თურქეთის ოპოზიციის ანტიქართული პოზიცია?! - პაატა ზაქარეიშვილის ანალიზი: რატომ ითხოვს ზოგიერთი პარტია აფხაზური „პასპორტების“ აღიარებას - კვირის პალიტრა

თურქეთის ოპოზიციის ანტიქართული პოზიცია?! - პაატა ზაქარეიშვილის ანალიზი: რატომ ითხოვს ზოგიერთი პარტია აფხაზური „პასპორტების“ აღიარებას

თურქი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა აფხაზური ე.წ. პასპორტების თურქეთის ტერიტორიაზე სამგზავრო დოკუმენტებად აღიარება და აფხაზეთთან პირდაპირი საზღვაო და საჰაერო კავშირების აღდგენა მოითხოვა. პრესკონფერენცია თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში გაიმართა და მას რვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატები და თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრესკონფერენციის ორგანიზატორი იყო კამპანია „Stop the Isolation of Abkhazia“ ("დაასრულეთ აფხაზეთის იზოლაცია"). განცხადება პარლამენტში თურქეთის მუშათა პარტიის (TİP) დეპუტატმა აჰმედ შიქმა წაიკითხა. მთავარი მოთხოვნებია: თურქეთმა აფხაზური ე.წ. პასპორტები სამგზავრო დოკუმენტებად აღიაროს, აფხაზეთის ოფიციალური აღიარების საკითხისგან დამოუკიდებლად, და აღდგეს პირდაპირი საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა თურქეთსა და აფხაზეთს შორის. "თურქეთი აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს,…მაგრამ სახელმწიფოს სტატუსის უარყოფა და იქ მცხოვრები ხალხის იგნორირება ერთი და იგივე არ არის", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ახალი გზის" თავმჯდომარის მოადგილე სელჩუკ ოზდაღიმ. მისი თქმით, აფხაზეთში დაბადებულ ახალგაზრდას არაღიარებული პასპორტის გამო არ უნდა შეეზღუდოს თურქეთის უნივერსიტეტში სწავლა, ავადმყოფს კი სამკურნალოდ ჩასვლის შესაძლებლობა.

"ჰუმანური იქნებოდა, გალელების უფლებებზეც რომ ელაპარაკათ"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ საქართველოს თავად უნდა გადაედგა მსგავსი ნაბიჯი. აფხაზური ე.წ. პასპორტები დიდი ხანია აღიარებული გვაქვს შიდა ქართულ დოკუმენტებად. აფხაზებს, ისევე როგორც ოსებს, ჯანდაცვას, განათლებას, პროექტ "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" სწორედ ამ აფხაზური და ოსური ე.წ. პასპორტებით ვთავაზობთ. ეს ჩემი მინისტრობისას მოხდა. ჩემი ინიციატივა იყო, რომ რადგან ეს დოკუმენტები შიდა მოხმარებაში უკვე აღიარებული გვაქვს, ისინი საქართველოს პირადობის მოწმობად, საქართველოს დოკუმენტად გვეცნო და მათი მფლობელებისთვის თურქეთსა და სომხეთში მიმოსვლის უფლება მიგვეცა. თან კარგი დამთხვევაა, რომ ამ ორ ქვეყანაში პირადობის მოწმობით მოგზაურობის შესაძლებლობა გვაქვს. ეს არ ნიშნავდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს შიდა სივრცეში საქართველოს სახელმწიფოს აღიარებული დოკუმენტია. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და ახლა ეს ინიციატივა უკვე თურქული გახდა.

თურქი დეპუტატების ინიციატივა კი ძალიან არაკორექტული განცხადებაა. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ აფხაზებს რუსული პასპორტებით უვიზოდ შეუძლიათ თურქეთში მოგზაურობა. ცრუობენ, როცა ამბობენ, აფხაზები იზოლირებული არიანო. თუ ადამიანის უფლებებზე ზრუნავ, რატომ არ იღებ ხმას გალის რაიონში მცხოვრები ქართველების შეზღუდულ უფლებებზე? ამიტომ ეს პოლიტიკური განცხადებაა. ჰუმანური იქნებოდა, თუკი ამ საკითხებთან ერთად გალელების უფლებებზეც ილაპარაკებდნენ.

- როდესაც აფხაზური "პასპორტების" აღიარებაზე საუბრობდით, გალის მოსახლეობის მდგომარეობას თუ აყენებდით წინა პირობად, აფხაზური მხარისგან თუ ითხოვდით ქართველების უფლებების აფხაზებთან გათანაბრებას?

- ჩვენი მიზანი იყო აფხაზი მოსახლეობის მიმოსვლის გაადვილება საქართველოს ტერიტორიაზე და მათი უფლებების გათანაბრება იმ უფლებებთან, რომლებიც საქართველოს გალელებისთვის უკვე ჰქონდა მინიჭებული. გალელებს ქართული პასპორტები აქვთ და მსოფლიოში გადაადგილდებიან.

- რატომ უნდა მიგვეცა აფხაზებისთვის ეს დამატებითი შესაძლებლობა წინა პირობის გარეშე?

- იმიტომ, რომ ისინი ამაზე უარს იტყოდნენ. ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა ის დოკუმენტი, რომელიც მათ უკვე ჰქონდათ და რომელსაც ჩვენ ისედაც ვიყენებთ ჯანდაცვასა და სხვა ქართულ პროგრამებში. სტატუსობრივად ახალი არაფერი იქნებოდა, უბრალოდ, საქართველოს დოკუმენტად გვექცია არა მხოლოდ შიდა სივრცეში, არამედ გარეთაც.

- რეალურია თურქეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი საზღვაო ან საჰაერო კავშირის აღდგენა?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელი ინიციატივა თურქეთის ხელისუფლების კი არა, ოპოზიციისაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, არ ავურიოთ ერთმანეთში ოპოზიციური განცხადება და სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია.

- თურქეთის აფხაზურ დიასპორას რამდენად შეუძლია თურქეთის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა?

- თურქეთში აფხაზური დიასპორა ჩერქეზული დიასპორის ნაწილია. ჩერქეზული დიასპორა თურქეთში ძლიერია. ჰყავს წარმომადგენლები პარლამენტში, ძალოვან სტრუქტურებში... აფხაზური დიასპორა ამ დიდი ქსელის ნაწილია. თურქეთში ის უფრო აქტიურია, ვიდრე იორდანიაში, ეგვიპტეში, სირიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც აფხაზური წარმოშობის პირები უფრო მეტად არიან ინტეგრირებული საზოგადოებაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესი შემთხვევითი არ არის. თუმცა არა მგონია, ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, ამ ინიციატივას ავტომატურად გაატარებს, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს საქართველოს წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯის გადადგმას. სულ მცირე, საქართველოსთან მოლაპარაკებას დაიწყებენ და არა ტელევიზიით გამოსვლებს.

ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რას ვაპირებთ აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით. ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ ის არ არის, რომ ერთ დღეს იმ ტერიტორიაზე მიმოსვლის საშუალება გქონდეს. ტერიტორიული მთლიანობა ნიშნავს, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს განათლებას, ჯანდაცვას, ელექტროენერგიასა და ბენზინს აძლევ. რასაც იღებენ, ის არის კავშირის ნაწილი, რასაც არ იღებენ, სწორედ იმაზე უნდა იმუშაო - ეს არის კონფლიქტის მოგვარების ნაწილი.

ეკატერინე ბასილაია