კოტეჯები, აუზები და ზაფხული — რატომ ვირჩევთ სულ უფრო ხშირად ამ კომბინაციას? - კვირის პალიტრა

კოტეჯები, აუზები და ზაფხული — რატომ ვირჩევთ სულ უფრო ხშირად ამ კომბინაციას?

რამდენიმე წლის წინ ზაფხულის გეგმები საკმაოდ პროგნოზირებადი იყო. ვიღაც აუცილებლად ზღვაზე მიდიოდა, ვიღაც მთაში, ვიღაც საზღვარგარეთ, ვიღაც სოფელში, ქალაქში დარჩენილები კი სოციალურ ქსელებში სხვისი დასვენების ფოტოებს ალაიქებდნენ, ზაფხულის მთავარი თავგადასავალი კი ხშირად კონდიციონერამდე მისვლა იყო.დღეს კი თითქოს რაღაც შეიცვალა. საკმარისია მეგობრების ნებისმიერ ჩატში შეხვიდეთ და დიდი შანსია, ერთსა და იმავე წინადადებას გადააწყდეთ: „კოტეჯი ხომ არ ავიღოთ?“

საინტერესოა, რომ ეს იდეა თითქმის არასდროს ჩნდება ოფიციალური დაგეგმვის დროს. უფრო ხშირად ყველაფერი სპონტანურად იწყება. ვიღაც სოციალურ ქსელში ლამაზ ფოტოს გადააწყდება, ვიღაც ამბობს, რომ ქალაქისგან დაიღალა, ვიღაცას უბრალოდ დასვენება უნდა. შემდეგ ერთი ადამიანი კოტეჯის ფოტოს აგზავნის, მეორე წერს, „ეს ცუდი არაა“, მესამე კითხულობს, აუზი თუ აქვს, მეოთხე უკვე თარიღებს ითვლის. რამდენიმე საათში კი აღმოჩნდება, რომ მთელი შაბათ-კვირის გეგმა მზადაა.

შეიძლება ითქვას, რომ კოტეჯებმა ზაფხულის კულტურაში საკუთარი ადგილი საკმაოდ მყარად დაიკავეს და საქმე მხოლოდ ლამაზ ფოტოებში, აუზებში ან სოციალურ ქსელებში მოსაწონ კადრებში არ არის. მიზეზი გაცილებით მარტივია — ადამიანებს თავისუფლება მოსწონთ.

თუ კარგად დავაკვირდებით, ბევრი ჩვენგანი მთელი წელი საკმაოდ ერთნაირ გარემოში ატარებს. სახლი, სამსახური, საცობები, მაღაზია, ისევ სახლი. ზოგჯერ ისე გადის კვირები, ვერც კი ვამჩნევთ. ზაფხული კი თითქოს გვახსენებს, რომ ცოტა ხნით მაინც შეიძლება ამ რეჟიმიდან გამოსვლა. სწორედ აქ ჩნდება კოტეჯი, როგორც მარტივი და ხელმისაწვდომი გზა გარემოს შესაცვლელად.

ალბათ ყველაზე მეტად ის შეიცვალა, თუ რას ვეძებთ დასვენების დროს. ადრე საკმარისი იყო კარგი ნომერი და ლამაზი ხედი. დღეს კი ადამიანებს უფრო ცოცხალი გამოცდილება უნდათ. ისეთი ადგილი, სადაც დილით ყავას ეზოში დალევ, შუადღეს მეგობრებთან ერთად გაერთობი, საღამოს გრილ ჰაერზე ჩამოჯდები და უცებ აღმოაჩენ, რომ უკვე შუაღამეა. ადგილი, სადაც დღის გეგმას საათი კი არა, განწყობა განსაზღვრავს.

სწორედ ეს არის კოტეჯების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი. აქ არავინ გეუბნებათ, როდის უნდა დაასრულოთ ვახშამი, როდის უნდა დატოვოთ აუზი ან როდის უნდა ჩააქროთ მუსიკა. ადამიანები იღებენ საკუთარ სივრცეს და რამდენიმე დღით ცხოვრობენ ისე, როგორც თავად სურთ.

