"საშველიც არ ჩანს.... ორი წლის შემდეგ, არჩევნებისთვის ვიღაც ახალი მესია თუ მოგვევლინება - ერთადერთი ეგ არის..." - დავით ზურაბიშვილის პროგნოზი: რა შემოუთვალეს თბილისს მოსკოვიდან?!
პრემიერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა იმის სათქმელად, რომ ქართველები რუსოფობები არ არიან და რუსოფობიას "უსამშობლოებს" "დიფ სთეითი" ავალებს. მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძე იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ "გეორგიევსკის ტრაქტატმა" ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა... რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, ამ საკითხზე ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს ვესაუბრეთ:
- კობახიძის ეს გზავნილები არ არის შიდა აუდიტორიისთვის გამიზნული, აშკარად პუტინისადმი მიმართვაა, ჩვენ თქვენი მტრები არა ვართ, პირიქითო... არა მხოლოდ ეს მესიჯია, ისიც, რომ თითქოს ქართველი ხალხიც არ არის მათი მტერი.
ჩემი დაკვირვებით, ეს რიტორიკა უფრო ქორწილის ინციდენტის შემდეგ წამოვიდა. ერთი-ორი დღე სიწყნარე იყო, მერე კი სოცქსელებში აგორდა კამპანია, მოდი, საქართველოში აღარ წავიდეთო. რუსეთის ოფიციალური პირებისგანაც გაისმა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან სათანადო რეაქციას ელიან. არ გამოვრიცხავ, არაოფიციალურადაც შეატყობინეს ბიძინას, კალაძეს ან კობახიძეს, თუ ასე გინდათ, მაშინ დაემშვიდობეთ რუს ტურისტებსო, ან შეიძლება კიდევ უარესიც უთხრეს.
ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკის უმეტესობა, რითაც ტრაბახობენ, რუსეთში კონტრაბანდით, სანქციებისგან თავის არიდებით, მეორადი პროდუქტის გადაზიდვებით, კონცერტებითა და რუსული ტურიზმით კეთდება. ჩვენი ეკონომიკა ძირითადად რუსეთზეა ორიენტირებული. არ გამოვრიცხავ, რუსეთის ეს მუქარა ივანიშვილისთვის იმდენად შემაშინებელი იყო, რომ რუსეთისთვის ერთგულების ფიცის დადება დაიწყეს. ეს არის "წიგნი ფიცისა 2", ოღონდ რეალობაში გაცილებით უნიჭოდ დადგმული. მაგრამ "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" - რამდენჯერაც არ უნდა დაიფიცო, არ ითვლება, რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს, ფაქტობრივად, სეპარატისტული რეგიონების აღიარებას და ახალი რეალობის მიღებას - ჯერ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას, რაც უკვე აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯია. რადგან ხელშეკრულებას სეპარატისტულ რეჟიმთან აფორმებ, რუსეთი პირდაპირ ამბობს, ჩემთან კი არა გაქვს საქმე, ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთანო. ხელისუფლება ამაზე ვერ მიდის...რუსოფობიაზე შეუძლიათ რაღაც სისულელეები ილაპარაკონ და "ისტორიულ" ზღაპრებსაც მოყვნენ, თურმე ერეკლემ ტრაქტატი რომ დადო, იმის მერე საქართველომ მოისვენა - ეტყობა, აღა-მაჰმად-ხანისა და ომარ-ხანის ლაშქრობები არ ითვლება, არც ერეკლეს წერილები...
ხელისუფლება რთულ მდგომარეობაშია - ერთი მხრივ, უნდა რუსეთთან აწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოს, რათა ფული აკეთოს; მეორე მხრივ, არ არის მზად იმ ნაბიჯებისთვის, რასაც რუსეთი ითხოვს. თან ეშინიათ, ვაითუ რუსეთმა ეკონომიკური კეთილდღეობის წყარო გადაუკეტოს.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ივანიშვილს რუსეთისგან უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე დასავლეთისგან. დასავლეთი ადამიანის ელემენტარული უფლებების პატივისცემას ითხოვს, რუსეთი კი - სეპარატისტული რეგიონების აღიარებას. ივანიშვილს არც ერთი არ უნდა... სურს, რომ ამ ერთგულების სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში რაღაც ილუზორული მხარდაჭერა მაინც გამოუცხადოს.
- კობახიძემ რუსოფობობა დაუკავშირა "დიფ სთეითს", ეს რისთვის დასჭირდა?
