რატომ დაარქვა ნინო მუმლაძემ თავის შვილს ექვთიმე თაყაიშვილის სახელი, სად ატარებს აგვისტოს და როგორ უმკლავდება პროფესიულ გამოწვევებს - ინტერვიუ მსახიობთან - კვირის პალიტრა

რატომ დაარქვა ნინო მუმლაძემ თავის შვილს ექვთიმე თაყაიშვილის სახელი, სად ატარებს აგვისტოს და როგორ უმკლავდება პროფესიულ გამოწვევებს - ინტერვიუ მსახიობთან

რატომ დაარქვა ნინო მუმლაძემ თავის შვილს ექვთიმე თაყაიშვილის სახელი ღიმილიანი, პოზიტიური ნინო მუმლაძე, ბევრი ქართველისთვის საყვარელი მსახიობია. ის, დღეს, ჩვენი სტუმარია და არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრება:

- აგვისტო შვებულებების თვეა, ქ-ნო ნინო, თქვენ სად აპირებთ შვებულების გატარებას?

- დაძაბული წლის შემდეგ, განტვირთვა და დასვენება აუცილებელია. მე აგვისტოს დავასწარი და ორი კვირით ვიყავი გონიოში, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად დავისვენე. აგვისტოს ცხელი დღეების გატარებას კი, თეთრიწყაროში ვაპირებთ, რომ ბავშვი სუფთა ჰაერზე იყოს. რონი უკვე ორი წლისაა, მე ცოტა ხნის წინ, 42 წლის გავხდი და ამ ასაკში დედობას სულ სხვა ხიბლი ჰქონია.

- რას შეადარებდით ამ გრძნობას?

- ვერაფერს, რადგან ეს ყველაზე მშვენიერი გრძნობაა, რაც კი ოდესმე გამომიცდია! ამავე დროს, ეს ყველაზე რთული გამოცდაა, რომელიც შეიძლება ცხოვრების გზაზე შეგხვდეს. როგორც ყველა დედა, შვილის მომავალზე მეც ბევრს ვფიქრობ და მისთვის რაც უნდა გავაკეთო, მაინც ვშიშობ, რაღაც არ დავაკლო. ამიტომ, ნახევრად ხუმრობით ვამბობ, რომ დედობა მუდმივი თავის ტკივილია, ეს მუდმივი ზრუნვაა ადამიანზე, რომელიც მთლიანად შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ამავე დროს, საკმარისია ერთხელ მაინც ჩაეხუტო და ხვდები, რომ ასჯერ მეტს გაუძლებ, ასჯერ მეტს გააკეთებ, რომ ის კარგად იყოს.

nino-m-1787309316.jpg

- რონი თქვენი დარქმეული სახელია?

- ვიდრე გაჩნდებოდა, მის სახელზე ბევრს ვკამათობდით: მე ქართული სახელის დარქმევა მინდოდა, მამამისს კი - უცხოურის. მშობიარობის წინა დღეებში, როგორღაც, შევთანხმდით, რომ რონი დაგვერქმია, რადგან ეს იყო ერთადერთი მისაღები სახელი, რომელიც მას მოსწონდა. სამაგიეროდ, ნათლობის სახელი ჩემი სურვილით და თანხმობით შევურჩიეთ: მისი ნათლია, მსახიობი ადელინა გოგუაძე, ჩემი მეგობარია. ის, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალია. ცნობილია, რომ ექვთიმეს შვილები არ ჰყოლია, მაგრამ ჰყავდა და - ადელა. სწორედ მისი შვილთაშვილია რონის ნათლია. ასე დავარქვით რონის დიდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელი.

- როგორ უთავსებთ ერთმანეთს მსახიობობას და მცირეწლოვანი ბავშვის მოვლას?

