"მადლობა, მიყვარხართ!"
"დღეს 29 მაისია, დილის 3 საათი და 30 წუთი, რაც ჩემი 79-ე დაბადების დღის ათვლა დაიწყო. ყველას უსაზღვრო მადლობა, ვინც დაბადების დღეს მომილოცავთ და განსაკუთრებით ჯანის სიმრთელეს მისურვებთ... მადლობა, მიყვარხართ", - ასე დაიწყო თავისი ბოლო დაბადების დღის ათვლა ბადრი ვადაჭკორიამ, კაცმა, რომელიც საქართველომ დაკარგა. ნაკლებად მეგულება ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა ასე ფეხდაფეხ, ზრუნვითა და სიყვარულით ჰქონდეს მოვლილი... მასთან ერთად ყოფილიყოს ჭირშიც და ლხინშიც, ომშიც და მშვიდობაშიც, დაცემაშიც და წამოდგომაშიც და ამ სიყვარულის გამხუნებელი ვერაფერი აღმოჩნდეს.
მსოფლიოს უამრავი ქვეყანა შემოიარა, ცხოვრობდა და მუშაობდა წლების განმავლობაში და ამ უნარებით ემსახურა თავის ქვეყანას, ადამიანობასა და სიკეთეს, რომელიც გაოცებდა კიდეც თავისი კეთილშობილებით. პირადად მე მისთვის ხშირად მიკითხავს, თქვენი ლამაზი ხელოვნება ერთია, მაგრამ როგორ ახერხებთ, რომ არც თქვენი ფოტოები, არც თქვენ არასოდეს ხართ აგრესიული და უამრავ ადამიანს უყვარხართ-მეთქი. უთქვამს: "იმიტომ, რომ მეც ყველა მიყვარს, სიკეთის საქმნელად ყოველთვის მზად ვარ, თუ საჭირო ვიქნები. სიკეთე იმისთვის კი არ უნდა აკეთო, რომ სამაგიერო მიიღო, არამედ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეგიძლია, თანაც პასუხს არ უნდა დაელოდო. თუმცა ხშირად დავრწმუნებულვარ, რომ უკან მეტი გიბრუნდება, ვიდრე გასცემ. უცნობსა და ნაცნობს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ჩვენი გაცემული სიყვარული ადამიანამდე აღწევდეს. ხანდახან ასე შეიძლება ცხოვრება სრულიად უცნობ ადამიანს შეუცვალო სიკეთისკენ..." და თავის მსგავს თავგადასავალსაც აუცილებლად მოგიყვებოდა: "ჩემი ბედი უცნობმა ადამიანმა შეცვალა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე. ისე მოხდა, რომ ერთი გამოცდა დავწერე და მეორეზე ყველაფერი უცნობი შემხვდა. ის იყო, უნდა ჩავჭრილიყავი, რომ ერთმა გამომცდელმა გვარი მკითხა და წამოიძახა, ეს ხომ ის ვადაჭკორიაა, რომელმაც პირველ გამოცდაზე დაწერილი თემით გაგვაოცა, ამ ბიჭის ჩაჭრა არ შეიძლება, გავუშვათ, გამოცდები გავაგრძელებინოთ, ვინ იცის, ვის ვკარგავთ და ვინ გამოვაო! - აი, ამ უცნობი ქალის წყალობით გავხდი ფოტოჟურნალისტი!"
მართლაც რა მოხდებოდა, ქართულ ჟურნალისტიკასა და ფოტოგრაფიას ბადრი ვადაჭკორია რომ დაეკარგა? აღარ იქნებოდა მისი საოცარი ფოტოხელოვნება, რომელმაც მილიონობით ადამიანს სიამოვნება და ტკბობა მიანიჭა (არა მხოლოდ საქართველოში), ჩვენი ქვეყანა გააცნო, მათ შორის ჩვენც, ქართველებსაც, და უამრავჯერ გვითხრა, გახსოვდეთ, დედამიწაზე არაფერია იმაზე ძვირფასი, ვიდრე სამშობლო, ისეთი ქვეყნის შვილები ხართ, მსგავსს ვერსად იპოვით, ამიტომ დააფასეთ და გიყვარდეთო...
