“ქართველი“ გერმანელი - დაკარგული სამშობლო და გადარჩენილი გვარი - საქართველოში გერმანელი კოლონისტების კვალდაკვალ
საქართველოში გერმანელი კოლონისტების კვალი 1817 წლიდან იწყება. ესენი იყვნენ ოჯახები ბადენვიურტემბერგიდან, რომლებმაც გადაიტანეს ნაპოლეონის შემოსევა, პოლიტიკური არეულობა, შიმშილი და რელიგიური დევნა. 90-დღიანი მგზავრობის შემდეგ ემიგრანტები ჩამოვიდნენ საქართველოში და სართიჭალასთან ახლოს მარიენფელდი დააარსეს, ეს იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი გერმანული კოლონია. მას შემდეგ ორ საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც ჩვენს გვერდით არაერთი გერმანელი ცხოვრობს და შრომობს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ საქართველოს გერმანელთა ასოციაცია „აინუნგის“ პრეზიდენტი ალექსანდრე (სანდრო) ფელდმაიერი. ის გაგვაცნობს ასოციაციის შექმნის ისტორიას, მის მიზნებს, გვიამბობს თავის წინაპრებზე…

ფოტო: ალექსანდრე (სანდრო) ფელდმაიერი
- ჩემი დიდი ბებია მარია იაკობის ასული ფელდმაიერ-ბაუერი დაიბადა ასურეთში (ყოფილი ელიზაბეტთალი) 1888 წელს და მოინათლა ასურეთის ლუთერანულ ეკლესიაში, ეს არქივის საბუთებში მოვძებნე. ფელდმაიერი მამის გვარი იყო, ბაუერი - დედისა. ასურეთში იაკობს და მის დას ცალ-ცალკე სახლი ჰქონდათ. მარია თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, მას ქალ-ვაჟი ჰყავდა. ვაჟი იყო ბაბუაჩემი - სერგეი ივანოვიჩ ფელდმაიერი, რომელიც თბილისში დაიბადა 1913 წლის 13 მაისს. რთული პერიოდის მიუხედავად, რაც დაკავშირებული იყო ენისა და მითუმეტეს რელიგიის შეზღუდვასთან, ბაბუა გერმანულ კულტურაზე იზრდებოდა. სახლში ლაპარაკობდნენ ან გერმანულად, ან ქართულად, უფრო გერმანულად. დიდი ბებია ქართულს ოდნავ ფლობდა. ბაბუამ ბრწყინვალედ იცოდა შვაბური - გერმანულის დიალექტი.

ფოტო: ბაბუა - სერგეი ფელდმაიერი
ბაბუაჩემის და მამაჩემის მსგავსად, მეც გერმანულ კულტურაზე გავიზარდე. გერმანული ენის სწავლა ბაბუამ დამაწყებინა გერმანული სიმღერებით და პატარ-პატარა საუბრებით. ჩვენთან სახლში, მის ბიბლიოთეკაში მხოლოდ გერმანულენოვანი წიგნებია. ერთხელ ბაბუა იმყოფებოდა ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სტუმრად და იქ ნახა ჟურნალ „დოიჩლანდში“ (გერმანია) სტატია გერმანელი კოლონისტების შესახებ ამიერკავკასიაში, სადაც ეწერა, რომ ისინი უმეტესად საქართველოში დასახლდნენო და ნაჩვენები იყო იმ დასახლებების ისტორიული სქემა. იქიდანაც ვიცოდით, თუ რა მონაკვეთში, რომელ სახლში ცხოვრობდნენ ასურეთში ფელდმაიერები და ბაუერები. ასურეთის გერმანულ სასაფლაოზე განისვენებენ ჩემი გერმანელი წინაპრები. დიდი ბებია 1949 წელს თბილისში გარდაიცვალა. ბაბუას ორი შვილი დარჩა - მამაჩემი და ბიძაჩემი.
რეპრესიებს თუ გადაურჩნენ?
- 1941 წელს საქართველოდან, ზუსტ რიცხვს გეტყვით - 23.580 გერმანელი გადაასახლეს ყაზახეთში. გადასახლებას გადაურჩნენ მხოლოდ ის გერმანელი ქალბატონები, რომელთა მეუღლეები იყვნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ჩვენი ნათესავების ნაწილი დეპორტირებული იყო. ბაბუა არ მოხვდა იმათ რიცხვში იმ მიზეზით, რომ მისი დედა (ჩემი დიდი ბებია - მარია იაკობის ასული) ინვალიდი იყო, ფეხები წაერთვა და არ შეეძლო გადაადგილება. მხოლოდ 1956 წელს მიიღეს უფლება გერმანელებმა დაბრუნებულიყვნენ საქართველოში, ოღონდ არა თავიანთ სახლებში. ჩვენ ასურეთში ყველაფერი დავკარგეთ. დეპორტაციის შემდეგ იქ ჩაასახლეს ოჯახები დასავლეთ საქართველოდან (რაჭიდან).