- პირდაპირ ვიტყვი: დედაჩემი და დეიდაჩემი რომ არ მეხმარებოდნენ, არ ვიცი, რა მეშველებოდა, რადგან ყველაფრისთვის დრო ფიზიკურად არ მყოფნის. მით უმეტეს, რომ რონი ძალიან ცელქი ბავშვია. ზღვა განსაკუთრებით უყვარს, თანაც ჰგონია, რომ ცურვა იცის და გონიოში ყოფნისას, სულ ზღვისკენ მიიწევდა. იქაც, დედა და დეიდა მეხმარებოდნენ და თბილისშიც მათი იმედი მაქვს, როცა თეატრში ვარ. ჩემი პროფესია ძალიან დიდ დროს მოითხოვს. სამსახურში ყოფნა დიდი ხნით მიწევს და ასეთ სიტუაციაში, ვიღაც გჭირდება, ვინც ბავშვს მაინც დაიტოვებს. მადლობა ღმერთს, რომ რონის აღზრდაში ჩემი ოჯახი ძალიან მეხმარება.

- რას ნიშნავს თქვენთვის მსახიობობა?

- სულ ვამბობ, რომ ჩემი პროფესია ჩემი ცხოვრებაა, ეს ჩემი სამსახური არ არის. პირველად, სცენაზე რომ გამოვედი, 4 წლის ვიყავი და იმ ასაკიდან სულ სცენაზე ვარ. ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა პერიოდი, როცა ამ საქმის გარეშე ვცხოვრობდი, ამიტომ, მას სამსახურად ვერც აღვიქვამ - ეს, ჩემი ცხოვრების სტილი და განუყოფელი ნაწილია, რომელიც ზოგჯერ უფრო დიდ დროს მართმევს, ვიდრე ოჯახი. მსახიობობას ნარკოტიკს შევადარებდი, რადგან ეს ძალიან ემოციური საქმეა, როცა შენს საქმეზე ემოციურად ხარ დამოკიდებული, მერე მის გარეშე ძალიან გიჭირს. ვინც ამ პროფესიას კარგად არ იცნობს, ვერ მიხვდება, რამდენად რთულია ეს ყველაფერი, რადგან ემოციური შრომა ფიზიკურზე ბევრად რთულია. შეადარეთ, როცა ემოციურად ხართ დაღლილი და როცა ფიზიკურად ხართ დაღლილი - ფიზიკური გადაღლის მერე, ერთი გამოძინებაც საკმარისია, მაგრამ ემოციურ გადაღლას ასე ადვილად ვერ მოერევი - ამას დიდი დრო სჭირდება... ჩვენ, მსახიობები, იმდენად დამოკიდებული ვართ ამ პროფესიაზე, რომ სცენის გარეშე ცხოვრება ძალიან გვიჭირს. ამიტომ, ძალიან კარგად მესმის იმ ხალხისა, ვინც სცენას თავს ანებებს და თავს ცუდად გრძნობს - ეს მდგომარეობა შეიძლება სერიოზული დეპრესიის მიზეზიც გახდეს.

- „მოზარდ მაყურებელთა თეატრის“ დასის წევრი ხართ. თქვენთვის, ბავშვებისთვის თამაშს უფრო დიდი სიხარული მოაქვს თუ პირიქით - დიდებისთვის თამაშს?

- მე ვფიქრობ, რომ მთავარი მაინც სპექტაკლი და ის როლია, რომელზეც მუშაობ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ არის დადგმული სპექტაკლი და რამდენად საინტერესოა ეს როლი შენთვის. ადრეულ ასაკში, რჩეული როლები მეც მქონია, მაგრამ ახლა არც ერთზე ჩაციკლული აღარ ვარ. ვფიქრობ, რომ ყველა როლის საინტერესოდ გაკეთება შეიძლება თუ მასში შენს თავს დაინახავ და თუ კარგი რეჟისოორი შეგხვდება - ამ შემთხვევაში, ყველა როლი შეიძლება კარგად ითამაშო და მაყურებელს დაამახსოვრო.

2-wlis-1787309336.jpg

- როგორ ფიქრობთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქალს, რომ საქართველოსავით ტრადიციულ ქვეყანაში წარმატებას მიაღწიოს?

- ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვების აზრზე არ იყო დამოკიდებული. მე რომ ოდესმე მეფიქრა, რას ფიქრობს საზოგადოება ჩემზე, ვერასდროს ვერაფერს მივაღწევდი და ჩემი, როგორც მსახიობის კარიერაც ვერ შედგებოდა. თუ სულ იმაზე იფიქრებ, სხვები შენზე რას ამბობენ, სერიოზულ ჩარჩოებში მოექცევი, დაკომპლექსდები და განვითარება გაგიჭირდება. ამიტომ, ჯერ შენს ღირებულებებთან და სინდისთან უნდა იყო მართალი. არა მარტო პატრიარქალურ სამყაროში, ნებისმიერ საზოგადოებაში არის ხალხი, რომელსაც ვერასდროს, ვერაფერს მოაწონებ. ისედაც, შეუძლებელია ყველასთვის იდეალური და მოსაწონი იყო, ამიტომ, ამაზე ფიქრში საერთოდ არ უნდა მოცდე. მადლობა ღმერთს, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეს ყველაფერი ბავშვობიდან ამიხსნეს. დედაჩემმა თავიდანვე მითხრა, ყველას მოსაწონი მაინც ვერ იქნები და თუ იმაზე იფიქრებ, მეზობელი შენს შესახებ რას იჭორავებს, ამით საკუთარ თავს მხოლოდ ზიანს მოუტანო. ეს რომ გავიაზრე, მივხვდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი და სასურველ შედეგსაც მივაღწიე: იმის გათვალისწინებით, რომ უმამოდ გავიზარდე და არავის „ზურგი“ არ მქონია, რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემი შრომითა და ძალისხმევით მივაღწიე - ეს იმიტომ მოხდა, რომ ნაკლებად ვფიქრობდი, სხვები ჩემზე რას იტყოდნენ.

- გეთანხმებით, ამ თვისებამ მართლაც ბევრი ქალის მომავალი შეცვალა და დააბრკოლა...

- რა თქმა უნდა, იმაზე ფიქრი, შენზე ვინ რას იტყვის, ყოველთვის დაგაბრკოლებს. ის სხვა, რომელიც გჭორავს, რატომ არ ფიქრობს შენზე? რატომ არ გითვალისწინებს? - ამიტომ, ყველამ თავის ცხოვრებას უნდა მიხედოს და თუ ვინმე ჭორაობს, ეს უკვე მისი პრობლემაა: ესე იგი, ვერ განვითარდა, საკუთარი ცხოვრება, საყვარელი საქმე არა აქვს... საერთოდ, ასეთი ხალხი სხვისი ცხოვრების განსჯით იკმაყოფილებს თავის ეგოს. სასიამოვნოა, რომ ახლანდელი თაობა სწორად აზროვნებს, ეს, ჩვენი დედები და ბებიები ცხოვრობდნენ საზოგადოებრივი აზრის კარნახით და ხშირად, არასასურველ ადამიანთან ატარებდნენ მთელ ცხოვრებას. ძალიან ბევრმა ქალმა ურთულესი გზა გამოიარა, რაც მე არ მესმის: ამქვეყნად, ერთხელ ცხოვრობ და ვიღაცის აზრის გამო, რატომ უნდა დაიტანჯო? მთავარია, შენს თავთან იყო მართალი და აუცილებლად მიაღწევ იმას, რისკენაც მიდიხარ. კიდევ ერთი თვისება უნდა გამოვყო, რომელიც წარმატების მისაღწევად აუცილებელია - ადამიანი კომუნიკაბელური და პოზიტიური უნდა იყოს. მე ვიცნობ უნიჭიერეს ხალხს, რომელმაც ვერაფერს მიაღწია იმის გამო, რომ კოლეგებთან პოზიტიურ ურთიერთობას ვერ ამყარებს. ზოგიერთი მათგანი ცნობილია, საზოგადოება რომელიღაც პროექტიდან იცნობს, რომლის შემდეგ ვეღარ განვითარდნენ, წინ ვერ წავიდნენ. თუ ადამიანებს შენი დანახვა უხარიათ, თუ ღია და გახსნილი ადამიანი ხარ და შენი არსებობით არავის თრგუნავ, წარმატების მიღწევა გაცილებით ადვილია.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)