გიორგი არველაძე: „კიდევ შევიტანთ!“
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბენზინის მწვავე დეფიციტია, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს რუსეთის სასარგებლო ნაბიჯია და არღვევს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რადგან გამორიცხული არ არის, საწვავი აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებსაც მოხმარდეს. პარალელურად, სოხუმმაც დაადასტურა, რომ "საქართველოდან საწვავის შემოტანისთვის ხელი არ შეუშლიათ". დიდი დისკუსიაა აფხაზურ ტელეგრამარხებშიც - ხელისუფლებას "მტერ ქართველებთან" თანამშრომლობის გამო აკრიტიკებენ და სვამენ კითხვას: "რას ითხოვს საქართველო ბენზინის სანაცვლოდ?"
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში ის სპეციალური თანხმობით შეიძლება განხორციელდეს, მათ შორის ჰუმანიტარული მიზნებით... ირაკლი კობახიძის განცხადებით, მსგავსი ეკონომიკური საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის ფარგლებშიც. მისი თქმით, თუ საქართველოს შეუძლია აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას მძიმე ვითარება შეუმსუბუქოს, ხელისუფლება ამას კანონის ფარგლებში მომავალშიც გააკეთებს.
კობახიძის განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. დაისვა კითხვები: ვინ შეიტანა ბენზინი, რა ოდენობით, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ეს და ვინ გააკონტროლებს, მოხმარდება თუ არა საწვავი რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას?„
"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას თქმით: "პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, აღნიშნული ტვირთი მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ჰუმანიტარული მიზნებით დაიხარჯა, თუ მოხმარდა რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რეგიონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას".
"ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ "ბენზინის შეტანა კატეგორიულად მიუღებელია. კერძო ბიზნესს ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მთავრობის დადგენილების გარეშე არ შეუძლია და კომერციული ხელშეკრულება ბიზნესსა და სეპარატისტებს შორის "ოკუპაციის შესახებ" კანონის დარღვევაა".
"ნაცმოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა ამბობს: "ქართული ოცნება" საწვავის დეფიციტის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმისთვის მთავარ მაშველ რგოლად გვევლინება, ეს მხოლოდ მტერთან კოლაბორაცია კი არა, ეროვნული ინტერესების ღალატია".
ოპოზიციონერი რომან გოცირიძის განცხადებით, აფხაზეთში ბენზინგასამართი ქსელის დიდი ნაწილი "როსნეფტსა" და მასთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის, ეს ნიშნავს, რომ საწვავის შეტანით ქართულმა კომპანიამ დაარღვია საერთაშორისო სანქციები და დაარღვია კანონი "ოკუპაციის შესახებ". მისივე თქმით, "საწვავი ომის დროს არის იარაღი. აფხაზეთი არის აგრესორი რუსეთის მოკავშირე და იქ საწვავის შეტანა შესაძლოა რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას ნიშნავდეს".
ამ ბრალდებებს "ქართული ოცნების" წევრმა რატი იონათამიშვილმა უპასუხა: "სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ აფხაზეთში გაგზავნილი რამდენიმე ცისტერნა რუსეთის მოსამარაგებლად იყო განკუთვნილი. დავალებული აქვთ, თუნდაც ყველაზე ბინძური და ანტიქართული ნაბიჯებით ხელი შეუშალონ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ნდობის აღდგენის პროცესს"...
"ეს იყო 300 ტონა ბენზინი და გალის იქით არ გასულა"
გაირკვა, რომ აფხაზეთში ბენზინი შპს "სოლიდუსმა" შეიტანა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის მინიჭებული აქვს "სპეციალური საწარმოს სტატუსი". კომპანიის მფლობელი გიორგი არველაძე ამბობს, რომ აფხაზეთში არა 3000, არამედ 300 ტონა საწვავი შეიტანეს.
