რატომ არის ანტიპარაზიტული პრეპარატებით მოწამვლა ხშირი
ახლახან წილკანში ანტიპარაზიტული საშუალებებით დახოცილი პირუტყვის ხორცის გაყიდვა აღირიცხა. შემთხვევა სამართალდამცავებმა აღკვეთეს. ასეთი ხორცის რეალიზაცია დანაშაულია და კანონით ისჯება. თუმცა ეს ბოლო და რადიკალური საფეხურია იმ შემთხვევებთან დაკავშირებით, რომელიც ანტიპარაზიტული საშუალებებით პირუტყვის დამუშავებას ახლავს. ანტიპარაზიტული საშუალებები ცხოველის გაჯანსაღებას ემსახურება და არა მის დაზიანებას ან სულაც სიკვდილს, მეორე მხრივ, მისი მოხმარება თურმე შესაძლოა დანაშაულის განმაპირობებლადაც იქცეს. საბოლოო ჯამში, სამკურნალო საშუალებებით პირუტყვის დახოცვას კონკრეტული მიზეზი აქვს, რის შესახებაც ექიმ-ვეტერინარ ლელა ნინიძეს ვესაუბრებით.
ლელა ნინიძე:
- ანტიპარაზიტული საშუალებები სამკურნალო დანიშნულებისაა - დიდხანს დაუმუშავებლობის შემთხვევაში გამრავლებულმა პარაზიტებმა შესაძლოა პირუტყვი ან ფრინველი დახოცონ კიდეც. სამწუხაროდ, პირველად არც ის ხდება, როდესაც ანტიპარაზიტებით დამუშავებით ცხოველი იღუპება. მკვდარი ცხოველის საკვებად მოხმარება აკრძალულია და დანაშაულად ითვლება, მით უფრო, თუ ცხოველი მოწამლულია. ეს ნიშნავს, რომ მომწამლავი ნივთიერებები გაფანტულია მის სისხლში, ამიტომ ხორცის გამოყენება შეიძლება დამაზიანებლად იქცეს. შემდგომში ეს როგორ აისახება ადამიანის ორგანიზმზე, კონკრეტულად ვერ გეტყვით, რადგან თვითონ ორგანიზმზეც არის დამოკიდებული, თუმცა შედეგი საზიანოა და სწორედ ამიტომაც ითვლება დანაშაულად.
ახლა იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იქცეს ანტიპარაზიტული საშუალებები ცხოველის სიკვდილის მიზეზად. დასაწყისშივე გეტყვით მარტივ პასუხს: ყველაზე ხშირად ეს პრეპარატის არასწორად გამოყენებაა, ერთი შეხედვით მარტივი ქმედებების: გადაჭარბებული დოზირებისა და ხსნარების განზავების. საბოლოოდ ცხოველთა პატრონებისა და ნაწილობრივ, ვეტაფთიაქის თანამშრომელთა უპასუხისმგებლობასა და არასერიოზულობასთან მივდივართ. წარმოუდგენელია ამგვარად უპასუხისმგებლოდ მოეკიდო ისეთ სერიოზულ საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ცხოველთა სიკვდილიანობასა და საკმაოდ დიდ ზარალთან. ზოგიერთმა კი, როგორც ვხედავთ, შესაძლოა მოწამლული ხორცის გაყიდვაც სცადოს.
