ახალგაზრდების საოჯახო მეურნეობა ბაილეთში - კვირის პალიტრა

ახალგაზრდების საოჯახო მეურნეობა ბაილეთში

ადამიანები, რომლებიც ქალაქიდან სოფელში მიდიან და იქ შრომას იწყებენ, პატივისცემას იმსახურებენ. ჩვენი რესპონდენტიც, ერეკლე მამინაშვილი, მათ რიცხვს განეკუთვნება. მან მეუღლესთან, ჩვენს კოლეგა მერი ტაბატაძესთან ერთად სოფლად საოჯახო მეურნეობის გამართვა გადაწყვიტა.

ერეკლე მამინაშვილი:

- ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში დავიბადე. დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის განხრით. ამჟამად ჩემი ძირითადი საქმიანობა მევენახეობაა. მოგვყავს ბოსტნეული, ხილი, ვეწევით მესაქონლეობასა და ვაწარმოებთ რძის პროდუქტებს. მეურნეობა საოჯახოა - მთელი ოჯახი ვართ ჩართული.

- განათლება ქალაქში მიიღეთ, თუმცა სოფელს დაუბრუნდით.

- თავიდან მეც მინდოდა სოფლიდან წასვლა, მაგრამ ქალაქში სწავლა რომ დავამთავრე, აქაურობა მომენატრა. ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს სოფელი. ამიტომ გადავწყვიტეთ გავცლოდით ურბანულ ქაოსს და აქ დავბრუნებულიყავით. გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა სოფლის განვითარებაში, თან ვენახის საქმეც უკვე დაწყებული მქონდა. ვფიქრობთ აგროტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარებას და ამისთვის რამდენიმე კოტეჯის დადგმას ვაპირებთ.

აქამდე ძირითადი საქმიანობა ვენახი იყო, მაგრამ წლეულს საცდელად რამდენიმე კულტურა მოვიყვანეთ, გვინდოდა ზუსტად გვცოდნოდა, რა მოდის კარგად აქ, რადგან გურიაში შედარებით ნესტიანი ჰავაა და ყველაფერი შეიძლება ვერ მოვიყვანოთ, ზოგ კულტურას უჭირს კიდეც. რაც შინ მოგვყავდა - კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, პამიდვრის სხვადასხვა ჯიში - ისედაც ვიცოდით, როგორ მოსავალს მოგვცემდა, თუმცა ახალი ჯიშებიც დავამატეთ. შარშან დავრგეთ ვაშლი, ბალი, ალუჩა.

bdde5a5d-d8f3-4cd3-b8b3-2faaf036c849-2-1786883011.jpg

ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი როცა გვესტუმრება, გვსურს მათ ბიოპროდუქტი შევთავაზოთ და აქცენტი ბიოწარმოებაზე გავაკეთოთ. ყველაფერი ორგანული უნდა იყოს - დაწყებული ვენახით, დამთავრებული ხილითა და ბოსტნეულით. შემოდგომაზე ღია გრუნტზე მარწყვიც დავრგეთ, ბიოსაშუალებებით მოვუარეთ, შევიტანეთ ორგანული სასუქი და კარგი შედეგიც მივიღეთ. ახლა სათბურის მშენებლობა გვაქვს დაწყებული და მომავალი გაზაფხულისთვის მარწყვი უკვე სათბურში გვექნება.

- პროდუქტს ყიდით კიდეც?

- ყველაფერს არა, მაგალითად, ყველს აქაურ ბაზარში ვყიდით. სავარაუდოდ, ყურძნის წლევანდელ მოსავალს გავყიდით, მარნის აშენება გვინდა და ყურძნის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს ამ საქმეს მოვახმართ. პირველი მოსავალი შარშან უნდა აგვეღო, მაგრამ საგაზაფხულო წაყინვებმა დაგვიზიანა. ახლა თადარიგი დავიჭირე და ვენახი ყინვისგან გადავარჩინე.

e70c7653-9fb4-4512-b181-1b6fc7df40fa-2-1786883011.jpg

- მესაქონლეობას მხოლოდ მერძეული მიმართულებით მისდევთ თუ მეხორცულითაც?

