"ანკორიჯში იყო კომპრომისული შეთანხმება, რომ რუსები მხოლოდ დონბასს იღებდნენ და ომი მთავრდებოდა, მაგრამ...“ - თორნიკე შარაშენიძის პროგნოზი: როდის დასრულდება ომი?! - კვირის პალიტრა

"ანკორიჯში იყო კომპრომისული შეთანხმება, რომ რუსები მხოლოდ დონბასს იღებდნენ და ომი მთავრდებოდა, მაგრამ...“ - თორნიკე შარაშენიძის პროგნოზი: როდის დასრულდება ომი?!

ტრამპმა მხარდამჭერებთან გამართულ მიტინგზე განაცხადა, რომ ირანის საბოლოო დამარცხების შემდეგ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებს და ამერიკის ნებართვის გარეშე იქ ვერც ერთი გემი ვერ გაივლის. ირანმა კი უპასუხა, რომ "მუქარის არ ეშინია"... აშშ-მა უკვე გაგზავნა ავიამზიდი, რომელიც ერთ კვირაში ჩავა და ჩაანაცვლებს იმ ავიამზიდს, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ამ ტერიტორიაზეა და თან პრობლემები შეექმნა. ნიშნავს ეს თუ არა, რომ აშშ ირანში ახალი კონფრონტაციისთვის ემზადება და როგორ აისახება ეს რუსეთ-უკრაინის ომზე, რომლის ბედიც, ცხადია, არსებითად არის დამოკიდებული უკრაინისთვის "პეტრიოტების" მიწოდებაზე - ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.

- მოდი, ფაქტებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ - რომელი მხარე ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას? უკრაინა. შესაბამისად, ვინ არის უფრო რთულ მდგომარეობაში? რა თქმა უნდა, უკრაინა. აქედან გამომდინარე, რუსეთს მიაჩნია, რომ დრო მასზე მუშაობს და თუ ასე გაგრძელდება, ნელ-ნელა კიდევ წაიღებს ტერიტორიებს.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ რუსებმა ამ ეტაპზე პრაქტიკულად გააჩერეს ოდესის პორტი. ეს ძალიან სერიოზული დარტყმაა, პირველ რიგში კი ეკონომიკაზე. სამხედრო ტვირთებს, ალბათ, როგორმე სლოვაკეთიდან მიაწვდიან, თუმცა ეს ისეთი გზაა, რომლის დაბლოკვაც საკმაოდ მარტივია. კაცმა არ იცის, ზამთრისთვის უკრაინა რა სიტუაციაში აღმოჩნდება. თუ აქამდე "პეტრიოტები" ჰქონდა და რაკეტებს იგერიებდა, ახლა ირანის ომის გამო "პეტრიოტები" აღარ აქვს.

ტრამპი კი შეჰპირდა თვე-ნახევრის წინ ზელენსკის, "პეტრიოტების" წარმო­ების უფლებას მოგცემთო, მაგრამ ამერიკა "პეტრიოტების" წარმო­ების უფლებას ასე მარტივად არავის აძლევს. არის რაღაცები, რასაც სხვას არ უთმობს: პირველი - იარაღის წარმოება და მეორე - ხელოვნური ინტელექტი. ამ ორს არავის აძლევს

და რომც მიეცა, მის აწყობას წლები დასჭირდებოდა. სანამ უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობას დაიწყებდნენ, რუსები ასჯერ დაუბომბავდნენ. ეს თავიდანვე ზღაპარი იყო. რამდენად დაიჯერა ეს ზღაპარი ზელენსკიმ, არ ვიცი.

- ტრამპმა განაცხადა, რომ ის ირანს დაამარცხებს და ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის საკუთრებად გამოაცხადებს. დაიწყებს ამერიკა ირანში ახალ კონფრონტაციას?

- მგონი ამერიკაში ფიქრობენ, როგორმე დაასრულონ ეს კონფრონტაცია. ამისთვის ირანთან ისეთი შეთანხმებაა საჭირო, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააკარგვინებს სახეს - პირველ რიგში, ამერიკას, რადგან ამ ეტაპზე მან ირანში ვერაფერს მიაღწია.

