ველური ბუნების „ფოტოლიტერატურა“ - კვირის პალიტრა

ველური ბუნების „ფოტოლიტერატურა“

მაია დუიშვილი ფოტოაპარატით ხელში წლებია ნახევრად დაჭაობებულ ტბებსა და ნახევრად უდაბნოში დადის. დამთვალიერებლები მის ფოტოებს ლიტერატურასაც უწოდებენ, რადგან მათში იკითხება ზღაპარი სიცოცხლეზე და კიდევ, რომ ბუნებასთან ყოფნა გამორიცხავს სიძულვილს, შობს სიყვარულს და აბედნიერებს ადამიანს.

- უნდა გვიამბოთ, როგორ შეიძლება იქცეს კომფორტში მცხოვრები ქალი ველური ბუნების შვილად, სადაც მშვენიერ ფოტოებს ქმნის.

- ჩემში ეს სურვილი პანდემიის დროინდელმა ჩაკეტილობამ გამოიწვია. ერთ დღეს გადავწყვიტე საძულველი ჩაკეტილობა ჩემი ცხოვრებიდან გამეძევებინა. დავქოქე ავტომანქანა და წავედი. თავიდან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, თუმცა რაღაც მომენტში გამახსენდა მამაჩემი, რომელიც ამბობდა, თბილისიდან რომ გახვალ, თეთრიწყაროს გასცდები, გზა კოჯორში გადაგიყვანს, იქიდან კი თონეთ-მანგლისი იწყება, რომელიც ულამაზესიაო. იმ დღეს ამ სიტყვებს გავყევი. ავუარე თეთრიწყაროს, გადავედი კოჯორში, იქიდან კი თონეთში, მერე მანგლისში და ვერ აგიწერთ, იქაურობის სილამაზემ როგორ მომაშორა ყველა ტვირთი და სიმძიმე. ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობდი, როდესაც თვალს მოვკრავდი ცაში მოლივლივე ფრინველებს. მამასაც ძალიან უყვარდა ველური ფრინველები. ერთხელ ფოტოალბომი მოიტანა. მახსოვს, რომ დავხედე, გავიფიქრე: ალბათ, როგორი ბედნიერია, ვინც ამ ფოტოებს იღებს-მეთქი. ჰოდა, ეს ფიქრიც მაშინ ამოტივტივდა, ჩაკეტილობისგან რომ გავრბოდი. მას შემდეგ ავიღე ფოტოკამერა ხელში.

წალკასთან პატარა, ნახევრად დაჭაობებული ტბაა, ისეთი, რომელიც შესაძლოა დაუკვირვებელმა თვალმა ვერც აღიქვას. იმ ტბასთან წეროების ოჯახი და მათი თავხოტორა შვილები ვნახე, და ეს იმდენად მშვენიერი იყო, ამ ემოციით შევიძინე ფოტოლინზა, რადგან ჩემი პრიმიტიული კამერით ამ სილამაზეს, რაც არ უნდა ახლოს მივსულიყავი, სრულყოფილად ვერ გადავიღებდი. ველური ბუნების ფოტოტექნიკა უნიკალურია - თუკი ფრინველის თვალი "ჩაიჭირა", სულ თან სდევს და იღებს. თუმცა კარგი ფოტოს გადასაღებად მხოლოდ ტექნიკა არ არის საკმარისი, შიში უნდა დაივიწყო. ერთხელ ასეთი ფოტო საერთაშორისო საიტზე რომ დავდე, ცნობილმა ფოტოგრაფმა მომწერა; თუკი ეს ფოტო შენი პრიმიტიული აპარატით გადაიღე, მაშინ მე ჩემი ყველა მაღალტექნოლოგიური ფოტოები უნდა გადავყაროო...