რა თქმა უნდა, როცა ზაფხულსა და კოტეჯებზე ვსაუბრობთ, აუზებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ბოლო წლებში აუზიანი კოტეჯები განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ამის მიზეზის გამოცნობა რთული ნამდვილად არ არის. საკმარისია ივლისის ან აგვისტოს რომელიმე ცხელ დღეს გარეთ გახვიდეთ. როცა ქალაქში ასფალტიც კი გაცხელებულია და ჩრდილის პოვნა პრობლემად იქცევა, იდეა, რომ შაბათ-კვირა აუზთან გაატარო, საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს.

მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აუზი ყოველთვის მთავარი არ არის.

სოციალური ქსელების დათვალიერებისას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველა მხოლოდ აუზიან კოტეჯებს ეძებს. რეალურად კი უამრავი ადამიანი სრულიად განსხვავებულ რამეს ანიჭებს უპირატესობას. ზოგს დილით მთის ხედი ურჩევნია, ზოგს ტყის პირას ყოფნა, ზოგს მდინარის ხმა, ზოგს კი უბრალოდ სურს ისეთი ადგილი, სადაც ქალაქის ხმაური არ ისმის.

არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც იდეალური დასვენება აუზთან დაკავშირებული საერთოდ არ არის. მათთვის მთავარი დიდი ეზოა, ჰამაკი, სუფთა ჰაერი და საღამო, რომელიც ტელეფონის ეკრანის ნაცვლად მეგობრებთან საუბრით სრულდება.

სწორედ ამიტომაა, რომ კოტეჯების პოპულარობა მხოლოდ აუზებით ვერ აიხსნება. აუზიანი კოტეჯები ნამდვილად მოთხოვნადია, მაგრამ არანაკლებ პოპულარულია ისეთი ადგილებიც, სადაც მთავარი ბუნება, სიმშვიდე და გარემოა.

კოტეჯების პოპულარობას კიდევ ერთი საინტერესო მიზეზი აქვს, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ — ადამიანები უბრალოდ დაიღალნენ ხალხმრავლობით.

დღეს ჩვენი ყოველდღიურობა ისედაც საკმაოდ ხმაურიანია. დილა საცობებით იწყება, დღის განმავლობაში ათობით შეტყობინებას ვიღებთ, სამუშაო გარემოც ხშირად დატვირთულია, საღამოს კი ქალაქის მოძრაობა ისევ თავისას გვახსენებს. ასეთ ფონზე სულ უფრო მეტ ადამიანს აღარ იზიდავს დასვენება ისეთ ადგილებში, სადაც იგივე ხმაური და აურზაურია, რისგანაც რამდენიმე დღით თავის დაღწევას ცდილობს.

სიმართლე რომ ვთქვათ, ალბათ ყველას გვქონია ისეთი დღე, როცა კაფეში ადგილს ვეძებთ, რესტორანში რიგს ველოდებით ან ხმაურის გამო ერთმანეთის საუბარიც კი არ გვესმის. ასეთ დროს სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ დასვენება ყოველთვის ხალხმრავლობას არ ნიშნავს. ზოგჯერ საუკეთესო საღამო შეიძლება იყოს ის, როცა ათი მეგობარი ეზოში ზის, გრილი ჰაერია, მუსიკა ფონად ისმის და არავის არსად ეჩქარება.

ეს განსაკუთრებით ზაფხულში იგრძნობა. მთელი კვირის განმავლობაში ქალაქის რიტმში ცხოვრების შემდეგ ბევრს აღარ აქვს სურვილი შაბათიც ისეთ გარემოში გაატაროს, სადაც ხმაური, რიგები და მუდმივი მოძრაობაა. ამის ნაცვლად ადამიანები ეძებენ ადგილებს, სადაც შეუძლიათ მშვიდად დაჯდნენ, ისაუბრონ, გაისეირნონ, წიგნი წაიკითხონ ან უბრალოდ არაფერზე იფიქრონ.

