ოთხნაირი სულგუნი თბილისელი გეოგრაფისგან - კვირის პალიტრა

ოთხნაირი სულგუნი თბილისელი გეოგრაფისგან

"დღეს დიდი მიზნები და ამბიციები გვაქვს" - ამბობს ქეთი ბოლქვაძე, რომელიც თავისი ოჯახის მეურნეობაზე გვიამბობს.

- თბილისში დავიბადე და 6 წლის ვიყავი, როცა ოჯახი წალკაში გადმოვიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.

- რა პროფესიის ხართ?

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წელს გეოგრაფია და GIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა) პროგრამების ფაკულტეტი დავამთავრე.

- თქვენს დიდ მეურნეობაზე გვიამბეთ.

- მეურნეობა 2010 წელს წამოვიწყეთ, თუმცა მანამდეც იყო პატარ-პატარა სამეურნეო საქმეები. საწარმო ოფიციალურად 2019 წლიდან ავამოქმედეთ და ლიცენზია მივიღეთ, შემდეგ წელს ფერმაც ავაშენეთ.

755246199-2099900214264265-2900016817996781700-n-2-1786883010.jpg

რომ მახსენდება, რა პერიოდი გამოვიარეთ, როგორი რთული იყო, ხანდახან მიკვირს, აქამდე რომ მოვედით. მარცხიც ბევრი იყო და წარმატებაც. საქმე საბანკო სესხით დავიწყეთ, მთელი ჩვენი მოგება მუდმივად პროცენტის გადახდაში მიდიოდა. თუმცა მთელმა ოჯახმა იმდენი შევძელით, რომ დღეს დიდი მიზნები და ამბიციები გვაქვს. მახსოვს, 15 წლის ასაკში რძის ავზებზე როგორ მათენდებოდა, ოჯახს ვეხმარებოდი, სხვა გზა არ გვქონდა...

დღეს რვა სახის პროდუქციას ვაწარმოებთ, აქედან ოთხი ძირითადია: სულგუნი, იმერული, ნადუღი და შებოლილი სულგუნი. ამას გარდა, ვაწარმოებთ კარაქს, ერბოს, დაწნულ სულგუნს, პიტნიან სულგუნს.

- სხვადასხვა სეზონზე როგორია თქვენი ყოველდღიურობა?..

- ყველა სეზონს თავისი საქმეები და სირთულეები აქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი სეზონი ბავშვობიდან ზამთარი იყო. ამ დროს სოფელში ნაკლები საქმეა და ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს.

756132994-1593422639065152-4776091945834582553-n-2-1786883010.jpg

- თქვენს პოსტებს სოციალურ ქსელში მუდამ დიდი გამოხმაურება აქვს...

- დიახ, 2025 წელს დავიწყე ჩემი ბლოგი, აუდიტორიას ფერმისა და საწარმოს ამბებს ხშირად ვუზიარებ. ეს ძალიან მეხმარება ჩემი პროდუქციის რეალიზებაში.

ფერმერული ცხოვრება არა მარტო ჩემი ცხოვრების ნაწილი, არამედ საინტერესო გამოცდილებაც არის. მაგალითად, ვეუფლები ტრაქტორის მართვას და ვსწავლობ სხვადასხვა სამეურნეო საქმეს. თუ გაქვს ფერმა და ამ საქმიანობას ბოლომდე მიჰყვები, ტექნიკა აუცილებელია, რათა უფრო მარტივად დაამუშაო კულტურები, რომლებიც მოგყავს.

- რომელი კულტურები მოგყავთ?

- აქაური ნოყიერი მიწები იდეალურია კარტოფილის მოსაყვანად. ასევე მოგვყავს ქერი და ხორბალი, მართალია ცოტა, მაგრამ მაინც. ბოსტნეული სახლისთვის პატარა ბაღჩაში მოგვყავს. თითქმის ყველანაირი კულტურა მოდის, გარდა ბადრიჯნისა, საზამთროსი და ნესვისა. თუ სოფელში ცხოვრობ, რძის პროდუქტებსაც უნდა აწარმოებდე და ჯანსაღი ბოსტნეულიც მოგყავდეს. ამაზე დიდი ფუფუნება სამყაროში არ მეგულება.

755373386-1949509259213487-8547606227827896953-n-1786883010.jpg_2.jpg

- წალკაში ხორბლის მოყვანა რთული არ არის?

- საკმაოდ რთულია და იშვიათად მოგვყავს, მაგრამ ხორბალს ვყიდით, რადგან ისე ვერ ვფქვავთ, რომ პური გამოვაცხოთ. ქერს დაფქვის შემდეგ ძროხებს ვაჭმევთ. ძალიან კარგია, კარგი წველა აქვთ. დიდი რაოდენობის მოყვანის შემთხვევაში ქერსაც ვყიდით. მუდმივად მხოლოდ დიდი რაოდენობით კარტოფილს ვყიდით.

მრავალფეროვანი გეგმა გვაქვს. გვინდა ჩვენი წარმოების მასშტაბის გაზრდა, ასევე, პროდუქციის სხვადასხვა სახეობის დამატება.