ფოტო: ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან ერთად
თქვენ რა პროფესიის ხართ?
- დავამთავრე თბილისის 37-ე რუსული სკოლა და ჩავაბარე ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში (გურამ თავართქილაძემ შექმნა). მერე უნივერსიტეტად გარდაიქმნა, მაგრამ ვაი-განათლების მინისტრმა შაშკინმა ის გაანადგურა. მიუერთა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს, რაც ჩემთვის დიდი ტკივილია იმიტომ, რომ მეცნიერულად მაღალი დონის უმაღლესი სასწავლებელი იყო. სპეციალობით საბანკო-საფინანსო მენეჯერი ვარ, ადრე ვმუშაობდი ენერგეტიკის სფეროში. ახლა ბუღალტრად ვმუშაობ სამხრეთ კავკასიაში პირველ გერმანულენოვან გაზეთ „კაუკაზიშე პოსტში“, რომელიც 1906 წელს შეიქმნა. ასევე ვსწავლობდი გოეთეს ინსტიტუტში და გერმანიაში - ჰამბურგის უნივერსიტეტში. გერმანისტი და ბუღალტერი ვარ.
ასოციაციაზე მიამბეთ - როდის დაარსდა „აინუნგი“ და რას ემსახურება?
- საქართველოში გერმანელთა დიასპორა შეიქმნა 1991 წელს. ჩვენამდე დაარსდა რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. მოგეხსენებათ, რა რთული დრო იყო - უშუქობა, უწყლობა, უტრანსპორტობა, ტყვიების ზუზუნი და ა.შ. გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება, რომ ვისაც გერმანული ფესვები გაქვთ, აქა და აქ მოდითო. აი ასე დაიწყო ეს ისტორია. ბაბუაჩემი და მისი თაობა იყო პირველი, ვინც ხორცი შეასხა ამ საქმეს. მე მაშინ 10 წლისა ვიყავი. წლების მერე გავხდი გამგეობის წევრი, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი. მეტწილად პროექტების მენეჯერად ვმუშაობდი. 2023 წლიდან ორგანიზაციის პრეზიდენტი და წარმომადგენელი ვარ საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ფოტო: სტუმრები ასოციაციაში
ასოციაციაში გვაქვს სხვადასხვა კურსი ჩვენი წევრების ყველა თაობისთვის, ძირითადად - ხატვა, მუსიკა, გერმანული ენა. თეატრალურ სტუდიას არაჩვეულებრივად უძღვებოდა დიანა კესნერი, ის იყო რამაზ ჩხიკვაძის პლეადის წარმომადგენელი. ვატარებდით ლექციებს, გვქონდა ექსკურსიები საქართველოს ყოფილ გერმანულ კოლონიებში, ვაწყობდით ახალგაზრდულ ბანაკებს, გამოფენებს… ყველა აქტივობა ეთნოკულტურას ასახავდა. დღესასწაულებზე ვმართავდით ღონისძიებებს, ვიღებდით სტუმრებს და დელეგაციებს. ზღვა მასალა გვაქვს მეცნიერებზე, არქიტექტორებზე, მუსიკოსებზე… სამენოვანი საიტი სამწუხაროდ გაგვიუქმდა დაუფინანსებლობის გამო. დღეს ყველაფერი დროებით შეჩერებულია, ველოდებით დაფინანსების აღდგენას. სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გერმანულ დიასპორას გერმანიის შსს აფინანსებს, ასეა მიღებული. იქაურ შსს-ს სხვა ფუნქციაც აქვს, ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით.
“აინუნგი“ რას ნიშნავს?
- ეს არის უძველესი სიტყვა, გერმანიაში დღეს მას არ იყენებენ. ლამაზი სიტყვაა და გაერთიანებას ნიშნავს. სხვა დიასპორებმა პოსტსაბჭოთა კავშირიდან დაირქვეს „ვიდერგებურდ“ - აღორძინება.
გერმანიაში თქვენი გვარის ხალხს იცნობთ?
- ფელდმაიერი ისეთი გვარია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ შეხვდებით გერმანიაში, ბაუერები კი ბევრნი არიან. წარმოიდგინეთ, ფელდმაიერი გერმანიაში ვერავინ ვიპოვე, მაგრამ სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე ერთი კაცი, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში, იქ დაიბადა და შორეული ახლობელია, ჩვენ დავმეგობრდით. ვინაიდან თანამშრომლობს გერმანიის ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, ძალიან კარგად ფლობს გერმანულს. მან თავისი საგვარეულო ხე გამომიგზავნა. მეც მაქვს შედგენილი ჩვენი საოჯახო ხე.

ფოტო: ალექსანდრე (სანდრო) ფელდმაიერი
ქართულად კარგად საუბრობთ, თავს ქართველად თვლით?
- სხვათა შორის, მე-8 კლასამდე ქართულს საკმარისად არ ვფლობდი. სკოლაში ორივე ქართულის მასწავლებელი ეთნიკურად სომეხი იყო და იმათ მასწავლეს ენა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნები. უმაღლესში გამოცდები ქართულად ჩავაბარე და უნივერსიტეტშიც ქართულ სექტორზე ვსწავლობდი. სამაგისტრო ნაშრომი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განვითარების პრობლემები და მიმართულებები“ ქართულად დავიცავი. რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის - საქართველოს პატრიოტი ვარ. როდესაც მეკითხებიან - რომელია შენი სამშობლო? ასე ვპასუხობ: ორი სამშობლო მაქვს. ერთია ფაქტიური - ქართულ მიწაზე დავიბადე, გავიზარდე, ვცხოვრობ და უზომოდ მიყვარს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ და აქ დავრჩები. მეორეა ისტორიული სამშობლო - გერმანია, ეს არის ბადენიურტენბერგის მხარეში პატარა ქალაქი შვაიგხაიმი (რუსულად „მალჩანოვკა“), საიდანაც მოდიან ჩემი წინაპრები. ჩემი ამოცანაა ორ სამშობლო-ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და კულტურული ხიდის განვითარებაში გარკვეული წვლილი შევიტანო.
ხელისუფლებისგან რამდენად გაქვთ ხელშეწყობა?
- თბილისის საკრებულოსთან და აგრეთვე ომბუდსმენთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების მუდმივი წევრი ვარ. ჩვენ ყოველთვის გვაწუხებდა საკითხი პოლიტიკურად რეპრესირებულებისთვის კომპენსაციის შესახებ. ამ ადამიანთა რიცხვი სამწუხაროდ მცირდება და თითზე ჩამოსათვლელებიღა დარჩნენ. სააკაშვილის დროს პენსიაზე 7-ლარიანი დანამატი დაწესდა ხალხისთვის, ვინც ამ ცხოვრებაში ყველაფერი დაკარგა. ეს მათი დაცინვა იყო. საკითხი დღესაც აქტუალურია, კომპენსაცია მომატებულია, მაგრამ ცხადია იმდენი არაა, როგორც ვისურვებდით.

ფოტო: ომბუდსმენთან ერთად
დღევანდელი მთავრობა ყველაფერში ხელს გვიწყობს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე და ბატონი დავით პაპუაშვილი პრაქტიკულად გერმანისტები არიან თავის ძირითად პროფესიასთან ერთად. „აინუნგი“ თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან საქართველოში, გერმანიაში და ევროპულ მაპროფილებელ ორგანიზაციებთან. ჩვენ ვართ ეროვნულ უმცირესობათა ევროპის ფედერალისტური კავშირის (FUEN) სრულუფლებიანი წევრი.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)