ევროპული ნატოს ჩვენამდე „მოჩოჩებამდე“ საქართველოს საზღვართან „მუსლიმანური ნატო“ შეიქმნა
სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და კერძოდ, საქართველოს სიახლოვეს უდიდესი მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს - ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და ამასთანავე ოკუპანტ რუსეთს სხვა მეზობელთან, უკრაინასთან იმხელა ომი აქვს გაჩაღებული, რომლის მსგავსი ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არ უნახავს, სამხრეთში კი ისევ დიდი გაურკვევლობაა - შეთანხმდებიან თუ არა მშვიდობაზე ირანი და აშშ, თუ იქაც დიდი ომი განახლდება, ამჯერად სახმელეთო ბრძოლების ჩათვლითაც ...და ასეთი უდიდესი დაპირისპირებების ფონზე გასულ კვირას ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, "მუსლიმანური ნატო" დაიბადა - მექაში ხელი მოეწერა სამი ქვეყნის - თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის სამმხრივ თავდაცვით ხელშეკრულებას.
ახლო აღმოსავლეთში ეს ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი მიზნად ისახავს სამი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობასა და კოლექტიურ უსაფრთხოებას, რადგან ისინი რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებს პასუხობენ.
რეგიონში ძველი მოკავშირის, აშშ-ის მიერ სტაბილურობის კონტროლი სულ უფრო რთულდება, რამაც სუნიტური სახელმწიფოების ახალი სტრატეგიული ალიანსის შექმნა დააჩქარა. ოფიციალური პირების განმარტებით, შეთანხმება სრულად თავდაცვითია და გულისხმობს მხარეთა ერთობლივ მოქმედებას კოლექტიური თავდაცვის მუხლის ფარგლებში, რითაც ის ძალიან წააგავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ცნობილ მეხუთე მუხლს კოლექტიური უსაფრთხოების თაობაზე, როდესაც ნატოს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა აღიქმება მთელ ალიანსზე შეტევად და ერთობლივი სამხედრო მოქმედებების დაწყებად.
მაგრამ ვინ ემუქრება საუდის არაბეთს, პაკისტანსა და თვით იმ თურქეთსაც (რომელიც ისედაც არის ნატოს წევრი და, წესით, უკვე უნდა ჰქონოდა უსაფრთხოების გარანტიები ევროპიდან და ამერიკიდან), რომ ამ სამმა სახელმწიფომ, რომლებსაც არათუ საერთო სახმელეთო ან საზღვაო მეზობლობა არ აკავშირებთ, არამედ ასეულობით კმ-ებით არიან ერთმანეთისგან დაშორებული, ერთობლივი თავდაცვა გადაწყვიტეს?
აქ მთავარი უცნაურობაა ის არის, რომ ისრაელი და ირანი ერთობლივად მიიჩნევიან პოტენციურ მოწინააღმდეგეებად, მაშინ, როდესაც თავად ეს ორი ქვეყანა ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდაა გადაკიდებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რამაც დააჩქარა "მუსლიმანური ნატოს" შექმნა, ისიცაა, რომ ამ რეგიონში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიოს დაანახვა, რომ იმავე საუდის არაბეთში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზები ვერ უზრუნველყოფენ ამ ქვეყნისკენ მასობრივად გაშვებული ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონების მოგერიებას, უფრო მეტიც, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში თავად ამ ამერიკული სამხედრო ბაზების სრულ უსაფრთხოებასაც კი ვერ ახერხებს.
"ახლო აღმოსავლეთის ნატოს" შექმნის შემდეგ ძალზე საინტერესო სიტუაცია ყალიბდება. თუ ირანმა რაიმე ახალი მიზეზის გამო კვლავ გაუშვა ბალისტიკური რაკეტები საუდის არაბეთისკენ, რა რეაქცია ექნებათ პაკისტანსა და თურქეთს? ისლამაბადი და ანკარა საპასუხოდ დაარტყამენ თეირანს, მაშინ როდესაც პაკისტანელები და თურქებიც შუამავლის როლს ასრულებენ ამერიკა-ირანის დღევანდელ მოლაპარაკებებში? ან კიდევ ისრაელსა და თურქეთს შორის თუკი შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, საუდის არაბეთი სამხრეთიდან შეუტევს ისრაელს, ხოლო პაკისტანი კი ბალისტიკური რაკეტებით "წაეხმარება" თურქეთს ისრაელის წინააღმდეგ?
ხოლო, თუკი ორ ბირთვულ სახელმწიფოს - პაკისტანსა და ინდოეთს შორის მორიგი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, თურქეთი და საუდის არაბეთი ინდური სამხედრო ხომალდების ჩაძირვას დაიწყებენ არაბეთის ზღვაში?
საინტერესო სიტუაცია იქმნება სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი თურქეთს "უფროს ძმად" მოიხსენიებს და მართლაც, რომ არ ყოფილიყო თურქეთის ფაქტორი და ერდოღან-პუტინის პირადი ურთიერთობა, ალიევს ძალიან გაუჭირდებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუმცა, მეორე მხრივ, 44-დღიან ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო წარმატებას ძალიან შეუწყო ხელი ისრაელის მიერ ბაქოსთვის მიყიდულმა თანამედროვე შეიარაღებამ, რამაც აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის სამხედრო-ტექნიკური, პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განამტკიცა და რა პოზიციას დაიკავებს ალიევი, თუკი თურქეთსა და ისრაელს შორის დღეისათვის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება?
ძალიან ბევრი რთული კითხვა იბადება ამ "მუსლიმანური ნატოს" შექმნის შემდეგ, რომელსაც მალე შეიძლება რეგიონის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტემ მასში გაერთიანებაზე ჯერჯერობით თავი შეიკავა. სამაგიეროდ, ქუვეითი, კატარი თუ ბაჰრეინი შეიძლება დაინტერესდნენ "მუსლიმანურ ნატოში" გაწევრებით, რადგან ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და კამიკაძე-დრონებისგან მათაც ბევრი მტკივნეული დარტყმა მიიღეს და დაინტერესებული არიან უსაფრთხოების ზომების გაზრდით, რადგან ტრამპის ამერიკა, რომელიც ისრაელის "წაბიძგებით" ჩაერთო ირანთან საჰაერო ომში, ვეღარ ახერხებს სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცის გარანტირებულად "ჩაკეტვას" და ვერც მათი ნავთობით დატვირთული ტანკერების ნაოსნობის სრულ უსაფრთხოების გარანტიას უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გავლისას.