"თუ სახელმწიფო პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლიან მართვას დაკარგავს, ქვეყანა ბანქოს სახლივით ჩამოიშლება“ - კვირის პალიტრა

"თუ სახელმწიფო პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლიან მართვას დაკარგავს, ქვეყანა ბანქოს სახლივით ჩამოიშლება“

მილიონობით დახარჯული ლარი, რეაბილიტირებული ობიექტები და შედეგად არაერთგზის ჩაბნელებული ქვეყანა, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და პასუხგაუცემელი კითხვები შესრულებული სამუშაოების ხარისხზე. როდესაც ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაში ბიუჯეტიდან უზარმაზარი რესურსი მიდის, ლოგიკურად ისმის კითხვა: რამდენად ეფექტიანად იხარჯება ხალხის ფული და საერთოდ, არსებობს თუ არა ხარისხის კონტროლი? როგორც ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ამბობს, საკითხი უფრო ღრმაა და არ შეიძლება სტრატეგიულ სფეროებში ჩავარდნები უბრალო ტექნიკურ ხარვეზად ან არაპროფესიონალიზმად შევაფასოთ. როდესაც საქმე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და მილიონიან ტენდერებს ეხება, პრობლემა ცალკეული კომპანიის თუ უწყების პასუხისმგებლობას გაცდენილია და პირდაპირ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საკითხი ხდება.

- საქართველოს მსგავს ქვეყანაში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროს ხელმძღვანელობდნენ ის პირები, რომლებიც კონკრეტულ საქმეში პროფესიონალები არიან. ჩვენთან ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ხშირად მთელი უწყების თანამშრომლებს უშვებენ და მათ ნაცვლად საკუთარი გუნდის წევრები მოჰყავთ. ეს პრაქტიკა 30 წელია გრძელდება და ამიტომაც ვერ მივდივართ წინ. თუ პროფესიონალიზმზე არ იქნება დაფუძნებული სახელმწიფო მართვა, შედეგიც შესაბამისი იქნება.

- მუდმივად არის კითხვები სახელმწიფო შესყიდვების, ტენდერების სამართლიანობისა და შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ეს მხოლოდ კადრების არაპროფესიონალიზმია, თუ სისტემაში კორუფციული ინტერესებიც იკვეთება?

- კორუფციის აღმოფხვრა, რა თქმა უნდა, არც ერთ ქვეყანაში არ არის შესაძლებელი - ეს პრობლემა ყველგან არსებობს. ჩვენთან მთავარი პრობლემა ის არის, რომ შესყიდვების მოქმედი სისტემა არასწორ პრიორიტეტებზეა აგებული. პირველ რიგში, შესაცვლელია "შესყიდვების შესახებ" კანონი. დღეს ყურადღება ძირითადად ტენდერის ფასზე მახვილდება, უპირატესობა ენიჭება იმას, ვინც სამუშაოს ყველაზე იაფად შეასრულებს, მაგრამ მთავარი კითხვა უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რა ღირს პროექტი, არამედ ისიც, რამდენად ხარისხიანად შესრულდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სატენდერო კომისიას სამუშაოს რეალური ხარისხი და შემსრულებელი კომპანიის პროფესიული შესაძლებლობები სათანადოდ არ აინტერესებს. შეიძლება კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი შემოგვთავაზოს, მაგრამ რამდენად აქვს მას შესაბამისი გამოცდილება ან თუ ჰყავს კვალიფიციური კადრები და შესაძლებლობა, სამუშაო ხარისხიანად შეასრულოს? ეს არ უნდა იყოს მეორეხარისხოვანი საკითხი. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ შესყიდვების სისტემა და შესაბამისი კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია სხვა პრობლემებზე ლაპარაკი და იმის გარკვევა, კიდევ რა მიმართულებით არის საჭირო ცვლილებები. თუ თავიდანვე არასწორად არის განსაზღვრული კრიტერიუმები, მხოლოდ კონტროლის გამკაცრება შედეგს ვერ მოგვცემს.

images-1786884932.jpg

- საიდან უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება? ხომ არ ვდგებით კადრების დეფიციტის წინაშე, მარტივია დღეს ქვეყანაში ისეთი პროფესიონალების მოძიება, რომლებიც უწყებებს სათავეში ჩაუდგებიან?

