რას მიირთმევენ მსოფლიოში საახალწლოდ? - კვირის პალიტრა

რას მიირთმევენ მსოფლიოში საახალწლოდ?

ქართველებს კერძების მომზადება და მერე სუფრასთან მოლხენა არავისგან გვესწავლება. სამაგიეროდ, ამერიკელებს როგორც ჩანს ამ საკითხში ცოტათი უჭირთ, სწორედ ამიტომ CNN-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოთხრობილია თუ რას მიირთმევენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საახალწლოდ. ვფიქრობთ, ასეთ ”გემრიელ” სტატიას ქართველი გურმანებიც სიამოვნებით გაეცნობიან. ის, რომ ამ ჩამონათვალში ქართული კერძები ვერ ვიპოვეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკელებს ამ ამბებში როგორც ჩანს ბევრი არაფერი გაეგებათ. არა უშავს, ჭამონ ბეკონი, ჩვენ საცივს მივირთმევთ.

 

მაშ ასე:

  • ყურძნის თორმეტი მარცვალი, ესპანეთი-პორტუგალია - ალბათ ქართველების სასეიროდ და გასამხიარულებლად, ესპანელები და პორტუგალიელები უკვე მეორე საუკუნეა ახალი წლის ღამეს, ზუსტად თორმეტ საათზე ყურძნის თორმეტ მარცვალს ყლაპავენ. თითო მარცვალი საათის თითო დაწკარუნება-დარაკუნების სანაცვლოდ.

 

  • ოლიებოლენები, ნიდერლანდები - იმას, რასაც საახალწლო პერიოდში ფლამანდელი კონდიტერები ამზადებენ, ალბათ თავისუფლად შეიძლება ფუნთუშათა მეფე ვუწოდოთ. ოლიებოლენი, ანუ ზეთში მოთუშული ფუნთუშა პოპულარული დონატების წინაპარი, ბლინებისა და ფუნთუშის ერთგვარი ჰიბრიდია, თხილიან-შოკოლადიან-ვანილიანი შიგთავსით.

 

  • ტამალე, მექსიკა - ტამალე ისეთივე ტკბილია, როგორც სენორიტას ამბორი და ისეთივე მწარე, როგორც მამამისის ტყვიაო - ამბობენ მექსიკელები. ერთი შეხედვით, ტამალე შაურმისა და ტოლმის ჰიბრიდს წააგავს, თუმცა შაურმისგან განსხვავებით მასში ხორცის გარდა ბევრი სხვა რამეც მოიპოვება, მაგალითად სიმინდი, ყველი, სხვადასხვა ბოსტნეული და ზოგჯერ ხილიც. და რა თქმა უნდა ჩილი. ცხარე თუ ტკბილი, ეს უკვე გემოვნების საკითხია.

 

  • გლუკშვაინი, ანუ იღბლის ღორები, ავსტრია-გერმანია - საუკუნეებია, ავსტრიელი და გერმანელი გურმანები საახალწლოდ სხვადასხვა სანელებლებით შეკმაზულ და შეცხელებულ გლინტვაინს წრუპავენ, შებრაწულ გოჭსა და ვაიმარულ ძეხვს მიირთმევენ, დესერტად კი მარციპანის პატარა ღორებს, ე.წ. გლუნტშვაინებს მიირთმევენ. მარციპანი აუცილებელი არ არის, როგორც წესი, საახალწლოდ გლუნტშვაინების ათამდე სხვადასხვა სახეობის დამზადება ყოველი რიგიანი ფრაუსთვის ღირსების საკითხია

 

  • კოტეჩინო, იტალია - ერთი შეხედვით, იტალიაში მოკრძალებული საახალწლო კერძი აქვთ. კოტეჩინოს სოსისი და მუხუდოს წვენი. მართლაც მოკრძალებულად ჟღერს, სანამ გემოს არ გაუსინჯავ და მიხვდები, თუ რატომ ცდილობდა ფრიდრიხ ბარბაროსა იტალიის დაპყრობას წლების მანძილზე. აშკარაა, ვაიმარული ძეხვის სამშობლოს არ შეეძლო გულგრილად ეცქირა, თუ როგორ გაუჩნდა დაუმარცხებელი კონკურენტი.

