დაუნდობელი დაბომბვების ღამე-კიევზე რუსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინა კამიკაძეების რეკორდული რაოდენობის შეტევით პასუხობს...
რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ნამდვილი ტოტალური ომის სახე მიიღო, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ ერთმანეთს არამარტო სამხედრო და ორმაგი დანიშნულების, არამედ წმინდა სამოქალაქო ობიექტებიც გაუნადგურონ და რაც შეიძლება მეტი დანაკლისი მიაყენონ, რაც დროში გაწელილი „გამოფიტვის ომის“ ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანიცაა...
გუშინდელმა,15-16 აგვისტოს ღამემ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როდესაც რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს 106 კამიკაძე-დრონითა და დაუზუსტებელი რაოდენობის რაკეტებით შეუტია და ძლიერი აფეთქებები და ხანძრები გამოიწვია, რადგან რუსული „ისკანდერებისა“ და „ონიქსების“ ჩამოსაგდები ანტირაკეტები უკრაინელ მეზენიტეებს აღარ დარჩათ და ამიტომაც უკრაინის საჰაერო ძალებმა შეწყვიტა თავდასხმაში მონაწილე რუსული ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის გამჟღავნება, რადგან ეს უკრაინის მოსახლეობაში დიდ გაღიზიანებას იწვევს, როდესაც საბრძოლო ქრონიკაში ცხადდება-ვერცერთი რუსული ბალისტიკური რაკეტა ვერ ჩამოვაგდეთო...
სამაგიეროდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო ერთი დღე-ღამის განმავლობაში თითქოს 1 478 უკრაინული კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ცაში და თუ ეს მართლაც შეესაბამება სინამდვილეს, რა გამოდის?
გამოდის ის,რომ უკრაინა 10-ჯერ მეტი კამიკაძე-დრონებით უტევს მოსკოვსა და სხვა რუსულ ქალაქებს, ვიდრე თავად აგრესორი უშვებს უკრაინის ქალაქებისკენ და მათ შორის კიევისკენაც!
და ეს ეტყობა ახლოსაა რეალობასთან, რადგან ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მართლაც აქამდე არნახული ჯოჯოხეთი მოუწყვეს რუსეთის ფედერაციის მთელ ევროპულ ნაწილს, მოსკოვის ჩათვლით და აგიზგიზეს რუსული Wildberries-ის მეშვიდე უზარმაზარი საწყობი, რომელიც მოსკოვის კრემლიდან 40-იოდე კმ-ითაა დაშორებული და იქ გაჩენილი ძლიერი ხანძრის კვამლს არ შეიძლება არ ხედავდეს კრემლის კაბინეტის ფანჯრებიდან, ის, ვინც ეს საშინელი ომი გააჩაღა...
უკრინა უკვე ათჯერ მეტი კამიკაძე-დრონებით უტევს რუსეთს...
და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ასე მასიურად შეუტია აგრესორ რუსეთს დიდი რაოდენობის კამიკაძე-დრონებით, რომელთა სრული მოგერიება რუსეთის საჰაერო თავდაცვას თეორიულადაც უბრალოდ არ შეუძლია,უკრაინული ქალაქები მაინც უფრო ზარალდებიან რუსი ოკუპანტების საჰაერო შეტევებისგან...
საქმე ის არის, რომ უკრაინულ კამიკაძე-დრონებს (ისევე, როგორც რუსულ „გერანებს“) მხოლოდ 50-90 კგ მასის საბრძოლო ქობინი მიაქვთ, მაშინ, როდესაც რუსული კვაზიბალისტიკური „ისკანდერი“ მიწაში დიდი სიჩქარით მოხვედრისას თითქმის ნახევარტონიან-480 კგ მასის საბრძოლო ქობინს აფეთქებს ანუ ათჯერ მეტი დამანგრეველი ძალა აქვს, რაც უკრაინულ ქალაქებში კორპუსების მთელ სადარბაზოებს შლის და მეტ მსხვერპლსაც იწვევს.
უკრაინის მხარეს, რომელსაც აღარ აქვს რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებელი ანტირაკეტები და ამასთან საკმაოდ რთული ოპერატიული ვითარება შეექმნა სლოვიანსკი-კრამატორსკის აგლომერაციასთან ფრონტის ხაზზე, დარჩა ერთი გამოსავალი, რომ რაც შეიძლება კიდევ უფრო ძლიერად შეუტიოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, ომი დააბრუნოს მის წამომწყებ ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტ რუსეთის მოქალაქეს თავის თავზე აგრძნობინოს, თუ რა წამოიწყო და რას აგრძელებს მათი პრეზიდენტი...
უახლოეს პერსპექტივაში, თუკი უკრაინამ მოახერხა უფრო მეტი რეაქტიულძრავიანი და შესაბამისად სწრაფი კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენება, „ფლამინგოსა“ და სხვა რეაქტიულ ფრთოსან რაკეტებთან ერთად, რასაც ასევე დაემატება პირველი სამამულო წარმოების ბალისტიკური რაკეტებიც, მაშინ ოკუპანტ რუსეთს კიდევ უფრო მძიმე დღეები ელის სამხედრო აეროდრომებზე გახშირებული თავდასხმებისა თუ ნავთობტერმინალების სისტემატური აგიზგიზებით, რაც უკვე მეტ ზეგავლენას მოახდენს ფრონტის ხაზზე არსებულ ოპერატიულ ვითარებაზეც...