"ათეული წლები ტელევიზიის სპეციალური კორესპონდენტი ვიყავი, შემდეგ - დიპლომატიური სამსახურის აკრედიტებული ჟურნალისტი აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოს შესახებ გამოცემული 18 ალბომის და 13 წიგნის ავტორი ვარ, 120 ქვეყანა მაქვს შემოვლილი და ამ შრომაში ყოველთვის ვრწმუნდებოდი, რომ ყველაფრის ამოსავალი ის წერტილია, რომელსაც სამშობლო ჰქვია, კაცობრიობას სამშობლოზე უკეთესი არაფერი მოუგონია და ვერც მოიგონებს!" - ალბათ, არც არსებობს ბადრი ვადაჭკორიასთან ინტერვიუ, სადაც მას ეს სიტყვები სხვადასხვა კონტექსტით არ წარმოეთქვას, მათ შორის, ჩვენთან "კვირის პალიტრასთანაც", თანაც არაერთხელ, უამრავჯერ. ჩვენი მეგობრობა ათეულ წლებს ითვლის, სწორედ "პალიტრამედიაში" დაიბეჭდა მისი წიგნებისა და ფოტოალბომების უმრავლესობა. აქ ჰყავდა უამრავი მეგობარი, რომლებთან ერთადაც არაერთი განსაცდელით სავსე წლები გამოიარა. "კვირის პალიტრის" საახალწლო ნომრებშიც სწორედ ბადრი ვადაჭკორიას საუკეთესო ფოტოების კალენდრები იბეჭდებოდა და მას ყოველ ახალ წელიწადს მოუთმენლად ელოდა მკითხველი... ამბობდა, ჩემი ქვეყანა ყველგან ლამაზია, სადაც არ უნდა იღებდეო...
"თუ მთა-ბარში არ ვიღებ, მაშინ ქუჩებში დავდივარ გადასაღებად, სადაც ზოგჯერ ძალიან ბევრ მოქუფრულ სახეს ვხვდები. ეს ძალიან მაწუხებს. ცხოვრება რთულია, ბევრს მოქუფვრისთვის მიზეზიც აქვს, მაგრამ ერთმანეთისთვის გაღიმება და სალამი მაინც არ უნდა გაგვიჭირდეს. შეიძლება ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ ადამიანები ერთმანეთზე მხოლოდ თვალის შევლებითაც კი ვმოქმედებთ. როცა დილაუთენია კაცი დაძმარებული სახით ჩაგივლის, მერე მთელი დღე დადიხარ და იმაზე ფიქრობ, რა უჭირდა და ცხოვრებაც შავბნელად გეჩვენება. რაც მეტ სითბოს და სიყვარულს გასცემ, მით უფრო კეთილგანწყობილია შენ მიმართ სამყარო. მუდამ არ უნდა იწუწუნო, რადგან ეს მხოლოდ სხვაზე კი არა, უპირველესად შენზე მოქმედებს უარყოფითად. ზოგჯერ ერთი გაღიმება ადამიანის ცხოვრებას ცვლის, ზუსტად ასევეა სიძულვილიც. სრულიად უცხო ადამიანსაც რომ მოუშალო ნერვები შენი საქციელით, მისთვის უცებ იქცევი სიძულვილის სათავედ. მერე ის ამ აგრესიას თავის გარშემო დაატრიალებს და სხვას მოშლის: მეზობლებს, მეგობრებს, თანაც ისე, რომ ისინი ვერც მიხვდებიან, რა დააშავეს", -…ზუსტად ეს სიტყვები მითხრა ჩვენი ბოლო შეხვედრისას. არაერთხელ მიფიქრია ამ სიტყვებზე და დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ მე. როდესაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს ვკითხე, შენ და ბადრი ვადაჭკორია განუყრელი მეგობრები იყავით და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ამას როგორ ახერხებდით-მეთქი, მიპასუხა: "ბადრი ასაკოვანი იყო? მაგაზე არასოდეს მიფიქრია, ჩვენ სულ ერთად ვიყავით და ასაკობრივი სხვაობა არასოდეს მიგრძნია. მზის ამოსვლამდე მომაკითხავდა და ზოგჯერ გამთენიიდან დაღამებამდე ვრჩებოდით გადაღებებზე. ყველაზე დიდი განსაცდელის დღეებშიც, მეუღლე რომ გარდაეცვალა, არც მაშინ მოვშორებივარ. კაცს ამხელა ტრაგედია ჰქონდა და არ მახსოვს, ამ ტრაგედიით თუნდაც ერთი წუთით ვინმე დაემძიმებინა".