- ძირითადად, მერძეულით. ახალდაბადებულ მოზვრებსა და ხბორებს ცოცხლად ვყიდით. წასაყვანად ჩამოდიან მარნეულიდან, სხვა ქალაქებიდან. ახლა 10 სულამდე გვყავს და მათგან 5 მეწველია.

- ახლა გურულ ვენახს რაც შეეხება - რამდენი ჯიში გაქვთ, რა ასაკის ვენახია?

- საკმიელას ვენახი 3-4 წლისაა. სრულ მსხმოიარობაში ახლა შევიდა. ეტაპობრივად გავაშენეთ გურული წითელი ყურძნის ჯიში ჭუმუტა. შარშან დავამატეთ ოცხანური საფერეც (გურულ ჯიშად ითვლება, თუმცა იმერეთშიც არის გავრცელებული). საკოლექციოდ ცოტ-ცოტა სხვა ჯიშებიც გვაქვს: ჯანი, ალადასტური და მტრედისფეხა. ჯამურად წლეულს 400-500 ლიტრ ღვინოს ველოდებით. ჯერ ბოთლებში არ ჩამოგვისხამს, თუმცა ორიოდ წელიწადში ამასაც ვაპირებთ.

21146f5b-060e-47bc-879e-134d36d679fc-2-1786883010.jpg

გურული ვაზის ჯიშები ნელ-ნელა პოპულარული ხდება. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ჭრაქი და სხვა დაავადებები შემოვიდა, ეს ჯიშები თითქმის გადაშენდა. მანამდე გურიაში ვენახი ხეებზე ჰქონდათ გაშვებული (მაღლარი) და წამლობა არ სჭირდებოდა. დაავადებების შემოსვლის შემდეგ ხეებზე ვაზი გახმა. მაგ პერიოდში საძირედ ადესა შემოიტანეს, მაგრამ დამყნობის ნაცვლად ადესა გავრცელდა.­ არადა, გურიაში უამრავი უნიკალური ვაზის ჯიში გვქონდა. ახლა 30-მდე ჯიშია აღდგენილი და უმეტესობისგან მაღალი ხარისხის ღვინო დგება.

დასავლეთ საქართველოს ღვინოები უფრო ხალისიანი ხასიათითა და სასიამოვნო მჟავიანობით გამოირჩევა. ნიადაგი უწყობს ხელს, რომ მტევანს მჟავიანობაც კარგი ჰქონდეს და შაქრიანობაც. საბოლოოდ გამოდის მსუბუქი, ხალისიანი და ხავერდოვანი ღვინო. აღმოსავლეთის ღვინოებთან შედარებით, ტანინები ნაკლები აქვს.

05fbdd0b-0c8e-4a16-b185-6fdb2459d5b7-2-1786883010.jpg

- როგორ უვლით?

- წამლობა, მწვანე ოპერაციები, ბალახის საფრის კონტროლი... ნიადაგის დახვნას არ ვაკეთებთ, რადგან ბიოდინამიკური მიდგომით ეს აუცილებელი არ არის - ბუნებასთან ჰარმონიაში უნდა იყოს. ბალახს ვთიბავთ, იქვე ვტოვებთ და ის მულჩის როლს ასრულებს, რაც ნიადაგსაც კვებავს. მოვლა, ფაქტობრივად, მთელ წელიწადს გრძელდება. რთვლის დასრულებისთანავე ვაკეთებთ პირველ წამლობას, რათა ვაზმა ფოთლები დიდხანს შეინარჩუნოს, ენერგია დააგროვოს და გაზაფხულზე ენერგიულად გაიღვიძოს. ადრე გაზაფხულზე, თებერვალში ვსხლავთ. კვირტი რომ გაიშლება, საგაზაფხულო წამლობას ვიწყებთ. რთველი ჩვენთან ცოტა გვიან იწყება - ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრამდე, ზოგჯერ დეკემბერშიც. მაგალითად, ალადასტურს ნოემბერში ვკრეფთ, საკმიელასთვის კი ოქტომბრის მიწურულია კარგი პერიოდი.

