტრობის პერიოდში, ქსნის #15 დაწესებულებაში დაიწყო მასობრივი შიმშილობა, პირის ამოკერვები და კიდურების ერთმანეთზე გადაკერვები - დირექტორ ნუკრი ხუხუას გათავისუფლების მოთხოვნით. რა თქმა უნდა წავედი. მართლაც საშინელი სურათი დამხვდა. ტუჩები 40-ზე მეტ პატიმარს ქონდა ამოკერილი. ორ საკანში იყვნენ გადანაწილებული და შიმშილობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ახალი დირექტორი ნუკრი ხუხუა მოსვლის დღიდან დაემუქრათ. სამედიცინო კუთხით უმძიმეს პრობლემებზე ისინიც მიყვებოდნენ. თვალებით კარცერისკენ მიმანიშნეს. ავედი და 25 წლის პატიმარი მ.ჭ. დამხვდა. ვენები ჰქონდა გადაჭრილი და შეხვეული. კარცერში სისხლი იატაკს იყო შემხმარი. მ.ჭ-ს ღრიალისგან ხმა თითქმის აღარ ჰქონდა. პროტესტის მიზეზი ვკითხე და მითხრა, რომ ციხეში ამაზრზენი ამბები ხდება.

დღე-ღამეში 400 პრეზერვატივი შემოაქვთ და ე.წ. ქათმები ამით სარგებლობენო. მართალია მძიმე დამნაშავე ვარ, მაგრამ ეს ერის განადგურებაა და ამ ყველაფერს რომ ვუყურებ უარესად ვბოროტდებიო.

გავღიზიანდი და კარცერში მოვხვდი სამართლიანად, მაგრამ გარეთ დედაჩემი კვდება ციხის კართან ნერვიულობით და ერთი წუთით დამანახეთო, ამის მერე შიმშილობას შევწყვეტო. თუ არადა თავს მოვიკლავ, ყელსაც გამოვიჭრიო. სტრესში იყო, იხსენებდა ძველად რა ხდებოდა ციხეში. ანგელოზივით ბიჭები ყავთ გაფუჭებულიო. სამართებელი ჰქონდა და ამით აპირებდა ყელის გამოჭრას. თავი ვალდებულად ვიგრძენი დირექტორისთვის მეთხოვა, დედა შეუშვით მ.ჭ-სთანთქო და ნუკრი ხუხუამ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა.

პატიმრებს ძველი ხელისუფლების პირობებში თითქმის ყველა დაწესებულებაში ერთნაირი გასაჭირი ჰქონდათ და ეს ასობით მათგანისგან მაქვს მოსმენილი. ცემა, წამება, შანტაჟი და მუქარა.

ქსანშივე, ციხის გარეთ ხმაური ატყდა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატიმარმა დ.მ-მ ყელი გამოიჭრა და კვდება. პატიმრის დედა თითქმის შოკირებული იყო. სოლიდარობის ნიშნად, სხვა პატიმრის ახლობლები მასთან ერთად ტიროდნენ. მყისიერად დავუკავშირდი დირექტორს და მან უარყო ეს ინფორმაცია, მითხრა ნიკაპი აქვს გადასერილი უმნიშვნელოდო. ექიმზე უარს ამბობს და რა ვქნათო. საღამო იყო და ეს ინფორმაცია ჩვენმა ჟურნალისტმა მომაწოდა, რომელიც ქსანში იმყოფებოდა ციხესთან. რატომღაც დირექტორის ნათქვამში ეჭვი არ შემიტანია, თუმცა მეორე დღეს შევედი დაწესებულებაში და მოვინახულე დ.მ. ყელში თვითდაზიანება მართლაც ჰქონდა, პირი კი - ამოკერილი. საკანში არ დამელაპარაკა, მომისმენენო. ეზოში გავედით და მითხრა, იმდენს მცემდნენ, უამრავი ჭრილობა მაქვს და ვითხოვ, ის ძველი ხალხი მოაშორონ ციხიდანო.

მომიყვა, თუ როგორ დაკიდეს ფეხებით, თავი წყლით სავსე ჭურჭელში ჩააყოფინეს და ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელი მის წამებას კამერით იღებდა.

სწორედ ამ პირის მოხსნას ითხოვდა პატიმარი. თუ კი მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ, მუცლის გამოჭრით იმუქრებოდა.  ავუხსენი, ახალი მოსულია სოზარი, აცადეთ სიტუაციაში გარკვევა. იგეგმება რეორგანიზაცია და ვინც შემჩნეულია არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში გაუშვებენ სამსახურიდანთქო. მისი ნდობა დავიმსახურე, მოსმენისთვის მადლობა გადამიხადა. გარეთ მშობელი და ახლობლები მელოდებოდნენ, გავედი და მედიასთან ერთად ვუამბე ნანახი. დირექტორსაც დავუკავშირდი და ვთხოვე, ექიმი გაეგზავნათ ამ პატიმართან. ცოტა ხანში ადმინისტრაციამ შემატყობინა, რომ პატიმარს ჭრილობა დაუმუშავეს. თავად ამ პატიმარმაც დამირეკა, ეს ინფორმაცია დამიდასტურა და მითხრა, დიდი მადლობა, ჩემი მონაყოლის ობიექტურად გატანისთვისო. რა გაგრძელება მოჰყვა მის მოთხოვნას, არ ვიცი, თუმცა დ.მ-მ შიმშილობა შეწყვიტა.