- დიახ, და ეს, პირველ რიგში, ჩვენი მთავრობების პასუხისმგებლობაა. თანდათან ძველი, საბჭოთა პერიოდის პროფესიონალი კადრები გაქრა. ამ 30 წლის განმავლობაში ისინი დაბერდნენ, წავიდნენ და მათი შემცვლელი თაობა სათანადოდ ვერ აღვზარდეთ. რატომ? იმიტომ, რომ ყურადღება პროფესიონალი კადრების მომზადებასა და განვითარებაზე კი არა, ძირითადად ტენდერებსა და იმაზე გადავიდა, ვინ რა პროექტს მიიღებდა. საბოლოოდ კი საქმე სათანადოდ არ კეთდება. გზებს რომ შეხედოთ, საბჭოთა პერიოდში აშენებული გზები ძალიან იშვიათად ინგრეოდა. მაშინ გარკვეული პროფესიული გამოცდილება და სტანდარტები არსებობდა და ინფრასტრუქტურა შესაბამისი ცოდნით შენდებოდა. დღეს კი ხშირად ვხედავთ უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, ხიდები ინგრევა, მეწყრები ჩამოდის და ა.შ. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ცალკე საკითხია, როგორ ტარდება ტენდერები, როგორ ხდება გამარჯვებული კომპანიის შერჩევა, ვინ ამზადებს გზის პროექტს, დიზაინს და საერთოდ, რა პროფესიული კრიტერიუმებით ფასდება შესრულებული სამუშაო. ერთი რამ ცხადია: არ შეიძლება ყველაფერი უცხოურ კომპანიებს გადავაბაროთ და საკუთარი პოტენციალი დავივიწყოთ. უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობა პრობლემა არ არის, მაგრამ სახელმწიფომ პარალელურად საკუთარი კვალიფიციური კადრები და პროფესიული შესაძლებლობები უნდა განავითაროს. ჩინური კომპანია გააკეთებს საქმეს, წავა თავის სამშობლოში და შემდეგ, თუ მისი გაყვანილი გზა დაინგრევა, მას შეიძლება საერთოდ აღარ ჰქონდეს ამაზე პასუხისმგებლობა. ამიტომ ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარ კვალიფიციურ კადრებსა და პროფესიონალებს უნდა ეყრდნობოდეს. ქვეყნის მშენებლობა და განვითარება უნდა იყოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნავენ და არა მხოლოდ დროებით მოწვეული კომპანიების.

- ხომ არ არის შესაძლებელი, რომ რიგ შემთხვევებში საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე?

- მე შეთქმულების თეორიების მომხრე არა ვარ. ასეთ მძიმე ბრალდებებს მტკიცებულებები სჭირდება და ვარაუდებზე, ეჭვებსა და მარჩიელობაზე დაყრდნობით მსგავსი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. მე მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ, რისი ფაქტიც მაქვს. მაგალითად, სუს-მა დაიწყო გამოძიება, ქვეყანა სამჯერ რომ ჩაბნელდა. სად არის შედეგი? რა დადგინდა და რატომ არ ვიცით საბოლოო პასუხები? ჩემი აზრით, პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ უწყებაში ან ხელისუფლებაში არ არის. მთელი სახელმწიფო სისტემა მეტ-ნაკლებად გაჟღენთილია დილეტანტიზმით და ეს თითქმის ყველა სფეროში იჩენს თავს. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდია, რადგან, თუ სახელმწიფო პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლიან მართვას დაკარგავს, ქვეყანა ბანქოს სახლივით ჩამოიშლება.

- ძლიერმა წვიმამ თბილისში კვლავ შექმ­ნა პრობლემა...

- თბილისში მსგავსი სტიქიური მოვლენები ადრეც ხდებოდა. ყველას გვახსოვს 2015 წლის წყალდიდობა, როდესაც ზოოპარკი დაიტბორა და ცხოველები გაიქცნენ. მე თვითონ მახსოვს შემთხვევები, როდესაც პლეხანოვზე ხალხი წყალში დადიოდა, გმირთა მოედანზე პირადად მე მომიწია წელამდე წყალში სიარულმა. თბილისი რთულ ტოპოგრაფიულ პირობებში მდებარეობს და ამიტომ მას განსაკუთრებული მართვა სჭირდება. სტიქიური მოვლენები ბუნებრივია და მათი სრულად თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მთავარი სწორედ მათი მართვა და შედეგების შემცირებაა. ეს პრობლემა მხოლოდ ბოლო წლებში არ შექმნილა, ის გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელია. შესაბამისად, მისი ხელის ერთი მოსმით გადაწყვეტაც შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვსვამ საკითხს მართვაზე. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს განათლებით, პროფესიონალი კადრების მომზადებით და მთლიანად სისტემის თავიდან აშენებით. უნდა არსებობდეს შესაბამისი კვლევები და ცოდნა, განსაკუთრებით თბილისის გეოლოგიური და ჰიდროლოგიური თავისებურებების შესახებ. უნდა ვიცოდეთ, როგორ მოძრაობს გრუნტის წყლები, რა მიმართულებით მიედინება მიწისქვეშა წყლების ნაკადები და როგორ უნდა ვმართოთ ისინი. სხვა ქვეყნების გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ. მაგალითად, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ძალიან ძლიერი წვიმები და სტიქიური მოვლენები ხდება, მაგრამ საინტერესოა, როგორ მართავენ ისინი ასეთ რისკებს და როგორ არის ქალაქი ამისთვის მომზადებული. სწორედ ასეთი გამოცდილება უნდა შევისწავლოთ და მოვარგოთ საქართველოს რეალობას. საბოლოოდ, ისევ პროფესიონალიზმთან მივდივართ. როდესაც ქვეყანაში პასუხისმგებლობას არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა ანაცვლებს, პრობლემა ერთ კონკრეტულ სფეროში აღარ რჩება, ის მთელ სახელმწიფო სისტემას აზიანებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ ქვეყნის მართვა ცოდნაზე, პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზე იყოს დაფუძნებული.

ხათუნა ბახტურიძე