როგორ ხდება, რომ ცხოველები ამ საშუალებებით იხოცებიან? დავიწყოთ ვეტაფთიაქით. როდესაც დატილიანებული ცხოველის პატრონი ვეტაფთიაქში დატილიანების საწინააღმდეგო საშუალებას ითხოვს, ვეტაფთიაქის თანამშრომელი ვალდებულია კლიენტს ჰკითხოს, იცნობს თუ არა ამ საშუალების მოხმარების ინსტრუქციას. საქმე ის არის, რომ ანტიპარაზიტული საშუალებები გათვლილია ცხოველის წონაზე, ასაკზე - ახალშობილი ცხოველები მგრძნობიარენი არიან და შედარებით სუსტი კონცენტრაციის ხსნარით უნდა დამუშავდნენ. ეს პრეპარატები არსებობს როგორც მზა, ასევე დასამზადებელი სახით - ამპულებში. ამპულებს კი არ ახლავს ინსტრუქცია, რა რაოდენობის წყალში იხსნება და რა წონის ცხოველზე რა რაოდენობით გამოიყენება ისე, რომ უვნებელი იყოს ცხოველისთვის და იმავდროულად, კანის პარაზიტები დახოცოს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცხოველის პატრონი ამპულას სათანადო რაოდენობის წყალში ხსნის, მაგრამ კონცენტრირებულ სითხეს არ ურევს. ამის გამო ამპულის შიგთავსი, წყალში გახსნის ნაცვლად, ჭურჭლის ფსკერზე ილექება და სწორედ ეს ნაწილია ძალიან საშიში კონცენტრაცია ცხოველისთვის. მან შესაძლოა კანის ის ნაწილი დააზიანოს, გაუწითლოს, აუწვას; ან კანიდან ინსექტიციდები, რომლებიც რწყილებს ხოცავს, სულაც სისხლში გადავიდეს და მთელი სხეული მოუწამლოს.
- როგორ გამოიხატება ამ დროს ცხოველის მოწამვლა?
- არაერთი ნიშნით. მაგალითად, კონცენტრაციის დარღვევა, ბარბაცი, კრუნჩხვა, კუნთების უნებლიე მოძრაობა, მოდუნება, გუგების გაფართოება, ქაფიანი ნერწყვდენა, შებერილობა. როდესაც ადამიანი აფთიაქში მიდის და პრეპარატს მეზობლის კარნახით ყიდულობს, ეს სწორი არ არის. პრეპარატი უნდა შეიძინონ ვეტერინარის რჩევით, ან ამის საშუალება თუ არ არის, ვეტაფთიაქის თანამშრომელთან კონსულტაციით. ცხოველების პატრონებმა ისიც კი არ იციან, რომ როდესაც ცხოველს ამ საშუალებით დაამუშავებ, ის ღია სივრცეში უნდა იყოს, რათა პრეპარატის სუნმა მის სასუნთქ სისტემაზე დამაზიანებლად არ იმოქმედოს; იმავდროულად, პრეპარატის ხმარებისას ცხოველი აუცილებლად მოკლე საბლით უნდა იყოს დაბმული, რათა საკუთარ კანს ვერ მისწვდეს, პრეპარატი არ აილოკოს და არ მოიწამლოს. ხომ ელემენტარული ცოდნაა, მაგრამ ბევრმა ჯერ მაინც ვერ შეითვისა.
- როგორც ცნობილია, წილკანში სწორედ ანტიპარაზიტული პრეპარატით დამუშავების შემდეგ პატრონმა ცხოველები დახურულ სივრცეში მოათავსა და ისინი პრეპარატის სუნით მოიწამლნენ. მსგავსი შემთხვევა არაერთია.
- ჩვენი ეს საუბარი კიდევ ერთი გაფრთხილება უნდა იყოს მათთვის, ვინც ცხოველ-ფრინველთა პრეპარატებს პროფესიული კონსულტაციის გარეშე მოიხმარს. აქვე მინდა გითხრათ ცხოველთა მოწამვლისას პირველი დახმარების შესახებ. თუ ვეტერინარის გამოძახება მაშინვე ვერ მოხერხდა, მოწამვლის შემჩნევისთანავე ანტიპარაზიტული პრეპარატი ჩამობანეთ და ცხოველს დიდი რაოდენობით ნახშირი მიეცით, რათა შებერილობა მოეხსნას და კუჭის მოქმედებაშიც დაეხმაროს. ასევე უნდა შევეცადოთ, რომ არა გვერდზე, არამედ მუცლით იწვეს, რათა შებერილობა მკვეთრად არ გაიზარდოს, შემდგომ კი ვეტერინარის ჩარევა აუცილებელია.