“ვიღაცას ძალიან არ უნდა, რომ პასუხი აგოს იმ დანაშაულისთვის“ - რას ჰყვება გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი
17 წლის გურამ დადიანიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საზოგადოება კვლავ ელის კითხვებზე პასუხებს. ბოლო დღეებში საქმეზე ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ახალი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
გურამ დადიანიძის დედის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე პოდკასტში "შენი ამბავი თაიასთან" ამბობს, რომ საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები და დაკარგული მოზარდის ოჯახის ზოგიერთი წევრის დამოკიდებულება მას დამატებით კითხვებს უჩენს. მისი თქმით, განსაკუთრებით გაუგებარია, რატომ არ ინტერესდებიან ისინი გამოძიების ახალი მასალებით და რატომ არ ცდილობენ მასთან კომუნიკაციას.
„ძალიან საეჭვოა ზოგადად ის, რომ ამდენი ადამიანი — მამა, მამიდა და სხვები — არიან ჩუმად ან ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. ისე იქცევიან, თითქოს გურამი არის უბრალოდ სადმე დასასვენებლად წასული და ძალიან მალე დაბრუნდება უკან.
ხანდახან, როდესაც მე ამ ადამიანებს ვუსმენ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ გურამ დადიანიძე ჩვენთან ერთად არის და ჩვენ ყველანი გავგიჟდით და არ ვიცით, რას ვაკეთებთ და ვის ვეძებთ. როგორ შეიძლება, ასე მშვიდად იყო ადამიანი, რომლის ოჯახის წევრი, 17 წლის ბავშვი, 12 წელია დაკარგულია და არ ვიცით, სად არის, გაუჩინარებულია?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე თავად მქონდა მამიდასთან შეხვედრის მცდელობა და ამ ადამიანმა არ ისურვა ჩემთან შეხვედრა. ამის შემდეგაც ამ ადამიანს ჩემთვის არ დაურეკავს, არ მოუწერია. არც მამას ჩემთვის არ დაურეკავს, არ მოუწერია და არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ შემხვედროდა და თუნდაც კითხვები დაესვა საქმის იმ ახალ მასალებთან დაკავშირებით, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება რამდენიმე დღის უკან.