რას ჰყვება გურამ დადიანიძის დედა თურქეთში მომხდარ შემთხვევაზე, გურამის ბავშვობაზე და მის მამაზე
17 წლის გურამ დადიანიძის გაუჩინარება ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და მტკივნეული ისტორიაა, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. წლების განმავლობაში გაჩენილმა უამრავმა კითხვამ, სხვადასხვა ვერსიამ და საზოგადოებაში გავრცელებულმა ჭორებმა ოჯახის ტკივილი კიდევ უფრო გააღრმავა.
გადაცემაში "შენი ამბავი თაიასთან“ გურამის დედა, სოფო ბიბილაშვილი, ემიგრაციაში გატარებულ მძიმე წლებზე, შვილის საქართველოში დაბრუნების დეტალებსა და იმ გავრცელებულ ეჭვებზე საუბრობს, რომლებიც მისი შვილის გაუჩინარების ირგვლივ წლების განმავლობაში ტრიალებს. გურამის დედა, მის გაქრობამდე განვითარებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებსსოფო ბიბილაშვილი:"მეშვიდე კლასიდან მეცხრე კლასამდე გურიკა მამიდასთან იზრდებოდა. 9 წლამდე გურიკა სოფელში ძევერის სკოლაში სწავლობდა, ჩემთან იყო. მე რომ წავედი, შემდეგ ჩემს ძმასთან გადავიდა გორში. იქ სწავლობდა. რა თქმა უნდა, თბილისში მიდიოდა მამიდასთან, ბიძასთან, ყველასთან მიდიოდა. ჩემს ხალხთანაც და მამის ხალხთანაც. მეშვიდე კლასიდან მეცხრე კლასამდე თბილისში სწავლობდა. მე ამ დროს ემიგრაციაში ვიყავი, მაგრამ ამ პერიოდში, მამიდასთან, მამასთან ვლაპარაკობდი ტელეფონით, ფასიან სკოლაში სწავლობდა.
ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ აღარ უნდოდა სწავლა. შენთან მინდაო. 14 წლის იყო მინდობილობით რომ გადმოვიყვანე ჩემთან. სამი თვე თურქეთში ცხოვრობდა, სამი თვე თბილისში. თურქეთში ხუთი გადმოსვლა ჰქონდა და ამის შემდეგ გააფუჭა ვიზა, აღარ მინდა საქართველოში, აქ მინდა ყოფნაო.
დილის შვიდის ათ წუთზე გავდიოდი სახლიდან, შუადღეს ვბრუნდებოდი. ერთ დღეს, დილის 11:00 საათზე სახლის პატრონმა დამირეკა, მთლიანი კორპუსი იჩხრიკებაო. ბავშვი არ იყო ადგილზე და მეზობლებმა მითხრეს, ვიზა რომ არ აქვს, გარეთ არის და გვიყურებსო. ჩემს ბინასთან ახლოს ქართველების ავტობუსების გარაჟია, იქ იყო ერთი პიროვნება გია, ძალიან კარგი ადამიანი, ცუდად გამხდარა. ხატების კუთხესთან მედო ჩემი და გურიკას გაფუჭებული პასპორტი. პოლიციამ მითხრა, სახელსა და გვარს შევიყვანთო და აღმოაჩინეს, რომ 9 წელი გაფუჭებული მქონდა პასპორტი. ამ დროს მეორე პასპორტი დაინახა, პოლიცია იყო და ხომ არ დავმალავდი?! წავედი პოლიციაში, ბავშვზე ვდარდობდი, სად იყო. ადგილზე ჩემი მეზობლები დამხვდნენ, გამიკვირდა, რა ხდებოდა. მითხრეს, არაფერი იცი? ჩვენი სახლის წინ ბიჭი დაიღუპაო. ფოტო რომ ვნახე, ეს იყო გია.
ცუდად რომ გამხდარა ეს გია, კიბეებზე ჩამოსულა და ყველგან ზარს რეკავდა. ხალხი ქართულად ყვიროდა კოვზი გამოიტანეო. გურიკა იმდენად დაბნეულა, რომ ხის კოვზი ეჭირა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა.