რა ვისწავლეთ და რა ვერა 35 წლის განმავლობაში - კვირის პალიტრა

რა ვისწავლეთ და რა ვერა 35 წლის განმავლობაში

ჩვენი, ყველას, ერის და ბერის, პრობლემა ის არის, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წელი გავიდა, ვერ გავისიგრძეგანეთ, რომ ეს სახელმწიფო ყველა ჩვენგანისაა და მიუხედავად შიდაპოლიტიკური ქიშპობისა, რაღაც თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ, რათა სახელმწიფო არ დავაზიანოთ. ვერ გავიაზრეთ, რომ თუ ჩვენს სახელმწიფოს, სახელად საქართველოს, პრობლემები შეექმნა, ეს თითოეული ჩვენგანის პრობლემაა და არა მხოლოდ იმათი, ვინც ხელისუფლებაშია. მმართველ გუნდს კი ყველაფერი ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ასმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება და უფლებებთან ერთად, აქვს ვალდებულებებიც.

გია ბარამიძის გაუაზრებელმა განცხადებამ (ან რა გააზრება სჭირდებოდა აბსურდსა და ტყუილს?!), თითქოს აფხაზეთის ომში ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, ჩვენს ქვეყანას მიაყენა დარტყმა, რადგან ეს ხელზე დაიხვიეს როგორც რუსებმა, ისე მარიონეტე­ბმა ანტიქართული პროპაგანდისთვის, იმ ხალხის შეურაცხყოფისთვის, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის იბრძოდა. თან ვინ თქვა ეს ორლულიანი სისულელე?! ყოფილმა შს და თავდა­ცვის მინისტრმა. კი ბატონო, ინტერვიუს დროს ათასი სისულელე შეიძლება წამოგცდეს (თუმცა, თუ გამოცდილ პოლიტიკოსობაზე დებ თავს, არ უნდა წამოგცდეს!), მაგრამ ხომ შეიძლება მიხვდე, რამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს შენი ნათქვამი აბსურდი, ვის დააზი­ანებს პირველ რიგში და სთხოვო წამყვანს, მოდი, ამოვიღოთ ეს ეპიზოდიო. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ რაღაცის დამალვაზე - ლაპარაკია პირდაპირ ქვეყნის დამაზიანებელ ტყუილზე. აი ის, იაგო ხვიჩია ნუთუ ვერ მიხვდა, რამხელა აბსუ­რდთან ჰქონდა საქმე? არ არის აუცილებელი აფხაზეთში იბრძოდე, რომ იცოდე, როგორ ექცეოდნენ ქართველები ტყვეებს და პირიქით, როგორ ხოცავდნენ სეპარატისტები, რუსები და სხვა ათასი ჯურის ბოევიკები ქართველებს ქალიან-ბავშვიანად.

ბარამიძის კოლეგა-ოპოზიციონერები ჯერ გაინაბნენ და შემდეგ დაიწყეს მისი დაცვა, - სისულელე კი თქვა, მაგრამ პატრიოტიაო. დიდი ვერაფერი შეღავათია ბარამიძის პატრიოტობა იმ ზიანისთვის, რაც ქვეყანას მიადგა. აბა, ვკითხოთ აფხაზეთში მებრძოლებს, რომლებსაც "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სამხედრო დანაშაული დააბრალა, თვლიან კი ისინი ბარამიძეს პატრიოტად? კი ბატონო, მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ ესეც უკან მიდევნებული ლამპარია. სიტყვებს და აზრებს გაკონტროლება უნდა, მით უმეტეს, როდესაც ეხები ისეთ დიდ ქართულ ტრაგედიას, როგორიცაა 1992-1993 წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენები. აფხაზეთთან დაკავშირებული აბსურდული თემები კი არ უნდა ვიკვლიოთ, არამედ ის, თუ ბოლოს და ბოლოს რა მოხდა, რატომ წავაგეთ იქ ომი; რატომ ვერ მოახერხეს ოჩამჩირიდან დაძრულმა ქართულმა შენაერთებმა კოდორის ხაზის გარღვევა და სოხუმში შესვლა, მით უმეტეს, თავად აფხაზეთის ომის ვეტერანების არცთუ ისე მცირე ნაწილის თქმით, ძალები საკმაოდ სოლიდური იყო. ალბათ, ყველას აქვს თავისი სათქმელი, თუმცა...

