„ნამდვილი იყო ყველაფერი - ტყვიების ცვენა, შეჯახება და ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდა“
ფილმ "ფორსაჟის" მე-9 ნაწილის გადაღებები საქართველოში 2019 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მიმდინარეობდა. ეს იყო მასშტაბური ჰოლივუდური პროექტი პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ეგიდით. ეთო მდინარაძე იმ იღბლიან ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ფილმში გადასაღებად შეარჩიეს.
- წლების წინ საქართველოში კასტინგი გამოცხადდა, ფოტოებს გვიღებდნენ, რომლებიც ბაზაში ინახებოდა. როდესაც ჰოლივუდთან მოლაპარაკება შედგა, მოითხოვეს ფილმში შესარჩევად გადაეგზავნათ ფოტოები, მათ შორის ჩემი ფოტოც იყო, შემარჩიეს და ასე მოვხვდი გადაღებაზე.
- ამ ფილმის მიმართ უდიდესი ინტერესი იყო...
- დიახ, მსოფლიო ელოდებოდა, "ფორსაჟის" მე-9 ნაწილი როდის გამოვიდოდა. მე მხვდა ბედნიერება, 7 ეპიზოდში მიმეღო მონაწილეობა. ჩემთვის ბოლო ეპიზოდი გამორჩეული იყო, მარტო ვიყავი კადრში და ამდენი კამერა ჩემკენ იყო მომართული. ეს ფილმის რეჟისორის გადაწყვეტილება იყო.

- მანამდე რა გამოცდილება გქონდათ?
- ძალიან ბევრ ფილმში მიმიღია მონაწილეობა, ეპიზოდურშიც, მასობრივ სცენებშიც, ჩამონათვალი ძალიან ბევრია: "იდეალური დედა", "ხელოვნური სუნთქვა", "ჩემი ცოლის დაქალები", ასევე უცხოური ფილმები... მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი კორიფეებს: კახი კავსაძეს, გივი ბერიკაშვილს, ზურაბ ქაფიანიძეს, ლეო ანთაძეს, ლია კაპანაძეს... ვთამაშობდი ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ავთანდილ სახამბერიძეს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის, რომ დავფუძნებულიყავი ხელოვნების სფეროში.
- ისევ "ფორსაჟის" მე-9 ეპიზოდის გადაღებას დავუბრუნდეთ...
- რაც შეეხება "ფორსაჟს", ის განსხვავდებოდა სხვა გადაღებებისგან, სხვა ემოცია იყო - მონაწილეობა ფილმში, სადაც მსოფლიო ვარსკვლავები თამაშობენ, დიდი სიამოვნებაა. მოგეხსენებათ, ფილმში მონაწილეობენ: დენიელ ქეისი, ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ჯორდანა ბრეუსთერი, ტაირიზ გიბსონი, ლუდაქრისი, ნატალი ემანუელი... ამ მსახიობებიდან მხოლოდ სამი იყო ჩამოსული, დანარჩენებს დუბლიორები განასახიერებდნენ - ანუ ტიპაჟები ძალიან ჰგავდნენ მსახიობებს და მერე ხდება ვარსკვლავების ჩასმა.
- გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, რაც გადაღებიდან დაგრჩათ.
- ის, რაც იქ ხდებოდა, შთამბეჭდავი იყო ჩემთვის და ყველასთვის... ხომ წარმოგიდგენიათ, ტყვიების ცვენა, რა თქმა უნდა, არასაბრძოლო, თუმცა კაფსულები ცვიოდა და თუ თავს არ შეაფარებდი, შეიძლებოდა დაეზიანებინე. რეალურად ვუყურებდით მანქანების შეჯახებას და იმ წუთში ისეთი შეგრძნება გქონდა, რომ მართლა იქ და იმ სიტუაციაში იყავი. თამაშიც არ გჭირდებოდა, ისე გიპყრობდა შიში და აღშფოთება. ერთ-ერთი ეპიზოდი იყო ქაშუეთის წინ, სადაც მარტო მივდივარ, ირგვლივ ტყვიების წვიმაა, მე გავრბივარ და ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდება... თავშესაფარს ვეძებ, შემდეგ თავს ვაფარებ, სროლა კი გრძელდება. ნამდვილი იყო ყველაფერი, ტყვიების ცვენა, შეჯახება და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდებოდა, ზიანდებოდა მანქანები... გადაღების შემდეგ ბავშვები და დიდებიც ტყვიებს კრეფდნენ და სამახსოვროდ მიჰქონდათ. ასეთი ფართომასშტაბიანი გადაღება არ ყოფილა საქართველოში. გადაღებები თვეზე მეტხანს გრძელდებოდა, უმეტესად თბილისსა და რუსთავში. რუსთავში გადაღებაზე ვერტმფრენიდან მოდიოდა ტყვიების წვიმა - ეს შემზარავი სანახაობა იყო. ისეთი შეგრძნება გქონდა, შენც იყავი ბრძოლაში ჩართული. გადაღება რამდენიმე მთიან რაიონშიც იყო, ოღონდ იქ კასკადიორებს იღებდნენ, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ. ყველას ნანახი გვაქვს ჰოლივუდის ფილმები და ვიცით მათი სპეცეფექტების მაღალი ხარისხი და ზუსტად ეს ხიბლავს მაყურებელს.
- რას ნიშნავდა თქვენთვის ეს ყველაფერი?
- ძალიან ბევრი ადამიანის ოცნებაა ფილმში გადაღება და როცა ჰოლივუდზეა ლაპარაკი, ეს ზენიტია. როგორც ბატონი კახი კავსაძე იტყოდა, არ არსებობს დიდი და პატარა როლი. ჩემს გმირს ამ ფილმში კონკრეტული სახელი არა აქვს. როგორც ამბობენ, კიდევ აპირებს ჩამოსვლას ჰოლივუდის გადამღები ჯგუფი და იმედია, ამჯერადაც მოვხვდები მსახიობთა შორის.