წინასწარ გამოცხადებული საზმაუს დირექტორობის ქრონიკა - კვირის პალიტრა

წინასწარ გამოცხადებული საზმაუს დირექტორობის ქრონიკა

გია ჭანტურიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა თუ არა, მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ ამ თანამდებობას მისი მოადგილე გიორგი ბარათაშვილი დაიკავებდა. კანონის თანახმად, გამოცხადდა კუნკურსი, რომელიც ორ ტურად გაიმართა. გამოჩნდა 125 დირექტორობის მაძიებელი და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ მხოლოდ ხუთი გადაიყვანა მეორე ტურში. 26 დეკემბერს კი საბჭოს 13-მა წევრმა ფარული კენჭისყრით სწორედ მათ შორის გააკეთა არჩევანი. მიღებული შედეგი მართლაც წინასწარ ნავარაუდევს დაემთხვა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გახდა. სამი ხმა მიიღო ნათია აბრამიამ, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, 2 ხმა ერგო მეგი თავდუმაძეს, ნიკოლოზ მახარაშვილმა და თინათინ (თიკა) რუხაძემ კი ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.

მოკლედ, პროცესი, რომელიც თითქოს გამჭვირვალედ წარიმართა და რომელშიც თითქოს საზოგადოებაც იყო ჩართული, კიდევ ერთი თამაში აღმოჩნდა.

როდესაც თავდაპირველად ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გენერალური დირექტორობისთვის ყოფილი დირექტორის ყოფილი მოადგილე ემზადებოდა, ამის მთავარ საფუძვლად სახელდებოდა მისი ახლო კონტაქტები აწ უკვე ოპოზიციაში მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან. ცნობილია, რომ ის მეგობრობს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასა და მის მოადგილე თამარ კინწურაშვილთან. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზის გამო ჩვენ ბატონ გიორგისთან გასაუბრება ვერ შევძელით, ჩვენს სატელეფონო ზარს არც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს დირექტორმა ლევან გახელაძემ უპასუხა. ერთ-ერთმა კანდიდატმა ნათია აბრამიამ, რომელიც ამჟამად ბი-ბი-სის თანამშრომელია, განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების კრიტიკას არ აპირებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველოში მედიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიუკერძოებელ, დაბალანსებულ და დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება. საკმაოდ ხმაურიანი იყო ამ პროცესში თიკა რუხაძის მონაწილეობა, მას მეტად მწვავე და კრიტიკული განცხადებები ჰქონდა როგორც მთლიანად "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ასევე მისი სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ.

დავინტერესდით, რას ფიქრობს უკვე ჩავლილ პროცესზე ქალბატონი თიკა?

- 20 დეკემბრამდე დირექტორობის შესაფერისი პრეტენდენტი ცოტა იყო. ვინაიდან ეს ჩემი პროფესიაა და მაქვს 23-წლიანი მენეჯერული გამოცდილება, ვალდებულად ჩავთვალე თავი, მონაწილეობა მიმეღო ამ კონკურსში. თანაც არ მინდოდა, პროცესი სტატუს-კვოს რეჟიმში წარმართულიყო და მარტო თავისი კანდიდატურები ჰყოლოდათ. ისიც მიკვირს, მეორე ტურში რომ გადამიყვანეს, რადგანაც თავიდანვე ვხვდებოდი, მათთვის მისაღები კანდიდატი არ ვიყავი. როგორც ჩანს, არ ეგონათ, ასეთი კრიტიკული თუ ვიქნებოდი.

როდესაც გასაუბრებაზე მივედი და ვუთხარი, ჩემი გეგმა მაქვს-მეთქი, მიპასუხეს - რაც შეიძლება მოკლედ გვითხარიო. ერთი სიტყვით, არ მომისმინეს (ამის ვიდეოჩანაწერი არსებობს, შეგიძლიათ გადაამოწმოთ). გამეცინა, საინტერესოა, აბა რისთვის არსებობს ეს საბჭო - კონკურსანტს რომ არ მოუსმინოს?