საინტერესოა ისიც, რომ ასეთი დასვენება სულაც არ ნიშნავს მოწყენილობას. პირიქით, ხშირად ყველაზე სახალისო საღამოები სწორედ მაშინ გამოდის, როცა დღის განრიგი წინასწარ გაწერილი არ არის. როცა არავის გეჩქარებათ, არავინ გელოდებათ და ერთადერთი გეგმა კარგი დროის გატარებაა.

კიდევ ერთი საინტერესო ცვლილება მეგობრების შეკრებებს უკავშირდება. თუ ადრე შეხვედრები ძირითადად კაფეში, ბარში ან ვინმეს სახლში იმართებოდა, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი სხვა ფორმატს ირჩევს.

წარმოიდგინეთ, რომ 12 მეგობარი უნდა შეიკრიბოს. თავიდან ყველაფერი მარტივად იწყება. ვიღაც ამბობს: „ჩემთან შევიკრიბოთ“. შემდეგ იწყება კითხვები. სკამები გვეყოფა? მანქანებს სად ვაყენებთ? მეზობლები რას იტყვიან? ღამე ვინც დარჩება, სად დაიძინებს? ბოლოს კი მასპინძელი ხვდება, რომ იდეა ისეთი კარგი აღარ ეჩვენება, როგორც თავდაპირველად.

ალბათ ბევრს გამოუცდია სიტუაცია, როცა სტუმრების წასვლის შემდეგ სამზარეულოში ჭურჭლის მთელი კოლექცია გხვდება, მაგიდა ასალაგებელია და მეორე დღე მთლიანად მოწესრიგებას ეთმობა.

შესაძლოა სწორედ ამიტომ გახდა კოტეჯი ასეთი პოპულარული. ადამიანები იღებენ სივრცეს, სადაც შეუძლიათ თავი ბევრად თავისუფლად იგრძნონ. არავინ ფიქრობს მეზობლებზე, პარკინგზე ან იმაზე, რომ საღამოს 11 საათისთვის შეკრება აუცილებლად უნდა დასრულდეს.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით დაბადების დღეების აღნიშვნის დროს შეიმჩნევა. თუ ადრე დაბადების დღე თითქმის ავტომატურად რესტორანს ან კაფეს ნიშნავდა, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი სხვა ფორმატს ირჩევს. ბევრს აღარ სურს რამდენიმე საათიანი სუფრა, სადაც სტუმრების ნახევარი ტელეფონშია, მეორე ნახევარი კი სახლში წასვლაზე ფიქრობს.

ამის ნაცვლად ადამიანები არჩევენ გარემოს, სადაც მთელი დღე ერთად გაატარებენ. სადღაც ქალაქგარეთ, ბუნებაში, აუზთან ან უბრალოდ მყუდრო კოტეჯში. ასეთ დროს დაბადების დღე მხოლოდ რამდენიმე საათიანი ღონისძიება აღარ არის — ის გამოცდილებად იქცევა.

თუ ოდესმე ინტერნეტში მოგიძებნიათ ფრაზა „ქირავდება კოტეჯი“, ალბათ შეამჩნევდით, რამდენად მრავალფეროვანი არჩევანია დღეს ხელმისაწვდომი. ზოგი აუზიან სივრცეს ეძებს, ზოგი მშვიდ გარემოს, ზოგი დიდი მეგობრული შეკრებისთვის შესაფერის ადგილს, ზოგი კი ოჯახური დასვენებისთვის პატარა და მყუდრო კოტეჯს. არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ხშირად ყველაზე რთული არა პოვნა, არამედ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაა.

ამ პროცესში ბევრი ადამიანი სპეციალიზებულ პლატფორმებს იყენებს, სადაც სხვადასხვა ტიპის კოტეჯები, აგარაკები და დასასვენებელი სივრცეებია თავმოყრილი. თუ რამდენიმე ვარიანტის შედარება, ლოკაციის, პირობებისა და ფასების ნახვა გსურთ, შეგიძლიათ პლატფორმა servisebi.ge გამოიყენოთ, სადაც სხვადასხვა შეთავაზების ერთ სივრცეში დათვალიერებაა შესაძლებელი.