იქნებ ჯობს, ამასაც თავი დავანებოთ? იმიტომ, რომ სოხუმის დაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, შევარდნაძის ხელისუფლების სიბეცესთან ერთად (რომელმაც მძიმე ტექნიკა ფოთში გადმოზიდა), ჩვენი ურთიერთგაუტანლობა და ფეხის დადე­ბაა ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში. თუ ყველაფერში დეტალურად ჩავიხედავთ, შესაძლოა ძალიან ბევრ ვინმეზე წაგვიხდეს წარმოდგენა. სამწუხარო ის არის, რომ ურთიერთგაუტანლობა წყევლასავით მოგვდევს ამ 35 წლის განმავლობაში...

ვინ როდის გახდა რუსოფობი

"ოცნებამ" დიდი შეტევა დაიწყო ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც "ნაცმოძრაობიდან" ამოიზარდა. ბრალდება მარტივია - ხელისუფლებაში ყოფნისას ამჟამინდელი ოპოზიციონერები 2008 წლის ომის შემდეგ რუს ტურისტებს, რუს ინვესტიციებს მიესალმებოდნენ, ლაპარაკობდნენ რუსეთთან კულტურული ურთიერთობების აღდგენაზე და ა.შ. 2022 წელს კი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რადიკალი ანტირუსები გახდნენო, ამბობს "ოცნება". ანუ შენი ომი და დაკარგული ტერიტორიები არ გტკივა და სხვისი ომი გტკივაო? მოკლედ, საკმაოდ მტკივნეული ილეთი ჩაუტარეს "ნაცმოძრაობას" და მისგან გამოყოფილ პარტიებს. რატომ? იმიტომ, რომ სიმართლეა. დიახ, გვახსოვს უვიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის მოქალაქეებისთვის, სააკაშვილის ვოიაჟი ლარსის გამშვებ პუნქტზე, გრიგოლ ვაშაძის წერილი რუსეთის კულტურის მინისტრს (2008 წლის ნოემბერში, აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ) - ქართული კულტურული ღონისძიებებისთვის დარბაზები დაგვითმეთო. გვახსოვს ისიც, რომ სააკაშვილი 2011 წელს ნიკი­ტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში იმყო­ფებოდა, რომელსაც თავად მოფაშისტო და პუტინის ფანი რუსი რეჟისორიც ესწრებოდა. სხვათა შორის, ქორწილი საქართველოში, კერძოდ, წინანდალში გადაიხადეს.

სხვათა შორის, მიხალკოვის ქალიშვილის სტუმართა შორის იყო ლაშა ბუღაძეც, რომელიც 2011 წელს ამ ამბავს ასე ჰყვებოდა: "ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი - ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ერთ-ერთი ფილმიდან ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემს თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი…- მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა. ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელზე მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, ისა, ისა, არადა, აქ არის საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა".

სწორედ ამიტომ უჭირს "ნაცმოძრაობას" თავის მართლება, თუმცა რამდენად მართა­ლია "ოცნება", რომ საკითხს ასე სვამს? უნდა გავიხსენოთ, თუ რა სიტუაცია იყო მაშინ ქვეყანაში: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთს, იმის მაგივრად, რომ ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე (მაშინ პუტინი ჯერ კიდევ ეკეკლუცებოდა დასავლეთს და ანგარიშს უწევდა), მასთან დაიწყო გადატვირთვა. თბილისში კი მუდმივად მოდი­ოდა მესიჯები, დაალაგეთ ურთიერთობა მოსკოვთან, სხვანაირად არაფერი გამოვაო. დღეს ბევრს აღარ ახსოვს, რომ დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან საქართველო არაფორმალური ემბარგოს ქვეშ მოექცა - ერთ ტყვიასაც არ აძლევდნენ ქვეყანას პუტინის შიშით. სხვათა შორის, დასავლეთის ასეთმა დამოკიდებულებამ წაახალისა პუტინი, რის შედეგსაც დღეს ვხედავთ რუსეთ-უკრაინის ომის სახით... სააკაშვილიც მოერგო ამ სიტუაციას. მისთვის ყოველთვის მთავარი იყო ხელისუფლების შენარ­ჩუნება და თუ ამისთვის საჭირო იყო რუსული ფულისთვის კარის გაღება და მიხალკოვის ქორწილში სადღეგრძელოების თქმა, კი ბატონო. "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ რაც არ აწყობთ, ის წარსული თითქოს არ არსებობს. სააკაშვილი არ ცდილობს ან ბოდიში მოიხადოს, ან ახსნას, რატომ იქცეოდა ისე, რაც კითხვებს იწვევდა. არ არსებობს და მორჩა! სწორედ ამიტომაც ვეღარ მობრუნდება ის ვერასოდეს ხელისუფლებაში.

ზოგადად, ყველა ხელისუფლებისთვის რუსეთთან ურთიერთობაში სიტყვა ერთი იყო და საქმე სხვა. ზვიად გამსახურდიაზე მეტად რუსეთის იმპერიასთან მებრძოლი ვინმე იყო? არა. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე. შეგახსენებთ, 1991 წელს, მოსკოვში აგვის­ტოს პუტჩის დროს (უკვე მინავლებული საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებმა სსრკ-ის შენარჩუნების მიზნით სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადეს), გამსახურდიამ იმის გამო, რომ რუს მედესანტეებს ქართველი პირტიტ­ველა ბიჭები არ ამოეხოცათ, გააუქმა ქართული ჯარის ჩანასახი ეროვნული გვარდია და ის შსს-ს დაუქვემდებარა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კიტოვანის ამბოხება, რაც სამოქალაქო ომით დასრულდა (რასა­კვირველია, რუსული სპეცსამსახურების დიდი ხელშეწყობით). სხვათა შორის, გამსახურდიამ ურთიერთობის დალაგება რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ ელცინთანაც სცადა - ორი ლიდერი ერთმანეთს ყაზბეგში შეხვდა (1991 წლის მარტი), გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი უპირობოდ აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქართულ მხარეს დახმარებას ჰპირდებოდა ოსი სეპარატისტების განიარაღებაში (მაშინ უკვე დაწყებული იყო კონფლიქტი სამაჩაბლოში, რომლის უკან ისევ და ისევ რუსეთი იდგა). როგორ შესრულდა ხელშეკრულების პირობები, ყველას კარგად მოეხსენება.

შევარდნაძეზე დიდი დიპლომატი იყო ვინმე, ან მასზე უკეთესად რუსებს ვინმე იცნო­ბდა?! არა. მეორე პრეზიდენტის მმართვე­ლობის პირველი წლები იყო ყველა­ზე პრორუსული ხელისუფლების ეპოქა. სწორედ რუსი სამხედროების დახმარებით დაამარცხა შევარდნაძემ გამსახურდია სამოქა­ლაქო ომში. ძალოვან ბლოკს მოსკო­ვიდან ზარებით აკომპლექტებდა. თუმცა როდესაც მიხვდა, რომ აფხაზეთის დამბრუნებ­ლები რუსები არ იყვნენ, დაიწყო დიდი შემო­ბრუნება დასავლეთისკენ. თუმცა მოსკოვთან ყოველთვის დიპლომატიურად მანევ­რირებდა. არ იყო მაშინ იოლი ვითარება, ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გილაევის რაზმი იყო პანკისის ხეობაში და მოსკოვი დარტყმებით იმუქრებოდა. შევარდნაძემ მოახერხა და ფართომასშტაბიანი ინტერვენცია თავიდან აიცილა...

დღევანდელი მმართველი გუნდიც, რა თქმა უნდა, აცნობიერებს, თუ ვინ გვყავს ჩრდილოეთით მეზობლად, მით უმეტეს, გამსახურდიას, შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლებების პერიოდისგან განსხვავებით, დღეს რუსეთი აბსოლუტურად აწყვეტილია "ტორმუზებს", მთელი ცივილიზებული სამყარო გამოცხადებული ჰყავს მტრად და საქმეში ღრმად შეტოპილი კილერივით 10-ს მოკლავს თუ 20-ს, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს. დაუნდობლად ბომბავს კიევის მშვიდობიან მოსახლეობას და მიუხედავად ამისა, დასავლეთი ჯერ კიდევ თვლით აძლევს უკრაინას რაკეტებს და "პეტრიოტების" საკითხი, რომლის გარეშეც კიევი რუსული რაკეტებისთვის ღია ქალაქად რჩება, ჯერ კიდევ მოუგვარებელია. უკრაინის მხარდამჭერი ყველა ქვეყნისთვის ამოსავალი წერტილი ჯერ საკუთარი უსაფრთხოებაა და მერე ყველაფერი დანა­რჩენი. თუმცა სიფრთხილე არ უნდა გადა­იქცეს გავლენის სფეროდ - მმართველ გუნდს ვგულისხმობთ.

P.S. ახლა კამათი დაიწყო გეორგიევსკის ტრაქტატზე - კარგი იყო თუ ცუდი. ესეც არაფრისმომცემია, რადგან ის, უბრალოდ, არ შესრულდა და რუსეთმა საქართველო დაიპყრო. ისე, როგორც 1920 წლის 7 მაისის ქართულ-რუსული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რამდენიც არ უნდა ვიდავოთ სხვადასხვა პუნქტზე, მთავარი ერთია - ესეც არ შესრულდა, რუსეთმა საქართველო დაიპყრო და მორჩა!

გიორგი კვიტაშვილი