"კეთილი ნების ელჩი“ საქართველოდან - კვირის პალიტრა

"კეთილი ნების ელჩი“ საქართველოდან

ემიგრაციაში ათასობით ქართველი ქალი ცხოვრობს. მათგან მხოლოდ ერთეულები ახერხებენ, რომ უცხო სამყაროში არ ჩაიკარგონ და განსხვავებულ კულტურებში კეთილი ნების ელჩის მისია იტვირთონ. სწორედ ამ ქალების რიცხვს მიეკუთვნება ელიზა ხალვაში, რომელიც 28 წელია, სტამბოლში ცხოვრობს, მაგრამ მისი გული ისევ საქართველოს, მშობლიურ ქობულეთს ეკუთვნის.

- შეიძლება სხვა ქვეყანაში თავს კარგად გრძნობდე, ბედნიერი ოჯახიც შექმნა, მაგრამ ყოველთვის შენი მიწა-წყალი, და-ძმები და ნათესავები გენატრება. საქართველოში დიდი სანათესაო მყავს: მამის მხრიდან - ხალვაშები, ხოლო დედაჩემი - კონცელიძეა. პოეტი ფრიდონ ხალვაში ჩვენი ახლო ნათესავია, ხოლო ჩემი დიდი ბებია დადიანის ქალი იყო ანუ ნათესავები ამ გვარშიც გვყავს. სხვა ქვეყნებში მყოფ ემიგრანტებთან შედარებით თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ის პრივილეგია გვაქვს, რომ უფრო ხშირად ვახერხებთ სამშობლოში ჩამოსვლას. ქობულეთში დავიბადე, 19 წლისა თურქეთში გავთხოვდი. 1998 წლიდან სტამბოლში ვცხოვრობ. მეუღლე თურქია, მამის მხარეს ჩერქეზი წინაპრები ჰყავდა, ხოლო დედის წინაპრები ლაზები იყვნენ. სამი შვილი მყავს - ორი ბიჭი და ერთი - გოგო. უფროსები უკვე დიდები არიან, ვცდილობდი ქართული კარგად ესწავლათ, მაგრამ გარემოცვა ბევრს ნიშნავს. უმცროსი 14 წლისაა, პატარაობიდან სულ ქართულად ველაპარაკებოდი, თვითონაც ქართულად მპასუხობდა, მაგრამ ბაღში რომ წავიდა, ძალიან გაუჭირდა - ბავშვებს ვერ ეკონტაქტებოდა.

pirosmani-1786889017.jpg

პროფესიით თარჯიმანი ვარ და სტამბოლის კლინიკებში ვმუშაობ, სადაც ჩამოსულებს ენობრივი ბარიერის გადალახვაში ვეხმარები. ქართველები აქ ხშირად ჩამოდიან და ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო. კლინიკაში მოსული პაციენტების უმრავლესობამ თურქული არ იცის და ექიმებს მე ვუთარგმნი, რა აწუხებთ, როგორია მათი მკურნალობის ისტორია. აქ უმეტესად სიმსივნით დაავადებული ბავშვები მოჰყავთ. კლინიკაში ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ თურქმა ექიმებმა კვლევის შემდეგ უთხრეს, რომ საეჭვო არაფერი ჰქონდა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ჯანმრთელ ადამიანს ქართულ კლინიკაში ქიმიურ გადასხმებს უკეთებდნენ და მერე აქაურ ექიმებს ქიმიის შედეგების მკურნალობა მოუხდათ. ერთ პაციენტს არასწორი მკურნალობის გამო შინაგანი ორგანოები ისე ჰქონდა დაზიანებული, რომ ვეღარ გადაარჩინეს. ეს ყველაფერი ადვილი მოსასმენი და საყურებელი არ არის! საოპერაციოში შესვლაც ხშირად მიწევს, რაც დამატებითი სტრესია.

სასიამოვნო წუთებიც მაქვს, როცა ვინმე განიკურნება, ან როცა დედ-მამას ვეუბნები, რომ მათ შვილს გამოჯანმრთელების დიდი შანსი აქვს...

wm-1786889017.giorgi.jpg

- როგორც ვიცი, შესანიშნავად ქარგავთ. ეს თქვენი ჰობია თუ განტვირთვის საშუალება?

- ქარგვა ჩემთვის მარტო განტვირთვის საშუალება არ არის, ეს არის საყვარელი საქმე. თითოეულ ნამუშევარში ჩემი ფანტაზია და სიყვარულია ჩაქსოვილი. ბათუმის სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე და ეს ცოდნა ქარგვაში ძალიან დამეხმარა. ზოგიერთ ნაქარგს თვეები სჭირდება, რომ ბოლომდე მივიყვანო. ჩემი დიდი ბებია ძალიან ლამაზად ქარგავდა, ახლაც მახსოვს მისი ნაქარგი, რომელსაც დედაჩემი თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. 13 წლის ვიყავი, როცა მამაჩემის მამიდას ვესტუმრე. ის მახინჯაურში ცხოვრობდა და სამსართულიანი სახლის კედლები თავისი ნაქარგებით ჰქონდა მორთული.

ძალიან მიხარია, როცა საქართველოში გამოფენებში ვმონაწილეობ. სექტემბრის ბოლოს ბათუმში ანსამბლ "ურსას" საქველმოქმედო კონცერტი უნდა გაიმართოს, გამოფენის მოწყობასაც მპირდებიან და ვნახოთ, ეს ჩანაფიქრი როგორ ამისრულდება. რამდენიმე გამოფენა ქალაქ ბოდრუმშიც მქონდა. ჩემი შემოქმედებით ვცდილობ საქართველო ყველას გავაცნო და მიხარია, რომ ეს მეტ-ნაკლებად გამომდის.

ხათუნა ჩიგოგიძე