"წიგნის კითხვა აღარ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ, და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებო!“
5 აგვისტოს, გამთენიისას, რუსულ-ოსურმა ბანდფორმირებებმა ქართველების სანგარში ხელყუმბარა ჩააგდეს. 32 წლის კაპრალი არც კი დაფიქრებულა, საკუთარი სხეულით გადაეფარა აფეთქებას და სიცოცხლის ფასად იხსნა თანამებრძოლები. იმ ავბედით დღეს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
წინასწარმეტყველური განშორება და პირადი ჩანაწერებითითქოს წინასწარ გრძნობდა დასასრულს. როგორც ოჯახი იხსენებს, ერედვში წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოულოდნელად მივიდა სახლში, მეუღლეს ჩაეხუტა და უთხრა: "ვინ იცის, კიდევ როდის გნახავთ... როცა მოვკვდები, შენი ცრემლები გულზე უნდა დამაშრო“. უკანასკნელად ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და პირობა დადო, რომ 16 აგვისტოს სახლში დაბრუნდებოდა. ოჯახში დღემდე ინახება მისი პირადი ჩანაწერები, რომლებიც მებრძოლის სულიერ სიღრმეს ასახავს: "ომი თავისთავად სიმწარეა და სიკვდილი... ის მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა... ბევრ მწარე მოგონებას იტევს... ზოგი ისეთია, დროც ვერ ერევა, ვერ შლის გონებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაჭედილ ტკივილს. ასეთი სიმწარე თან მიაქვს ომგადახდილ ადამიანს... ადამიანის სიცოცხლე ბავშვის პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანი ყოფილა.“
"მეომარს შეუძლია თავის დაფარვა ტყვიისაგან, ასევე შეუძლია დაემალოს ავტომატს, ტყვიამფრქვევს... ჭურვსაც აიცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვემეხის მიერ გასროლილ ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს... თუ მთლად განწირული არა ხარ და ის ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ დაეცა.“
მკაცრი შინაგანი წესრიგი და წიგნისადმი სიყვარულიდედა, ციური წერეთელი, და და, ხათუნა დამენია, იხსენებენ, რომ ზაზა ბავშვობიდანვე განსაკუთრებული დისციპლინით ცხოვრობდა. მუდამ მოწესრიგებული, პიჯაკითა და პერანგით დადიოდა, ტანსაცმლის გაუთოებასაც კი არავის ანდობდა. განსაკუთრებით უყვარდა საქართველოს ისტორია. "თითქოს იმისათვის ემზადებოდა, რომ გმირულად დაღუპულიყო. საქართველოს ისტორიაში თუ ვინმეს გმირობა ჰქონდა ჩადენილი, ყველას ამბავი იცოდა. წავიდოდა ბიბლიოთეკაში, მოიტანდა წიგნებს, თავად ხომ კითხულობდა და მერე მეც მაძალებდა, შენც წაიკითხეო...“ იხსენებს ხათუნა დამენია. დისთვის უჩუქებია ბოლო წიგნიც - ქართველი ერის გამრავლებაზე. ხშირად ეუბნებოდა: "კიდევ გააჩინე შვილები, ერს გამრავლება სჭირდებაო“.
აფხაზეთის იარები და უყურადღებობით გამოწვეული ტკივილი1992 წელს, აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, ზაზა დამენია ახალი შესრულებული 20 წლის სტუდენტი იყო. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასული ახალგაზრდა ფრონტის წინა ხაზზე ისე აღმოჩნდა, რომ ოჯახმა ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო. დედა, ციური წერეთელი, იმ მძიმე დღეებს ასე იხსენებს: "დაბადების დღე მქონდა, მისგან მილოცვა რომ ვერ მივიღე, ვიფიქრე, ალბათ, რაღაც უსაშველო სჭირს-მეთქი. მეორე დღესვე წავედი კომისარიატში.
მალევე მომივიდა ცნობა, რომ აფხაზეთში იყო, ჯანმრთელი და საღ-სალამათი. მეგონა, მიწა გამისკდებოდა... არ ეკუთვნოდა წასვლა, არც არავის დაუძალებია. დაიჩემა და წავიდა... ბოლომდე იბრძოლა, ერთი დღითაც არ დაუტოვებია თანამებრძოლები. მაშინ არც ტელეფონი იყო, არც შუქი და არც ინტერნეტი. ვინმე ოზურგეთელი თუ ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით, იმისგან ვიგებდი ჩემი შვილის ამბავს.“ ზაზა დამენია ომიდან მძიმე განცდებითა და გულნატკენი დაბრუნდა, როგორც მაშინდელ ხელისუფლებაზე, ისე პროცესებისადმი საზოგადოების გულგრილობაზე. გმირის და, ხათუნა დამენია, აღნიშნავს: "ამბობდა, აქ ბიჭები ისე იბრძვიან, ისეთ საოცრებებს სჩადიან, მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერი იცისო.
მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო და ჟურნალისტებიც ასე ადვილად ვერ შედიოდნენ ფრონტის ხაზზე. ომიდან რომ ჩამოვიდა, გულდაწყვეტილი ამბობდა: ჩვენ რომ პატრონი გვყოლოდა, ამ ომს აუცილებლად მოვიგებდითო.“ ფრონტის ხაზზე არსებულ ქაოსსა და გაუგებარ ბრძანებებზე იხსენებს დედაც: "ზაზა ამბობდა, ერთ სოფელს რამდენჯერმე ვათავისუფლებდითო. გავათავისუფლებდით თუ არა, მალევე გვატოვებინებდნენ დაკავებულ ტერიტორიას, მერე ისევ თავიდან გვიწევდა აღება და ბოლოს მაინც გვატოვებინებდნენო.“ ომიდან ცოცხლად დაბრუნებულ შვილს დედა ეხვეწებოდა, სამხედრო სფეროსათვის თავი დაენებებინა, თუმცა ზაზამ, რომელიც ყველაფერში დედის სიტყვას ითვალისწინებდა, ეს თხოვნა ვერ შეასრულა, სამშობლოს სამსახური მისთვის მთავარ მოწოდებად დარჩა.