“თუ შეიძლება, ცოტა ჩემთვისაც გამოართვი! - გალაკტიონის თხოვნა, დაკარგული ლექსი და გიგლა ფირცხალავას შარჟი
ქართული ლიტერატურის მუზეუმის იკონოგრაფიული კოლექციის კურატორი ნანა კობალაძე პარალელურად გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარი გახლავთ. ქალბატონი ნანა სწორედ გალაკტიონთან დაკავშირებულ ერთ საინტერესო ეპიზოდს გაგვაცნობს.

ფოტო: გიგლა ფირცხალავა
- მხატვარი გიგლა ფირცხალავა იხსენებს: „სამხატვრო აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი გახლდით, როცა აკადემიის კლუბში შეხვედრა მოუწყვეს გალაკტიონს. როგორც ზოგიერთი ახალგაზრდა, მაშინ მეც ვცოდავდი ლექსების წერით. შეხვედრაზე, სხვებთან ერთად, მეც მივუძღვენი ლექსი დიდ პოეტს...
საღამოს დამთავრების შემდეგ გალაკტიონმა შემაქო და მკითხა, კიდევ ხომ არა გაქვს ლექსებიო. მე, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. აბა... ხვალ სახლში მომიტანეო, მითხრა.

მეორე დღეს გალაკტიონს ვესტუმრე.
- აბა, მომეცი, ძამიკო, რა მომიტანე?! - მომმართა გალაკტიონმა და ხელი გამომიწოდა. მე რვეული გავუწოდე.
გალაკტიონი ჩუმად ფურცლავდა რვეულს. მომეჩვენა, რომ გულმოდგინედ კითხულობდა.
- მშვენიერია, ძამიკო, მშვენიერი! - თქვა უცებ ღიმილით.
მე სიხარულით ცას ვეწიე.
მან თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, დამაკვირდა და მითხრა:
- კარგი იქნება, თუ ამ ლექსებს წიგნად გამოვცემთ.
ყურებს არ ვუჯერებდი.
შემდეგ ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა:
- გამოცემა კია ადვილი, მაგრამ აი, ქაღალდის შოვნა არის ძნელი...
- ქაღალდს მე ვიშოვნი! - წამოვიძახე გახარებულმა, - ზუგდიდში მყავს ნათესავები, რომლებიც ენგურის ქაღალდის კომბინატში მუშაობენ!
- ძალიან კარგი, ძამიკო, ძალიან კარგი. ქაღალდს თუ იშოვნი, გამოცემა ჩემზე იყოს, - მითხრა და რაღაც საეჭვოდ გადმომხედა.
გალაკტიონმა კარებამდე მიმაცილა. კიბეზე რომ ჩავდიოდი, მომაძახა:
- ძამიკო, შენთვის რომ სთხოვ ქაღალდს იმ შენს ნათესავებს, თუ შეიძლება, ცოტა ჩემთვისაც გამოართვი!
ამის შემდეგ ლექსი აღარ დამიწერია იმის შიშით, რომ გალაკტიონის წილი ქაღალდი არ გამეფუჭებინა.“

გიგლა ფირცხალავამ გალაკტიონს ლექსი 1945 წელს მიუძღვნა, სწორედ მაშინ ჩატარდა გალაკტიონის საღამო სამხატვრო აკადემიაში. მიძღვნილი ლექსი გალაკტიონს ძალიანაც მოსწონებია, მაგრამ სადღაც დაუკარგავს. ამის შესახებ პოეტის ერთ ჩანაწერში ვკითხულობთ: „გიგლა ფირცხალავამ 1945 წელს სამხატვრო აკადემიის საღამოზე მიძღვნა ლექსი. სადაა ეს ლექსი? ქვლივიძეც იყო იმ საღამოს…“ მეორე ჩანაწერში კი სწუხს, რომ გიგლა ფირცხალავას ლექსი არსად ჩანს.

ფოტო: გიგლა ფირცხალავას ნამუშევარი
ლიტერატურის მუზეუმში, გალაკტიონის არქივში დაცულია პოეტისადმი მიძღვნილი მრავალი ლექსი, მაგრამ მათ შორის გიგლა ფირცხალავას ლექსი არ არის... სამაგიეროდ მუზეუმში ინახება გიგლა ფირცხალავას შესრულებული გალაკტიონის რამდენიმე შარჟი, მათ შორის ერთი ნახატი, რომელსაც ავტორმა უწოდა: „ქართველი მწერლების ასვლა გალაკტიონის მწვერვალზე“ - „გიჭირთ, ძამიკოებო?!“
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)