- დიდი ხანია აფხაზებთან ერთად ვსაქმიანობ, მყავს აფხაზი პარტნიორები. ყოველთვის ვეძებ ახალ შესაძლებლობებს. ჰოდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ საწვავი აღარ არის ბაზარზე, მარაგებს ვერ ანაწილებენ. ჩასული ვიყავი და აფხაზ პარტნიორებთან მქონდა საუბარი, რომ ჩვენ აქედან გალის მოსახლეობას მივაწვდიდით ბენზინს. 300 ტონა შევიტანეთ, 10 მანქანა, სულ სამი დღის განმავლობაში... ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად - ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში. ყველაფერი კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა.
- ეს საწვავი ბენზინგასამართ "როსნეფტის" სადგურებზე შევიდა?
- "როსნეფტს" ჩვენი დახმარება არ სჭირდება. გალის რაიონში არის ათობით მცირე ბენზინგასამართი სადგური, რომელიც დაკეტილი იყო, ბენზინი არ ჰქონდათ. ვიკითხეთ, ზუგდიდში რამდენი გალელი იყო ბოლოს გადმოსული და ბენზინი რამდენს მიჰქონდა - აქ ცალკე ქართველები ჩხუბობენ, იქით ცალკე - აფხაზები...…
- რამდენი წელია, რაც აფხაზეთში ბიზნესსაქმიანობის შესაძლებლობა გაქვთ? რა შეგაქვთ?
- ძირითადად ვმუშაობდით კვების პროდუქტებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ვაჭრობა არ გაჩერებულა 30 წელია. ამას ოფიციალური სახე მიეცა 2018 წლის შემდეგ, რაც დაიხვეწა კანონი "ოკუპაციის შესახებ". მე ვიყავი პირველი, ვინც ამ სტატუსით ისარგებლა...
- ბენზინის შეტანას ცალკე ნებართვა არ სჭირდება?
- არ სჭირდება არანაირი ცალკე ნებართვა, უნდა იყიდო და წაიღო.
- ლაპარაკი იყო იმაზეც, რომ საწვავი შესაძლოა რუსულმა ბაზებმა გამოიყენონ.
- ეს იყო ბენზინი და არა დიზელი, 300 ტონა ბენზინი, და გალის იქით არ გასულა. თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ. სურვილი სულ არის, რომ რაღაცები გაკეთდეს, მაგრამ თუ ახლა ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა მერე არაფერი...…
- აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც შემოდის რაიმე პროდუქცია?
- აფხაზეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადმოდის. კანონით არ არის აკრძალული, ვთქვათ, თხილი და რაღაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მაგრამ თვითონ აფხაზეთში წარმოებული პროდუქციის გადმოტანა აქ რთულია, იმიტომ რომ თუ აქციზურია საქონელი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მხარეს ეს კონტრაბანდული იქნება. ეგ მექანიზმი დასახვეწია... აფხაზეთში პროდუქცია ქართულწარწერიანი არ უნდა იყოს და საქართველოს კონტროლირებად მხარეს აფხაზურწარწერიანი და აფხაზური აქციზით. არ არის ეს მარტივი თემა, 33 წელია ეს კონფლიქტია. მე აქციზურ პროდუქციაზე არ ვმუშაობ, ძალიან ძვირია და აზრი არ აქვს. მულტიწარწერიანი რაც არის, ის მიდის მარტივად.
გამოხმაურებები სოხუმიდან
თბილისის განცხადებიდან მალევე კომენტარი გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ. სოხუმის განმარტებით, რუსეთიდან საწვავის მიწოდება კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებით კვლავ გრძელდება, თუმცა ეს არასაკმარისია და "არსებული ვითარების განმუხტვის მიზნით გადაწყდა, რომ საქართველოდან საავტომობილო საწვავის შემოტანას ხელი არ შეშლოდა". განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევები წარსულშიც ყოფილა და 1990-იან წლებში, ომის შემდეგ, საწვავი აფხაზეთიდან საქართველოს მიმართულებითაც მიეწოდებოდა. სოხუმი ასევე აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებიდან საწვავ-საპოხი მასალების შემოტანას ხელს არ შეუშლის.