ცნობილმა ფოტოგრაფმა სერგო ედიშერაშვილმა გაიხსენა: "ისეთი ბადრი, თავის თავს რომ არ ჰგავდა და ღიმილი გაუქრა, მხოლოდ აფხაზეთში, ომის დროს მინახავს, დანარჩენად კი ჩვენს ჩვეულ გარემოს ნამდვილად არ ეკუთვნოდა: არც ერთხელ არავისზე სიძულვილით არ უსაუბრია, არასოდეს არავისთვის ცუდი არ უსურვებია. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი დამწყებ ფოტოხელოვანებს თუ ნიჭიერებას შეამჩნევდა, მამასავით ეხმარებოდა".
"არ შემიძლია არ გავიხსენო ეს დიდი ადამიანი: ფოტოგრაფიას ვიწყებდი, შემთხვევით გავიცანი ბადრი ვადაჭკორია და იმ დღიდან ჩემს წასახალისებლად მხარდაჭერა არ დაუშურებია. ის რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა ფოტოგრაფიისთვის ხელი გამეშვა. მან კი მითხრა, ეს არ გააკეთო, გიორგი, ძალიან საინტერესო ხედვა გაქვს და ქვეყანას გამოადგებიო და თან ფოტოკამერა მაჩუქა. ეს იყო ყველაფერი, რათა გამეგრძელებინა გზა ფოტოგრაფიაში", - მითხრა ახლა უკვე ცნობილმა სენაკელმა ფოტოგრაფმა გიორგი ნიკოლავამ, მართლაც გამორჩეულმა ქართულ ფოტოგრაფიაში... უამრავ ადამიანს გული დასწყვიტა მისმა გარდაცვალებამ - ვისაც კი ფოტოაპარატით მხარზე უცნობი ბადრი ვადაჭკორია შეხვედრია, მისგან გადაღებული ფოტოებით კი სამუდამო ახლობელი გამხდარა: ან სხვანაირად როგორ იქნებოდა, როდესაც ბადრი ვადაჭკორიას ფოტოები მხოლოდ გარეგნულს კი არა, დამალულ სილამაზესაც წარმოაჩენდა: "ვცდილობ ჩემი ქვეყნის ყოველმხრივი სილამაზე ფოტოებზე გადმოვიტანო. ვიღებ იმას, რაც განსაკუთრებით მომწონს, რადგან ვიცი, ის ჩემს გულშემატკივრებსაც მოეწონებათ. ყველაზე კარგი სეზონი ფოტოგადაღებისთვის გაზაფხული და შემოდგომაა, თუმცა საქართველოში ნებისმიერ სეზონზე იმდენ ფერს აღმოაჩენ, რომ გაოცებული და გაოგნებული რჩები... ხან ზეციდან ვიღებ, ხან დედამიწიდან, ხან ხიფათიდან და ხან სიმშვიდიდან. ეს საქმე ისე მიყვარს, შეუძლებლად მიმაჩნია ამის გარეშე ცხოვრება, მაგრამ ამაზე მეტად მიყვარს ადამიანი. ეს სიყვარული ენერგიით მავსებს, რომელიც აუცილებლად უნდა გავანაწილო, გავცე", - ამბობდა ბატონი ბადრი და მართლაც,…მისი გაცემული ენერგია დიდხანს, ძალიან დიდხანს შეინახება. ფოტო ხომ სამუდამოდ შენახული წუთებია. ჩვენ დიდხანს ვისიამოვნებთ და დავტკბებით მისი ფოტოებით, ბადრი ვადაჭკორია კი სამუდამო გზას გაუყვება...
"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს ბადრი ვადაჭკორიას ოჯახსა და მთელ საქართველოს ლეგენდარული ფოტომემატიანის გარდაცვალებას. დაე მსუბუქი იყოს მისთვის მიწა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა...