მიწისძვრა შესაძლოა თბილისშიც მოხდეს?! - კვირის პალიტრა

მიწისძვრა შესაძლოა თბილისშიც მოხდეს?!

მოსახლეობის პანიკა არც თუ უსაფუძვლოა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიწისძვრა 7-ჯერ განმეორდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 3 მაგნიტუდაზე ნაკლები არც ერთი მიწისქვეშა ბიძგი არ ყოფილა. იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთში მოსახლეობა განმეორებითი ბიძგების მოლოდინშია, აჭარაში კი შტორმსაც ელოდებიან. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, ზურაბ ჯავახიშვილი აცხადებს, ანაკლიასა და ოჩამჩირეს შორის ტერიტორიაზე ორი ისეთი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა (02:44 საათზე- 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის, 10 წუთის შემდეგ კი- 5 მაგნიტუდის სიმძლავრის), მისი ეპიცენტრი დასახლებულ პუნქტში რომ ყოფილიყო, მასშტაბური ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, სანაპიროდან 40 კმ-ში მდებარეობდა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რყევაზე მეტად ისინი ზღვიდან წამოსულმა გამაყრუებელმა ხმამ შეაშინა. მიწისქვეშა ბიძგებმა ნგრევა გამოიწვია ბათუმთან და ქობულეთთან ახლოს მდებარე სოფლებში. სოფელ სამებაში მიწისძვრით გამოწვეული შიშის გამო 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. რა არის მიწისძვრის გახშირების მიზეზი, საქართველოს კიდევ რომელ რეგიონშია მოსალოდნელი მიწისქვეშა ბიძგები და უნდა ველოდოთ თუ არა შტორმს აჭარაში? ამის გასარკვევად სეისმოინჟინერს, "თბილზნიიეპის" ნაგებობათა სეისმომედეგობის ლაბორატორიის უფროსს, აკადემიურ დოქტორს, ვაჟა დარჩიაშვილს დავუკავშირდით.

- ბატონო ვაჟა, მაინც რა შეიძლება იყოს მიწისძვრების გახშირების მიზეზი?

- ჩვენ ვერ ვხედავთ და ვგრძნობთ, თორემ დედამიწის ქერქში ეს პროცესი მუდმივად და დაუსრულებლად გრძელდება. მიწისძვრები ძირითადად ოკეანეებში, დაუსახლებელ ადგილებსა და მიუწვდომელ მთებში ხდება და ამიტომ გვგონია, რომ ეს იშვიათი რამ არის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო დროს მიწისძრვა დასახლებულ ადგილებში გახშირდა. ზოგადად მიწისძვრის ეპიცენტრის, მისი ინტენსივობისა და დროის განსაზღვრა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

- აჭარის სანაპირო ზოლზე საკმაოდ მძლავრი ბიძგები იყო. რამდენად შესაძლოა მიწისძვრა ისევ განმეორდეს?

- როგორც წესი, ძლიერ მიწიძვრას შედარებით მცირე ბიძგები, ანუ აფთერშოკები მოსდევს. მართალია, მომდევნო აფთერშოკი პირველს არ აღემატება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ შენობამ პირველ ძლიერ ბიძგს გაუძლო, მომდევნოსაც გადაურჩება. შესაძლოა, შენობა სწორედ მეორე და სუსტმა ბიძგმა დაანგრიოს. ამ რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობას ვურჩევ, გამოვიდნენ ძლიერ დაზიანებული შენობებიდან. დაზიანების ხარისხი და უსაფრთხოება უნდა შეფასდეს სეისმოინჟინრების და არა გეოლოგების მიერ.

- თქვენ რამდენად რეალურად მიიჩნევთ გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აჭარის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი?

- ძლიერ მიწისვრას შტორმი მეტნაკლებად მოჰყვება, თუმცა იმ რეალობიდან გამომდინარე რომ შავი ზღვა პატარაა, ხოლო ეპიცენტრი სავარაუდოდ ღრმად იყო (აი ამაზე კი სეისმოლოგებმა უნდა გასცენ პასუხი), აჭარის სანაპიროზე სერიოზულ კატასტროფას არ უნდა ველოდოთ.

- შეშინებული მოსახლეობა მიწისვრას სხვა რეგიონებშიც ელის. რამდენად საფუძვლიანია მათი შიში?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, აჭარაში მცირე ბიძგები ისევ იქნება და ეს რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც გაგრძელდება. გამორიცხული არ არის, რომ ამჯერად მიწისძვრის ეპიცენტრი სულ სხვაგან იყოს. სამწუხაროდ, ყველაფერია შესაძლებელი. ამას ყოველწუთს უნდა ველოდოთ. მთავარია პანიკაში არ ჩავვარდეთ და სტიქიას მომზადებულები შევხვდეთ.

- მიწისძვრის შესახვედრად როგორ უნდა მოვემზადოთ?

- პირველ რიგში უნდა ვაშენოთ ხარისხიანად, სეისმომედეგობის ნორმების მკაცრად დაცვით. იაპონიაში ისეთი რაოდენობის და ისეთი მძლავრი მიწისძვრები ხდება, ჩვენთან, ღმერთმა ნუ ქნას და იმის ნახევარიც რომ მოხდეს, ალბათ მიწასთან გაგვასწორებს. თუმცა, იქ ამ სტიქიას ისე მომზადებულები ხვდებიან, რომ ხალხი ქუჩაშიც კი არ გამორბის. ავეჯს აკავებენ, რომ ნივთები არ გადმოუვარდეთ.

- თუ პროფესიონალების რჩევებს გავითვალისწინებთ, ჩვენი შენობები ნებისმიერი სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს?

- ჩვენი მიზანია, ავაგოთ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზიანდება, მაგრამ არ ჩამოინგრევა, არ იქნება მსხვერპლი. მთავარი ეს არის, ხოლო რამდენად მოვახერხებთ ამას, დამოკიდებულია ჩვენი ცოდნა-გამოცდილების და მშენებლობის კულტურის დონეზე. ჩვენ მუდმივად უნდა ვიაროთ მათი სრულყოფის გზით. რისი ბაზაც საბედნიეროდ გაგვაჩნია.

- თუ ჩვენთან არსებული მშენებლობის სტანდარტებს გავითვალისწინებთ, დღეს თბილისი რამდენბალიან მიწისძვრას გაუძლებს?

- ისეთივე სიმძლავრის მიწისძვრა, როგორიც აჭარაში იყო, ავარიულ და სეისმომედეგობის ნორმების გათვალისწინების გარეშე აგებულ შენობებს თბილისშიც დაანგრევს. სწორად კონსტრუირებული, გაანგარიშებული და აგებული თანამედროვე შენობები 8-ბალიან მიწისძვრაზე არ უნდა ჩამოინგრეს, თუმცა დასაშვებია მათი იმ დონემდე დაზიანება, რომ შესაძლებელი იყოს მათი აღდგენა შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)