იგივე შეიძლება ითქვას ოჯახურ დასვენებაზეც. თანამედროვე ცხოვრება საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ბევრი ადამიანი კვირის განმავლობაში იმდენად დაკავებულია, რომ ერთმანეთთან მშვიდად საუბრის დროც კი უჭირს. ამიტომ შაბათ-კვირის ორი დღე ხშირად უფრო ფასეული ხდება, ვიდრე გრძელი შვებულება.

სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ოჯახი ირჩევს კოტეჯს. ბავშვებს შეუძლიათ გარეთ თამაში, უფროსებს — დასვენება, ყველას ერთად კი გაცილებით მეტი დრო რჩება ერთმანეთისთვის. დიდი ეზო, ბურთი, ველოსიპედი, სირბილი — ზოგჯერ ბედნიერებისთვის ბევრად ნაკლებია საჭირო, ვიდრე გვგონია.

კოტეჯების პოპულარობას კიდევ ერთი ფაქტორი განაპირობებს — ადამიანები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოკლე დასვენებებს. ადრე არსებობდა წარმოდგენა, რომ სრულფასოვანი დასვენებისთვის აუცილებლად ერთი ან ორი კვირა უნდა დაგეგმა. დღეს ეს მიდგომაც შეიცვალა.

ბევრს უბრალოდ არ აქვს დრო ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ამის ნაცვლად ირჩევენ ერთ ან ორ დღეს, რომელიც მაქსიმალურად განსხვავებული იქნება ყოველდღიური ცხოვრებისგან.

პარასკევს საღამოს გასვლა, შაბათის ბუნებაში გატარება და კვირას დაბრუნება — ეს ფორმატი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. არც დიდი ხარჯი სჭირდება და არც რთული დაგეგმვა.

სინამდვილეში, სწორედ ეს არის კოტეჯების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა. ისინი ადამიანებს საშუალებას აძლევს, პატარა დროშიც კი იგრძნონ, რომ ნამდვილად დაისვენეს.

ზაფხულის ყველაზე კარგი მოგონებებიც ხშირად სწორედ ასეთ ადგილებში იქმნება. საინტერესოა, რომ ადამიანებს წლების შემდეგ იშვიათად ახსოვთ კონკრეტული რესტორნის მენიუ ან სასტუმროს ნომრის დეტალები. სამაგიეროდ ახსოვთ საღამო, როცა მეგობრებთან ერთად ეზოში ისხდნენ. ახსოვთ წვიმა, რომელმაც გეგმები თავდაყირა დააყენა, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე სახალისო დღე გამოვიდა. ახსოვთ ღამის ორ საათზე დაწყებული საუბრები, რომლებიც დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა.

ალბათ ამიტომ გახდა კოტეჯი ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. არა იმიტომ, რომ ეს მოდურია და არა იმიტომ, რომ ყველგან ვხედავთ მის ფოტოებს. უბრალოდ ადამიანები სულ უფრო მეტად აფასებენ თავისუფლებას, პირად სივრცეს და შესაძლებლობას, რამდენიმე დღით მაინც მოწყდნენ ყოველდღიურობას.

ვიღაცისთვის ეს აუზიანი კოტეჯია მეგობრებთან ერთად. ვიღაცისთვის — პატარა სახლი ბუნებაში, სადაც დილას ჩიტების ხმა აღვიძებს. ვიღაცისთვის კი უბრალოდ ადგილი, სადაც ტელეფონს ნაკლებად უყურებს და რეალურ ადამიანებთან მეტ დროს ატარებს.

და თუ დავაკვირდებით, ყველაზე დასამახსოვრებელი ზაფხულის ისტორიებიც ხშირად ერთი ჩვეულებრივი შეტყობინებით იწყება: „ამ შაბათ-კვირას კოტეჯი ხომ არ ავიღოთ?“

მარინე დავითაშვილი

NS