ამ ომის შემდეგ ირანის ეკონომიკამ კი მიიღო დარტყმა, მაგრამ მისი სამხედრო-პოლიტიკური გავლენა რეგიონში ძალიან გაიზარდა. ის სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. არაბული ქვეყნები უკვე იმაზე ფიქრობენ, რომ ალტერნატიული მილ­სადენები გაიყვანონ, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ დასჭირდეთ, თუმცა ამას წლები დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ეს ვითარება ასე წყნარად გაგრძელდეს - ოფიციალური სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდოს, მაგრამ აღარც ერთმანეთს ესროლონ. ამით ორივე მხარე, ამერიკაც და ირანიც, კმაყოფილი დარჩება. ერთადერთი, ვინც ამით უკმაყოფილო იქნება, ისრაელია, თუმცა ამერიკა ყველაფერს ნამდვილად ვერ გადააყოლებს ისრაელის ინტერესებს.

ამერიკაში არჩევნებზე ყველაფერი შიდა­ეკონომიკური ფაქტორებით განისაზღვრება, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ ნავთობის ფასია. ამიტომაც ირანთან კიდევ ერთი გამწვავება, მით უმეტეს, კონგრესის მოახლოებული არჩევნების წინ, ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - ამერიკას ბევრი ნავთობი აქვს, მაგრამ დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის, რადგან ეს რესურსი კერძო კორპორაციების ხელშია, ისინი კი, მეტი მოგების მისაღებად, ექსპორტზე ყიდიან და ქვეყანაში არ ტოვებენ. შესაბამისად, ამერიკაში ბენზინის ფასზე ნავთობის მსოფლიო ტარიფები მოქმედებს.

უკრაინის "პეტრიოტებით" მომარაგების საკითხში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია - ტრამპს, განსხვავებით ევროპელებისგან, უკრაინაში ომის დამთავრება ეჩქარება და შესაძლოა ეს იყოს მიზეზი, რის გამოც არ აძლევს მათ "პეტრიოტებს". ამიტომაც ეუბნება ევროპელებს, თქვენ ხომ გინდათ ომი გაგრძელდეს და მაშინ თქვენვე დაეხმარეთო.

ანკორიჯში იყო კომპრომისული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსები მხოლოდ დონბასს იღებდნენ და ომი მთავრდებოდა. ეს შეთანხმება არც უკრაინელებს მოეწონათ და არც ევროპელებს. უკრაინამ ევროპის იმედით თქვა უარი, რის შემდეგაც ტრამპს შეუძლია განაცხადოს, მე რუსებთან რაღაცას მივაღწიე, თქვენ უარი თქვით და ახლა თავად მიხედეთ უკრაინელებსო. ტრამპი ამას იმიტომ აკეთებს, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღიდან იმეორებს, ომი უნდა დავამთავროო.

- ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი და ტრამპი ერთმანეთში მოლაპარაკებებს მართავენ. რა შანსია, რომ ეს რეალური იყოს?

- მაგას თუ ფიქრობს, წესით, საჯაროდ არ უნდა ეთქვა.

ზელენსკი კი ენდობა ევროპელებს, მაგრამ ამერიკასთან შედარებით ევროპას სად აქვს იმის შნო, რომ მას რეალურად დაეხმაროს? უკვე მეოთხე წელია ევროპა იარაღდება, მაგრამ სად არის ეს შეიარაღებული ევროპა? გავიდა ოთხი წელი და შედეგი არ ჩანს. უკრაინაში ომი რომ მორჩება და კიდევ ორი წლის შემდეგ თუ შეიარაღდებიან, უკრაინას ამით რა ხეირი?

- დავუშვათ, გარიგდნენ ტრამპი და პუტინი, რაზე შეიძლებოდა გარიგებულიყვნენ?

- გარიგება ანკორიჯში ნამდვილად სცადეს, მაგრამ მასზე, როგორც ჩანს, უფრო უკრაინელებმა თქვეს უარი. ამის შემდეგ ტრამპმაც ჩაიქნია ხელი. რუბიომ განაცხადა, ანკორიჯში შეთანხმება კი არა, უბრალოდ, მსჯელობა იყოო. ეს რუსებს, ცხადია, ეწყინათ, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდათ, გადაყლაპეს.

გარკვეული შეთანხმებები რუსეთსა და ამერიკას შორის არსებობს, რადგან ორივე ბირთვული სახელმწიფოა და აქვთ რამდენიმე საერთო გამოწვევა, მაგალითად, ტერორიზმი. თუმცა უკრაინის ხარჯზე რაიმე გარიგება ნაკლებად სავარაუდოა. აქ უფრო ასეთი მიდგომა ჩანს - კისერიც გიტეხიათო.

