მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027-2028 სასწავლო წლამდე გადავადდა - რა განცხადებას ავრცელებს განათლების სამინისტრო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა - საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.
„მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად - მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.
გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას. პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა - საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.