ბაბუაჩემის დროს გაშენებული ცოლიკოურის ვენახი გვქონდა. მამაჩემთან ერთად მეც ვმონაწილეობდი მოვლაში. მერე ის ვენახი დაბერდა, გახმა და დაახლოებით 10 წელიწადს ვენახი არ გვქონია. შემდეგ გურული ვაზის ჯიშების აღდგენა და მათი პოპულარიზაცია გადავწყვიტეთ.

- გურიაში მარანი ღია წესით არის და ჭურები მიწაშია, ხომ?

- ჭურების მარანი ღია ცის ქვეშ გვაქვს. ადრე ჭურის თავზე კომშს ან წყავს დარგავდნენ ხოლმე - მათი ფესვები მიწას ამაგრებდა და ჭურს არ აფუჭებდა. ღვინო ქართული ტრადიციით, ჭაჭაზე დაყოვნებით ყენდება. ჭურს სპეციალური თიხისებრი მიწით (ყომრალი) ლუქავდნენ. ახლა თანამედროვე საშუალებებს იყენებენ - შუშის თავსახურს ან გრანიტის ქვებს ადებენ თავზე.

- ბაილეთი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სოფელია...

- ბაილეთი ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საკმაოდ დიდი სოფელია. ოზურგეთის ცენტრიდან ათიოდე კილომეტრში. გორაკ-ბორცვიანი რელიეფი აქვს, მოსახლეობა მჭიდროდ არ არის დასახლებული. სოფელში გვქონდა ნაკაშიძეების საგვარეულო ეკლესია (XVI ს.), ციხე-კოშკის ნანგრევები და კლდეში გამოკვეთილი სამი სენაკი. ახლოსაა ჯუმათის მამათა მონასტერი (VII-VIII სს.), საიდანაც ხელისგულზე იშლება მთელი კოლხეთის დაბლობი, კავკასიონი და შავი ზღვის სანაპირო. სოფელთან ახლოს არის X საუკუნის ჭანიეთურის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი. ჩვენი სახლის უკან ტყე იწყება, სადაც უამრავი ძველი ნასახლარი, ვენახის ნაშთი და ჭაა შემორჩენილი...

- რას ნიშნავს სოფელში ასეთი შრომა პირადად თქვენთვის?

- როცა საქმე გიყვარს და უყურებ, როგორ იზრდება შენი მოყვანილი ორგანული პროდუქტი, დაღლილობას აღარ დაეძებ. დიდი სიამოვნებაა, როცა საღამოს მშობლიურ გარემოში, სიმწვანეში ჩამოჯდები და შენი შრომის ნაყოფით დატკბები.

- როგორც ვიცი, ხეზე მუშაობთ და კარგი ნამუშევრები გაქვთ...

- ხეზე მუშაობა ყოველთვის მიზიდავდა. დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე სამზარეულოს ნივთების - ხის ჯამების, კოვზებისა და სხვა ნივთების დამზადება. ძირითადად ხელით ვმუშაობ, თუმცა დროის დასაზოგად დანადგარებსაც ვიყენებ. მეუღლეც აქტიურად არის ჩართული საქმიანობაში. მერის ძალიან უყვარს სოფელი და შრომის არ ეშინია. ახლა პატარას მოლოდინში ვართ, თუმცა ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ჩვენი მიზანი სოფლის ტურიზმის განვითარება და ბიოწარმოებაა. გვინდა ტურისტს საშუალება ჰქონდეს თავისი ხელით დაკრიფოს ბოსტანში კიტრი თუ პამიდორი, მოამზადოს საჭმელი, ჩაერთოს სოფლის ცხოვრებაში. გვინდა ვიყოთ იმის მაგალითი, რომ სოფელში დაბრუნება და აქ წარმატებული ბიზნესის კეთება შესაძლებელია.