საწვავის თემამ დისკუსია აფხაზურ ტელეგრამარხებზეც გამოიწვია. "საჩუქრად გამოგვიგზავნეს? სანაცვლოდ რას ითხოვენ?"; "ქართველები ხვალაც კი ყველაფერს მოგვცემენ, რაც გვჭირდება, უბრალოდ ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ"; "რატომ უნდა გვქონდეს ბენზინის შემოტანაზე პრეტენზია, კრიზისის დროს ეს ხელსაყრელია!"; "საინტერესოა, რამდენ ხანში დაიწყებენ უცხოეთის აგენტები ქება-დიდებას - მადლობა მოძმე ქართველ ხალხს დახმარებისთვის!"
ნაწილი დე ფაქტო ხელისუფლებისგან ითხოვს განმარტებას: "მოგვიყევით, რა პირობებით შემოაქვთ ქართველებს საწვავი?"; "სუვერენული სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საკუთარი ეკონომიკური ინტერესები კანონებისა და მთავრობის დადგენილებების საშუალებით და არა ასე: ქართველებს მოუნდათ და, სანამ რუსული საწვავი ჩამოვა, დაე, ბენზინი შემოიტანონ"; "საინტერესოა, საერთოდ რაიმე დოკუმენტაციას აფორმებენ თუ უბრალოდ ასე, ყოველგვარი გაფორმების გარეშე გადმოდის ქართული ბენზინმზიდები საზღვარზე?"
"აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა იყოს!"
მამუკა არეშიძე, კონფლიქტოლოგი: - ერთ-ერთი ექსპერტი ამბობდა, საწვავს რუსული ბაზებისთვის გამოიყენებენო - ეს არის საქმის უცოდინარობა! ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის] მომარაგება და არაფერში სჭირდებათ იქ საქართველოდან შეტანილი 300 ტონა ბენზინი. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესგარიგება. უკანონოა? დაისაჯოს, ვინც გააკეთა ეს, მაგრამ მე ამ შემთხვევის სამართლებრივ მხარეს ვერ შევაფასებ. აგერ, პაატა დავითაია იურისტია და მოვუსმინოთ მაშინ დავითაიას, თუმცა, ზოგი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ლაპარაკობს ასე... აფხაზეთშიც იგივე ხდება, ორად არის გაყოფილი აზრი, ზოგი მთავრობას აგინებს უკანასკნელი სიტყვებით, როგორც ჩვენთან. სასაცილოები ვართ. მე ვეთანხმები პრინციპს, რომ აფხაზეთთან ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები უნდა არსებობდეს, მაგრამ დახმარება და ბიზნესი სხვადასხვა რამეა. ბიზნესიც უნდა იყოს, ეკონომიკური ურთიერთობებიც უნდა იყოს, მაგრამ ამას თავისი ფორმა უნდა ჰქონდეს და უფრო ფართო ინიციატივების პაკეტში უნდა ჯდებოდეს. მე მაკვირვებს ის, თუ რაში იხარჯება ამხელა ენერგია ამ საკითხზე. მსგავსი რამ ადრეც ხდებოდა - 2008 წლის ომამდე და შემდეგაც იყო არაერთი შემთხვევა. მაგალითად, შეჰქონდათ ყურძენი, რომლისგანაც იქ ღვინოს ამზადებდნენ, ლიმონათი და სხვა პროდუქცია. იყო შავი ბიზნესის შემთხვევებიც. მახსოვს, პაშა არძინბას (არძინბების კლანის წარმომადგენელი, ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავი) შემთხვევა. აფხაზეთიდან იშვიათი ხის მასალა გამოდიოდა და ფოთიდან გადიოდა. კეთდებოდა ისე, თითქოს ეს მასალა აფხაზეთიდან არ იყო და კონკრეტული ზუგდიდელის საკუთრებას წარმოადგენდა. ეს შავი ბიზნესი იყო და ყველამ იცოდა ამის შესახებ.
მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ შევქმენით სისტემა, რომელიც აფხაზ მოსახლეობას საქართველოსკენ მოაბრუნებს. ეკონომიკური ურთიერთობები ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გვინდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინ ის პოლიტიკა, რომელიც არსებობს ამ ხელისუფლების დროს და არსებობდა წინა ხელისუფლების დროსაც, არასრულყოფილია.
ეკატერინე ბასილაია