იქნებ, რა გეგმები მქონდა? მოკლედ, ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის, ისევე, როგორც მთელი საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, მე რომ მეკითხები, როგორ უნდა გამოვიდეს ტელევიზია ამ კრიზისიდანო, ბუნებრივია, მეც გამიჩნდა კითხვა, - 40-მილიონიანი ბიუჯეტით და თან იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფომ ჩამოგაწერა ამხელა ვალები, როგორ აღმოჩნდით ამ კრიზისში? ამაზე მიპასუხეს, რომ ეს ჩემი განსახილველი არ არის. ასევე დავუსვი შეკითხვა ტელეკომპანია "პიკ"-ზე, თურმე არც ეს ყოფილა ჩემი საქმე. გაუგებარია, რას ნიშნავს ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრების ნათქვამი, რომ თურმე დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ამ ქვეყანაში არ არსებობს? როგორ შეიძლებოდა ამ ხალხის აზრი ჩემსას დამთხვეოდა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ აქ არიან ადამიანები, რომელთაც პიროვნულად პატივს ვცემ, მაგრამ ეს ბორდი სისტემის ნაწილად იქცა, ეს ადამიანები კი - ერთგვარ ჭანჭიკებად. მაგრამ დროა, თვალი გაახილონ. რა გამოვიდა - მარტო გია ჭანტურია იყო ყველაფერში დამნაშავე?.. მოკლედ, დავალება ჰქონდათ ისეთი, რომ ერთი ხმაც არ უნდა მიმეღო, რადგან ის ერთი ხმაც ნაწილობრივ ჩემი შენიშვნების აღიარება იქნებოდა. მე მათ ვუთხარი და ახლაც გავიმეორებ, არა იმიტომ, რომ თქვენ გესაუბრებით, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ასე ვფიქრობ: დღეს "კვირის პალიტრა" გაცილებით საზოგადოებრივ საქმეს აკეთებს, ვიდრე "საზოგადოებრივი მაუწყებელი".

- ამ კონკურსის საბოლოო შედეგამდე თქვენ მიანიშნებდით, რომ სამეურვე საბჭოს ფავორიტი თითქოს ნათია აბრამია იყო. რატომ დაგრჩათ ასეთი შთაბეჭდილება?

- ბევრი ფიქრობდა ასე, მათ შორის ია ანთაძეც, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. მე, ნათიასგან განსხვავებით, შეიძლება მეტი მორალური უფლება მქონდა, რომ არ დამესვა კითხვები და ნაკლებ კრიტიკული ვყოფილიყავი, მაგარამ როდესაც ჟურნალისტი ხარ და ასეთ კონკურსში მონაწილეობ, არ შეიძლება ასეთი ლოიალური იყო. ასევე ახლა, ამ ვითარებაში ბი-ბი-სის სტანდარტზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს სასაცილოა.

როცა გეუბნებიან, რომ ჩვენს თანამშრომლებს კორპორატიული თვითშეგნება არ აქვთო, ბუნებრივია გიჩნდება კითხვა - როგორ უნდა ჰქონდეთ ეს თვითშეგნება, როცა მათი აზრი არავის აინტერესებს? მე ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ ტელევიზიას საზოგადოებასთან ახლოსაც არ ჩაუვლია. საზოგადოება, რომელიც გაფინანსებს, გეუბნება, რატომ გაქვს კარი დახურული, შემომიშვი შენს სივრცეში და ჩემი აზრი გაიგეო, ესენი კი ჯიუტად არ აღებენ ამ კარს.

რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც სოროსის ფონდისგან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის მიერ გაკეთებული მონიტორინგის მიხედვით გამოჩნდა, რომ სექტემბერში საზოგადოებრივმა ტელევიზიამ პირველ დღეს საერთოდ არ გაუშვა ეთერში ციხის ცნობილი მოვლენები. გაუშვა მეორე დღეს, თანაც გარკვეული პოზიციით. მე ბორდს გასაუბრებისას პირდაპირ ვუთხარი - მხარე ხართ-მეთქი და ახლაც ვიმეორებ. ჩვენ ვნახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნების უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი. კარგი ვქენი, რომ მივიღე ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათლად წარმოვაჩინე მათი რეალური სახე.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)