- ამასობაში ჩინეთმა, ირანმა, რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ალიანსი შექმნეს და ლამის მთელ მსოფლიოს ხელში იგდებენ. ტრამპი ამას საფრთხედ არ აღიქვამს?

- რუსეთს, როგორც ქვეყანას, რომელსაც სერიოზულ და დამოუკიდებელ მოთამაშეობაზე აქვს პრეტენზია, არ სურს ჩინეთის უმცროს პარტნიორად გადაქცევა. ჩანს, ამერიკასაც ამის იმედი აქვს - რუსეთი არ გახდება ჩინეთის უმცროსი პარტნიორი და ამერიკასთან საერთო ინტერესებს გამონახავს.

შესაბამისად, ამერიკაში ბევრი ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი სწრაფად უნდა დასრულდეს, რათა რუსეთთან ურთიერთობა რაღაც დონეზე ნორმალიზდეს და მან ჩინეთზე სრული დამოკიდებულება არ შეიძინოს. ამ ომის გაჭიანურებით, პირველ რიგში, ჩინეთი იგებს; მეორე - ომის სწრაფად დამთავრება იმიტომაც სურთ, რომ უკრაინასთან გაფორმებულია შეთანხმება იშვიათ მინერალებზე და ომის დასრულებისთანავე მათ მოპოვებას დაიწყებენ; მესამე, თუ ასე გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, რუსეთი კიდევ მეტ ტერიტორიას წაიღებს.

ტყვეებისა და განსაკუთრებით ცხედრების გაცვლისას უკრაინული მხარის დანაკარგი გაცილებით მეტია, ვიდრე რუსულის. მართალია, დაღუპულთა ოფიციალურ სტატისტიკას არ გვაძლევენ, მაგრამ ეს რეალობა ცხადყოფს, რომ ზღაპრები, თითქოს ერთ უკრაინელზე ხუთი რუსი იღუპება, სრული სიგიჟეა.

- ის, რომ რუსეთში ნადგურდება ნავთობგადამმუშავებლები და ამის გამო არის ეკონომიკური და ლოჯისტიკური პრობლემები, ეს არ ახდენს გავლენას რუსეთის შესაძლებლობებზე?

- რუსეთში ყველაფერს ორი-სამი დიდი ქალაქი წყვეტს - მოსკოვი, პეტერბურგი და კიდევ რამდენიმე მსხვილი ცენტრი, მაგა­ლითად, ეკატერინბურგი. ამ ქალაქებში ჯერ კიდევ ნორმალური ცხოვრებაა, პერიფერიები კი გაჭირვებას როგორმე აიტანენ. ევროპაში მსგავს რამეს ვერ გაუძლებდნენ, ხალხი კარგ ცხოვრებასაა მიჩვეული, რუსეთის პერიფერიებში კი ისედაც ცუდად ცხოვრობენ, ამიტომ ეგუებიან. რუსული ხასიათი სულ სხვანაირია - ოღონდ ტერიტორია დაიპყროს და გაჭირვებას მარტივად აიტანს.

არ გამოვრიცხავ, შედგეს შეთანხმება, რათა აღარ დაბომბონ ერთმანეთის სამო­ქა­ლაქო ობიექტები. სხვათა შორის, ზელენსკიმ თავის დროზე ეს პუტინსაც შესთავაზა. ეს სავსებით შესაძლებელია, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. რეალურად, მას შემდეგ, რაც ერთმანეთის სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა დაიწყეს, უფრო მეტი ზარალი მაინც უკრაინამ ნახა, მას ზღვაზე მხოლოდ ერთი გასასვლელი ჰქონდა, ოდესა, და რუსებმა ისიც დაუკეტეს. რუსეთს კი, თუ უკრაინელები ნოვოროსიისკს უბომბავენ, წყნარ და ჩრდილოყინულოვან ოკეანეებზეც აქვს გასასვლელები.

- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ევროპელი და რუსი ყოფილი მაღალჩინოსნების ვენაში საიდუმლოდ შეხვედრის შესახებ...

- ეს მგონი, ჯერ მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვაა, სანამ ომი არ მორჩება, არანაირ შეთანხმებაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

რუსა მაჩაიძე