მონიტორინგის ჯგუფის წევრებს არანაირი წესები არ გვაქვს განსაზღვრული და ციხის ნებისმიერ წერტილში ნებისმიერ თანამშრომელთან და პატიმართან გვაქვს შესვლის უფლება თუ კი ეს მათ ნებას არ ეწინააღმდეგება.

პატიმარი საზოგადოების იზოლირებული ნაწილია და მისი წლების განმავლობაში გარესამყაროსთვის მოწყვეტა როგორც ვნახეთ ცუდ შედეგებს იწვევს. ელემენტარულად მათი გასაჭირის გამოტანით, უამრავი პრობლემა გადავჭერით. დღემდე ტელეფონზე მირეკავენ და საკუთარ პრობლემებს მაცნობენ, მათ შორის რამდენიმე უმძიმესი დაავადებით დაავადებული პატიმრები. ყველა ინფორმაციას ვაწვდი სამინისტროს და რეაგირებას ვთხოვ. მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა უნდა შენარჩუნდეს.

მონიტორინგის გჯუფში მყოფი 6 ჟურნალისტი საქმეს არ ყოფნის და უმჯობესი იქნებოდა, თუ კი ყველა მედიაორგანიზაციას თითო წარმომადგენელი ეყოლება ჯგუფში. ეს ჩემი მოსაზრება მინისტრსაც გავაცანი. მან მითხრა, საერთაშორისო პრაქტიკით გამიმყარე რეკომენდაციაო. სიმართლე გითხრათ, არ გავცნობივარ იმ ქვეყნებს, სადაც ჟურნალისტები ციხეებში შედიან, მაგრამ მინისტრი როდესაც ამას ითხოვს, ალბათ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ დასავლურ არცერთ ციხეში ისეთი დარღვევები არ ხდებოდა და ხდება, რაც ჩვენს ქვეყანაში. სწორედ სისტემის და უწყების ჩაკეტილობის შედეგია ის, რაც სექტემბერში საზოგადოებამ ნახა.

მონიტორინგის ჯგუფში არასამთავრობოების წარმომადგენლებიც არიან, თუმცა მე პირადად 16 ოქტომბრიდან დღემდე მხოლოდ 2-ჯერ ვნახე ისინი ციხეებში, განსხვავებით ჟურნალისტებისგან, რომლებიც ყოველდღიურ კონტაქტზე იყვნენ. სწორედ ამიტომაც - ფაქტების დროული გამოვლენა და ინფორმაციის დროული გახმოვანება სჭირდება ციხეებში დარღვევების აღმოფხვრას. სოზარ სუბარს თუ კი ჟურნალისტების ციხეებში სიარულთან პრეტენზიები ჰქონდა, 51-კაციან ჯგუფთან მინიმუმ ერთი შეხვედრა უნდა გაემართა და მათი პოზიციები და არგუმენტები მოესმინა.

ბევრს საუბრობდნენ, ციხიდან ექსკლუზიური ინტერვიუების გამოტანაზე. ინტერვიუები მეც ჩამიწერია, თუმცა აქ ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პრივილეგიას. მიუხედავად ჯგუფის წევრობისა, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც სამჯერ მოვინახულე, კითხვები მის ადვოკატს მამუკა ჭაბაშვილს შევატანინე და ოქრუაშვილმაც წერილობით მიპასუხა. იგივეს გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ჟურნალისტს, ნებისმიერ პატიმართან ადვოკატების დახმარებით. ანუ, ექსკლუზიური ინტერვიუები ვერ იქნება საფუძველი, რომ ციხეებში ჟურნალისტები აღარ შეუშვან. მეტ გამჭვირვალობას კი ციხეებში მეტი ჟურნალისტის დაშვება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციებზე არანაკლებ ეფექტური გამოვა ჩვენი მუშაობა. და ბოლოს - ყოველ დღე შემომდის ინფორმაცია, პატიმრის უკიდურეს მდგომარეობაზე, პირადად გადამოწმებას ჯგუფის გაუქმების შემდეგ ვეღარ შევძლებ, მაგრამ პირობას ვდებ, ახალ მონიტორინგის ჯგუფში მყოფ არასამთავრობოებს ხშირად მოუწევთ ჩემი ინფორმაციების პირადი მისვლით გადამოწმება და თავის შეწუხება.

ხათუნა გაგნიძე (სპეციალურად საიტისთვის)