"იქნებ სადმე ზუკა ვნახო... ვფიქრობ, რომ ის ცოცხალია" - 8 თვის წინ გაუჩინარებული ბიჭის ამბავი: რას ჰყვება დედა
18 წლის დაკარგული ახალგაზრდა ბიჭის, ზუკა გულაროვის ოჯახი ისევ ახალ განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს. ბიჭი 2025 წლის, 12 დეკემბერს გამთენიას კასპში, საკუთარი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ მის კვალს ვერსად მიაგნეს. სამძებრო სამუშაოები სამართალდამცავებმა ყველგან ჩაატარეს, კასპის მიმდებარედ და ტყის მასივშიც დიდხანს მიდიოდა მისი ძებნა, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. დაკარგული გულაროვის ოჯახს არ აქვს მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ სად გაუჩინარდა 8 თვის წინ მათი შვილი.
ჩვენ ზუკას დედას, ხათუნა დუდაურს დავუკავშირდით:
- ზუკა 2025 წლის 12 დეკემბერს, ღამით, კასპიდან, სახლიდან საკუთარი ნებით გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი არსად ჩანს. უკვე 8 თვეა მის მოსაძებნად ყველანაირ გზას ვიყენებთ. ვეძებთ მთელი საქართველოს მასშტაბით აღმოსავლეთ საქართველოშიც და დასავლეთ საქართველოშიც, ვეძებთ ეკლესია-მონასტრებში და სხვადასხვა ადგილას, სადაც შეიძლება ზუკა იმყოფებოდეს, თუმცა ამ დრომდე მისი პოვნა ვერ მოხერხდა. 8 თვე გავიდა და ზუკას ძებნა არც ერთი დღე არ შეწყვეტილა. დღემდე არ ვიცით, სად არის ჩემი ზუკა და როგორ მდგომარეობაშია. ისევ განვაახლე სოციალურ ქსელში განცხადება, შეიძლება ვინმემ სადმე ნახა, სადმე შეხვდა ან რაიმე ინფორმაცია აქვს, რაც მის პოვნაში დაგვეხმარება. ყველას ვთხოვ, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაციაც შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენთვის და მოგვაწოდონ ყველანაირი ინფორმაცია.
- ღამით გაიპარა ზუკა სახლიდან?
- 12 რიცხვი რომ თენდებოდა დაახლოებით ღამის 2 საათზეა გაპარული და წასული. უწესიერესი ბავშვია. წიგნები უყვარდა ძალიან, ტყეში და მთაში მარტო გასვლა მოსწონდა და ასეთ რამეებზე საუბრობდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი სადმე არის და ცოცხალია. ჯოჯოხეთს გავდივართ, სიახლე არაფერი არ არის, საერთოდ არაფერი ხელჩასაჭიდი ამ დრომდე არ გვაქვს. საერთოდ ვერაფერი გავიგეთ. სიახლე სამწუხაროდ არ მაქვს. ბავშვს ყველგან, მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთ, როგორც ინტერნეტით, ისე ფიზიკურადაც დავდივართ ყველგან. არ ვიცი სად მოვძებნო. გუშინ განვაახლე ეს პოსტი იქნებ ვინმემ ნახოს, ან ვინმემ მოკრა თვალი. უკვე არ ვიცი რა ვთქვა. გააგრძელეთ კითხვა