 

  • სამეფო ქაშაყის მარინადი, პოლონეთი-სკანდინავია -  თევზეულის სიმრავლემ აღმოსავლეთ ევროპასა და სკანდინავიაში აქ მოსახლე ხალხებს თევზისგან დამზადებული კერძების ასობით რეცეპტის გამოგონება აიძულა, რომელთაგან უძველესი არქეოლოგიური გათხრების შედეგად იპოვნეს დანიაში. სამეფო ქაშაყის მარინადიც ჭეშმარიტად სამეფო კერძია, თანაც სხვადასხვა ბოსტნეულითა და სასუსნავით ალყაშემორტყმული, როგორც პოლონეთში იციან.

 

  • კრანსეკაგი, დანია-ნორვეგია - კრანსეკაგი, ანუ პირდაპირ რომ ვთარგმნოთ, ნამცხვარი-გვირგვინი უგემრიელესი მარციპანის ნამცხვარია, ერთმანეთზე დაშენებული სხვადასხვა ხილის ნამცხვრის ფენებით. მათ, ვისაც ეგონა, რომ ბრძოლისმოყვარე ვიკინგები მხოლოდ ხორცს, თანაც უმად მიირთმევდნენ, იმედს გავუცრუებთ - კრაკესაგის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის.

 

  • სობას მაკარონის ძაფები, იაპონია - კერძი მე-17 საუკუნით თარიღდება და მას საახალწლოდ შეექცეოდნენ როგორც ყველაზე ღარიბი გლეხის, ასევე იმპერატორისა და შოგუნების ოჯახში. სობას ძაფები ფქვილისა და ტკბილი, ნოყიერი მოშის ბრინჯისგან მზადდება. რაც უფრო გრძელია ძაფი, მით უფრო მეტი ბედნიერება ეწვევა ოჯახს ახალი წლის შემდეგ.

 

  • სამეფო ნამცხვარი, მსოფლიო - საახალწლო სამეფო ნამცხვრის ტრადიცია მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურაში არსებობდა და არსებობს. საბერძნეთში ასეთ ნამცხვრებს ვასილოპიტას ეძახიან, საფრანგეთში გალეტ დე რუას, მექსიკაში როშებს, ბულგარეთში კი ბანიცას.

 

  • წითელ-წითელი, განა - მსოფლიოში ყველაზე ცხარე და როგორც ბევრი მიიჩნევს, ყველაზე გემრიელი მუხუდოს შეჭამანდი. კეთდება აფრიკული მწარე მუხუდოს, წითელი ზეთისხილის, პილპილის და ათობით სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის შეზავების შედეგად.

 

  • ხტუნია ჯეკი, ტეხასი, აშშ - როგორც ამას ჯერ კიდევ გენერალი გრანტი ამტკიცებდა, ჩანს პირის გემო სამხრეთელებმა უფრო იციან, ვიდრე ჩრდილოელებმა. ხტუნია ჯეკი ბარდისა და ბრინჯის შეჭამანდია, მწვანილითა და ცხარე პილპილით შეკაზმული, აქა-იქ კი ბეკონის ნაფლეთებიც გამოერევა ხოლმე. როგორც ამბობენ ეს კერძი ამერიკაში აფრიკიდან ჩამოყვანილმა შავკანიანმა მონებმა შექმნეს, რომლებიც თავიანთი პატრონების მიერ მოგდებული ნაყარ-ნუყარიდან უფრო გემრიელ საჭმელს ამზადებდნენ, ვიდრე თავად პლანტატორის მზარეულები.