ქართული მართლმსაჯულების ქაღალდის ხუხულა - კვირის პალიტრა

ქართული მართლმსაჯულების ქაღალდის ხუხულა

"მიმდინარე წლის ბოლო თვეებში აშკარა იყო პოლიტიკური თავდასხმები სასამართლო სისტემაზე, თუმცა, იყო ადეკვატური პასუხი და ყველამ გაიგო, რომ ასეთი თავდასხმები სასამართლოს დამოუკიდებლობას ვერაფერს დააკლებს. მოსამართლეებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც პროცესებზე იღებდნენ. ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებზე წამოვიდა, თუმცა მათ გააგრძელეს ობიექტურად მუშაობა. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელსაც ასევე გააგრძელებენ. მოსამართლეებმა გააკეთეს ის, რომ 2005 წლისა და დღევანდელი სასამართლო ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან", - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა 2012 წლის შეჯამებისას და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დასრულდა სასამართლო სისტემის სტრუქტურული რეორგანიზაცია. მისივე თქმით, დაუშვებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებების შეზღუდვა, უფლებამოსილება არ უნდა შეიცვალოს კონკრეტული ხელისუფლების ნება-სურვილით. "ჩვენ შევეცდებით, ამასთან დაკავშირებით, იყოს მყარი გარანტი, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას", - განაცხადა კუბლაშვილმა.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ გასული წლების განმავლობაში უამრავი კითხვა გაჩნდა სწორედ ამ ნაქები და ნალოლიალევი ქართული მართლმსაჯულების მიმართ. კონკრეტული მაგალითების ჩამოთვლაზე ამჯერად არ შევჩერდებით და მკითხველს ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გავაცნობთ, თუ როგორ გამოიყურება გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა პროცენტულად სხვადასხვა წლებში:

1937-1940 წწ - 10%; 1941-1945 წწ - 10%; 1946-1950 წწ - 9%; 1967-1970 წწ - 1.0%; 2004 წ - 0,7; 2005 წ - 0,8%; 2006 წ - 0,2%; 2007 წ - 0,05%; 2008 წ - 0,01%; 2009 წ - 0,01%; 2010 წ - 0,01%, 2011 წ - 0,01 %. გასულ წელს მდგომარეობა არ შეცვლილა და გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა 0,01%-ს ისევ ვერ ასცდა. გამოდის, რომ 37 წელს, რეპრესიების დროს, როცა ხალხს ზოგჯერ უდროო დროს ჩახველებისთვის ხვრეტდნენ, სასამართლოს უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი გამოუტანია, ვიდრე 2011 წელს, როდესაც მთავრობისა და დასავლეთის ჩაგონებით, საქართველოში დემოკრატია ჰყვაოდა, რომლის ერთ-ერთ კოკორად სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ რეორგანიზებულ-რეფორმირებული მართლმსაჯულების სისტემა მიიჩნეოდა.

მეტიც, გამამართლებელ განაჩენთა ასეთ მიზერულად მცირე მაჩვენებლსაც კი იურისტები ხელოვნურად გაზრდილს უწოდებენ და ასე ხსნიან:

"უდანაშაულო ხალხს ჯერ იჭერდნენ, რომ შემდეგ გამამართლებელი განაჩენი გამოეტანათ და ამით გაეზარდათ სტატისტიკა", – აცხადებს იურისტი დიმიტრი ხაჩიძე.

ამ მონაცემებსა და კიდევ რამდენიმე საკითხზე კომენტარისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ როგორც აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ქეთი ტყეშელაშვილმა გვაცნობა, ბატონი კოტე ვეღარ გაგვესაუბრებოდა.

სამაგიეროდ, გასულ წლებში ქართული მართლმსაჯულების "შესაშური წარმატებების" მიზეზებსა და საფუძველზე საუბარი არ დაიზარა ევროსასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, სამართალმცოდნეობის დოქტორმა მინდია უგრეხელიძემ:

- ბატონი კუბლაშვილის შეფასება არის განწირული ადამიანის უკანასკნელი ფართხალი. ძალიან ვწუხვარ, რომ ადამიანი, რომელსაც ასეთი კარგი იურიდიული განათლება აქვს მიღებული გერმანიაში, ზღაპრებს ყვება, რადგან მეტი არაფერი დარჩენია და ამით თავის დაცვას ცდილობს. ეს სხვა არაფერია, თუ არა თვითგადარჩენის ინსტინქტი. მას უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ ყოფნის უფლება დიდი ხანია არ აქვს. როდესაც პრეზიდენტმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, კუბლაშვილმა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა: - მე მკაცრი სისხლის სამართლის მომხრე ვარო... არადა, მოსამართლე, რომელიც ამას იტყვის, უფლებამოსილი არ არის, ამ თანამდებობაზე იყოს. სიმკაცრე და ლმობიერება იმის მიხედვით უნდა შეიცვალოს, თუ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. იმას ვგულისხმობ, რომ თუ ადამიანმა მსუბუქი დანაშაული ჩაიდინა, მის მიმართ ლმობიერი უნდა იყო და სასჯელიც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი უნდა იყოს. მაგრამ შენ თუ ყოველთვის სიმკაცრის მომხრე ხარ, როგორც განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, შესაძლოა, ჯალათიც კი გეწოდოს. არა მგონია, ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ძალიან კვალიფიციური ცოდნა მიიღო, ამას ვერ აანალიზებდეს, მაგრამ ეტყობა, მას ჰგონია, რომ ქართველ ხალხს თავის უფლებებსა და საერთოდ, სამართლებრივ სფეროზე წარმოდგენა არ აქვს. საბედნიეროდ, ქართველების განათლების დონე გაიზარდა. კარგი იქნება, თუ ბატონი კოტე ამ წერილს წაიკითხავს, რადგან დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, მასაც მივმართავ, მართლმსაჯულების კრიტერიუმები არსებობს, რომლის მთავარი და ერთადერთი მიზანი სამართლიანი შედეგია. სწორედ ამით იზომება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და არა, შენობების ელექტრონული და გათბობის სისტემით აღჭურვით.

- ბატონო მინდია, რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ 1937-1940 წლებში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა – 10% იყო, ხოლო გასულ წელს ასეთ საქმეთა რაოდება 0,01%-ს არ ასცილებია?

- ეს არის აქამდე არსებული ქართული მანკიერი სასამართლო სისტემის სახე. არსებობს მართლმსაჯულების სიმბოლო თემიდა და შურისძიების სიმბოლო ნემესიდა. ჩვენ თემიდას კი არა ნემესიდას ქვეყანაში ვიცხოვრეთ და შედეგი სახეზეა. ეს იყო ხელისუფლებისგან ნაკარნახევი პოლიტიკური მოტივი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად გააანალიზოს ეს ციფრები, რომლითაც წლების მიხედვით გამამართლებელ საქმეთა პროცენტულობაა წარმოდგენილი. თუმცა, ბოლო დროს ქვეყანაში მართლმსაჯულების უსამართლობა იმდენად თვალსაჩინო იყო, ციფრებიც არ სჭირდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სასამართლოსთან შეხება ჰქონია, გეტყოდათ, თუ რა გამოიარა. ამ საახალწლოდ კუბლაშვილს ცუდი არაფერი მინდა ვუსურვო, მაგრამ როდესაც 1937 წლის სასამართლო სისტემის მონაცემები 2012 წლის "დემოკრატიული" საქართველოს მართლმსაჯულებას ობიექტურობით ჯობნის, მას ღირსება უნდა ეყოს და გაჩუმდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)