- "დიფ სთეითიც" რუსეთისთვის არის გამიზნული - ხომ ხედავთ, მე თქვენიანი ვარ და იმათ ვაგინებო. რეალურად, კობახიძე ბიძინას განასახიერებს, ადრესატი კი პუტინია. ფიცს, ერთგულებას, სადღეგრძელოებსა და ფარისევლურ მორჩილებას უგზავნის, ოღონდ იმ ქვეტექსტით, "დანარჩენს ნუღარ მომთხოვთ, ფულს ვშოულობთ და შემეშვითო"... მაგრამ რუსეთისთვის მათი ცარიელი რიტორიკა და "დიფ სთეითის" გინება არაფერს ნიშნავს. ამის გამო ის საქართველოში ივანიშვილების დინასტიას არ აკურთხებს. რუსეთს აქ ვიღაც კა-გე-ბეს გენერლის ან სხვა ვინმეს დასმა ურჩევნია. პუტინს პიროვნულად ეზიზღება 80-90-იანების ოლიგარქების კლასი, ბიძინაც ამ კლასის წარმომადგენელია. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებით კმაყოფილია, რადგან ვერც იოცნებებდა იმაზე, რაც ამ პოლიტიკის შედეგად მიიღო... მაგრამ რუსები კონკრეტიკას ითხოვენ, ამ კონკრეტიკაზე კი ხელისუფლება ვერ მიდის. ამიტომ არ იციან, რა ქნან და ცდილობენ მლიქვნელური რიტორიკით გავიდნენ ფონს. თუმცა რუსეთი მეტს მოითხოვს. რუსეთისგან მუქარა რეალურია, შეიძლება საზღვრის ჩაკეტვაც კი მოითხოვონ. მართალია, საქართველოდან გადის კონტრაბანდა და ამით აქაურები ხეირობენ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლით რუსეთში შემავალი ეს პროდუქცია იმდენად მცირეა, რომ სასაცილო ციფრს წარმოადგენს. რუსეთმა საზღვრები სულ რომ ჩაკეტოს, დარდი არ ექნება, ამიტომ ჩაკეტვა თუ დასჭირდა, ჩაკეტავს.
ზოგიერთს ჰგონია, რომ ივანიშვილი კა-გე-ბეს ან ეფ-ეს-ბეს ლეიტენანტი ან მაიორია. სინამდვილეში ის ტიპური რუსული ოლიგარქიული ჯიშის წარმომადგენელია, რომელიც პუტინს ეზიზღება. მათ პირადი ურთიერთობები არა აქვთ. რუსეთსა და პუტინთან თუ ვინმე იყო კარგად, ეს კახა ბენდუქიძე იყო, მაგრამ მან მოახერხა და ჩამოსცილდა. შეიძლება მისი ყველა მოქმედება არ მოგწონებოდა, მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო. არც ბიძინაა უჭკუო. თუმცა ბენდუქიძე არ იყო, ასე ვთქვათ, პარანოიდული, არ ჰქონდა შიში, პუტინი მომკლავსო, ამას კი ამის შიში აქვს. ჰგონია, თუ შვეიცარიაში ბანკი გაკოტრდა, ეს მის წინააღმდეგ გააკეთეს. ბენდუქიძემ გაცილებით რთული სიტუაციიდან შეძლო თავის დაღწევა. არადა, ძალიან ახლოს იყო პუტინთან, საპრეზიდენტო საბჭოს წევრიც გახლდათ - რუსეთისთვის აქ რკინიგზა და ნავთობსადენი უნდა მიეყიდა, მაგრამ ვერ გააკეთა. მერე თავიდან აიცილა ეს ამბავი, სხვა რანგში დაიწყო ინვესტირება და პუტინს ის არ მოუკლავს, ხომ?
ივანიშვილის გამო რუსეთი არაფერს დათმობს - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი ისედაც უჭირავს და ახლა ბიძინა მისკენ იქნება თუ არა, ეს მისთვის ტრაგიკული სულაც არ არის. არადა, ბიძინა ელოდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე რუსეთისგან რაღაც მხარდაჭერას მიიღებდა. სუს-ის მეშვეობით უკვე იმ ჭორებსაც კი ავრცელებდნენ, თითქოს ბიძინა აფხაზეთს ყიდულობსო და მსგავს სისულელეებს... უფრო და უფრო ჩავეფლობით ამ სიგიჟეებში და ჯერჯერობით საშველიც არ ჩანს. არ ვიცი, ორი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებისთვის ვიღაც ახალი მესია თუ მოგვევლინება - ერთადერთი ეგ არის.
რუსა მაჩაიძე