ერთხელ, როდესაც ხანჩალის ტბაზე შორიდან ვარხვები დავლანდე, იმდენი იყვნენ, თავდაპირველად თეთრყვავილა მცენარეები მეგონა, მაგრამ რომ მივუახლოვდი, ვარხვები აღმოჩნდნენ. უცებ პირდაპირ ტბაში, შლამში შევაბიჯე. ფეხებს ძლივს ვამოძრავებდი, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ვარხვებს არ შევემჩნიე და არ გაფრენილიყვნენ. თავიდან მართლაც იმ დონემდე მიმიშვეს, რომ ისიც კი მესმოდა, ნისკარტით ბუმბულს როგორ ისუფთავებდნენ. ვერ აღვწერ, ეს რა წუთებია, მღელვარებისაგან სუნთქვა ჩერდება. ასე სუნთქვაშეკრულმა გადავიღე ჩემთვის შეუფასებელი ვარხვების ფოტოები... ხანჩალის ტბა, ბუღდაშენი, კარწახი, ყველგან ბუნების დღესასწაულია. კარწახის ტბის ნახევარი თურქეთშია მოქცეული. რეინჯერებმა მითხრეს, იქ ბევრად მეტი ვარხვი ჯდება, ვიდრე ჩვენკენ, რადგან იქ ტბას მეტი კუნძული აქვსო.

vardisperi-varxvebi-gacurvis-cin-1786897050.jpg

- საშიშად არ გეჩვენებათ, ამ ტერიტორიებზე მარტო რომ დადიხართ?

- იქ უფრო მეტად რეინჯერები მხვდებიან, ქართველებიც და სომხებიც. არც ერთი მათგანისგან დახმარების გარდა, არაფერი მახსოვს. ერთხელ, იმ წყეული კარანტინის დროს, შინ რომ 9 საათზე უნდა ვყოფილიყავი, წალკას რომ გამოვცდი, ულამაზესი ყარყატები დავინახე. ვერ მოვითმინე, ავტომანქანა გავაჩერე და გადასაღებად ჩავუსაფრდი, თან ვხედავ, საღამოვდება. ამ დროს რეინჯერი დამადგა თავზე, რას აკეთებო. ვუთხარი, ყარყატს ველოდები გადასაღებად, მაგრამ რომ გადავიღო, ფეხზე უნდა დადგეს, ის კი არ დგება-მეთქი. მაგის დარდი ნუ გაქვთ, ახლა წაგიყვანთ და იმდენ ყარყატს გაჩვენებთ, რამდენიც მოგინდებათო. სოფელში წამიყვანა და მართლაც უამრავი ყარყატის ადგილი მაჩვენა. იცოდა იმ კაცმა ის ადგილები და ბედნიერება მომანიჭა.

სამცხეში, ბუღდაშენის ტბასთან ახლომდებარე სოფელში, სომეხი ქალი მხვდება ხოლმე, რომელმაც შეუძლებელია სახლში არ შემიპატიჟოს და არ გამიმასპინძლდეს. მეც ვახარებ-ხოლმე პატარა-პატარა სიურპრიზებით, ის კი სულ უარობს, არ მინდა, ყველაფერი მაქვს, ოღონდაც შენ მოდიო.

კუმისის ტბაზე, გადაფრენისას, ათასობით ფრინველი ისვენებს. მათ შორის ყველანაირი არწივიც. ერთხელაც, როდესაც თეთრკუდა არწივი ვერ გადავიღე, მეორე დღეს დავბრუნდი, ტბასთან ვიღაცები ჯიპებით იყვნენ ამოსული, სასროლეთის ტექნიკა ჰქონდათ ამოტანილი და ერთობოდნენ. აბა, იქ თეთრკუდა არწივს რა გააჩერებდა. ერთმა ქალმა მითხრა, აქ გედებიც მოდიოდნენ, მაგრამ დახოცესო.

ოცნებად მქონდა აფრიკაში წასვლა და ავისრულე. კენია ველური პარკების დედად არის ცნობილი. თუმცა შეიარაღებული მცველები მხოლოდ შესასვლელებში დგანან. შენ თავახდილი ავტომანქანიდან იღებ, საიდანაც იქაურობა ისე მშვიდი გეჩვენება, რომ ერთი სული გაქვს, ავტომანქანიდან ჩამოხვიდე და გაისეირნო. თუმცა თანმხლებ პირებს ამას თუ ეტყვი, იარაღით შეგაჩერებენ, რადგან ჩასაფრებულმა მტაცებელმა შეიძლება წამში ნაკუწებად გაქციოს.