"ახალი ნატო" კავკასიის საზღვართან?! - გიორგი კობერიძე: ჩვენ "გეოპოლიტიკური მიწისძვრის" მომსწრენი ვართ
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ჩვენი რეგიონის გარშემო შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე გვესაუბრა.
- საქართველოს ხელისუფლების ცდა, ამერიკასთან ურთიერთობა დაელაგებინათ, უფრო იმის ჩვენებას ჰგავდა, რომ ტრამპის პოლიტიკას მხარს უჭერდნენ და ვაშინგტონთან დაპირისპირებას არ აპირებდნენ. თუმცა კონკრეტული ნაბიჯები თითქმის არ გადადგმულა. ეს უფრო შიდალეგიტიმაციის საკითხი იყო.
მიდგომა ასეთია: თუ ამერიკასთან ურთიერთობას დავალაგებთ, ეს ჩვენი ლეგიტიმაციისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შეფასებისას მხოლოდ განცხადებებს არ უნდა დავეყრდნოთ, გაცილებით მნიშვნელოვანია რეალურად გადადგმული ნაბიჯები - ირანთან დაახლოება, ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ცენტრალურ აზიაში გააქტიურება, რომელიც რუსეთის გავლენის სივრცედ მიიჩნევა და რუსეთთან იმაზე მეტად პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება, ვიდრე საქართველოს ინტერესები შეიძლება მოითხოვდეს...
ამერიკისთვის ჩინეთის შეკავება ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, როდესაც საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას ცდილობს და ამავე დროს აძლიერებს ურთიერთობებს ისეთ ქვეყანასთან, როგორიცაა ირანი, რომელსაც ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები აქვს, ეს ვაშინგტონში აღიქმება უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ე.ი. თუ ამერიკის პერსპექტივიდან შევხედავთ, უფრო გასაგებია, რატომ არ ხდება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების მარტივად "გადატვირთვა".
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემა მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკაში არ არის. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სამხრეთი კავკასია დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტების ჩამონათვალში აღარ არის. ჯორჯ ბუშის შემდეგ სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ამერიკის გლობალურ დღის წესრიგში თანდათან შემცირდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონმა მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ მისი პრიორიტეტულობა ძველებურად ნამდვილად აღარ არის. ვაშინგტონის ყურადღება და რესურსები დღეს სხვა მიმართულებებზე უფრო მეტად არის კონცენტრირებული - ჩინეთზე და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე, უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე პროცესებზე... ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება მხოლოდ "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია და სხვა შემთხვევაში პრობლემა არ იქნებოდა. შესაძლოა ხელისუფლებას უფრო პროდასავლური პოლიტიკა გაეტარებინა და ურთიერთობის დალაგება მაინც რთული ყოფილიყო.
- მაშინ როგორ უნდა ავხსნათ ვაშინგტონის გაზრდილი ინტერესი სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ?
- ამ პროცესების მიუხედავად, დღეს სამხრეთი კავკასია მთლიანობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის უმაღლეს პრიორიტეტებს შორის არ არის, თუმცა ეს მოცემულობა შეიძლება შეიცვალოს. მსოფლიოში დროდადრო "გეოპოლიტიკური მიწისძვრები" ხდება და ჩვენ ახლა ამის მოწმენი ვართ.
- შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ახალი პარტნიორებისა და მოკავშირეების მოძიებას იმიტომ ცდილობს, რომ დასავლეთისთვის სტრატეგიული აქტუალურობა დაკარგა?
- ძალიან კარგი კითხვაა და მნიშვნელოვანი სამსჯელო, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რომელი იყო პირველი: დასავლეთმა დაკარგა საქართველოს მიმართ ინტერესი, თუ საქართველომ დაიწყო დასავლეთისგან დისტანცირება. ლოგიკა ორივე მხარეს აქვს. ერთი მხრივ, დასავლეთში, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, გაჩნდა არაერთი გამოწვევა - ეკონომიკური და მიგრაციული კრიზისები, ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალების დაპირისპირება, ასევე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტები. რუსეთ-უკრაინის ომამდე იყო კონფლიქტი სირიაში, რომელმაც მიგრაციული კრიზისი უფრო გაამწვავა. ამას დაემატა სხვა რეგიონებში განვითარებული მოვლენებიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები. ასეთ ვითარებაში დასავლეთის ყურადღება ბუნებრივად რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდა. ირანის ომის ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გარკვეულწილად გაიზარდა, განსაკუთრებით სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნების თვალსაზრისით. თუმცა, მეორე მხრივ, დასავლეთში არ ჩამოყალიბებულა აღქმა, რომ საქართველოს დასავლურ ბანაკში ყოფნა იმდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი დაკარგვა დააზიანებდა დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დასავლეთის შეცდომა ან არასათანადო შეფასება იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთის მიმართ ევროპული ინტერესის გააქტიურების ცდები არის, მათ შორის ერევანში გამართული შეხვედრები და სამიტები, ეს მაინც გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ: ევროპაში კავკასიის რეგიონი საბოლოოდ დავიწყებული არ არის. უბრალოდ, ამ ეტაპზე კავკასიის საკითხის წინ წამოწევა შეჩერებული ან შენელებულია. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის ომის ბედი. ის, თუ როგორ დასრულდება ომი და რა გავლენას მოახდენს ეს რეგიონში რუსეთის, დასავლეთისა და სხვა მოთამაშეების პოზიციებზე, დიდწილად განსაზღვრავს იმასაც, რა ადგილი ექნება სამხრეთ კავკასიას მომავალში. დღეს არ ვიცით, როგორი იქნება პოლიტიკური ვითარება თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საფრანგეთში არჩევნები წინ არის, გერმანიაში სერიოზული პოლიტიკური პრობლემებია, ესპანეთშიც შეიძლება პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს. შესაბამისად, წინასწარ ვერ ვიტყვით, როგორი დამოკიდებულება ექნებათ მომავალში ამ ქვეყნების მთავრობებს კავკასიის მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც - არ ვიცით, რამდენიმე წელიწადში როგორი ხელისუფლება იქნება ქვეყანაში და როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკური კურსი...
- რამდენიმე დღის წინ მექაში ხელი მოეწერა თურქეთის, საუდის არაბეთისა და პაკისტანის სამმხრივ თავდაცვით ხელშეკრულებას. როგორც ამბობენ, "ახლო აღმოსავლეთის ნატო" დაიბადა. შეცვლის ეს მსოფლიოს წესრიგს?
- ეს ხელშეკრულება შეიძლება ახალი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთ ნიშნად განვიხილოთ, თუმცა ჯერ ნაადრევია პირდაპირ "ახლო აღმოსავლეთის ნატო" ვუწოდოთ. ამ თანამშრომლობას რამდენიმე მოტივი შეიძლება ჰქონდეს. ერთ-ერთი მთავარი არის ირანის გავლენის დაბალანსება. ამასთან, საუდის არაბეთს სურს შეინარჩუნოს წამყვანი პოზიცია სუნიტურ სამყაროში, თურქეთი კი ცდილობს რეგიონში პოლიტიკური გავლენა გაიძლიეროს. პაკისტანის როლი ასევე მნიშვნელოვანია, მათ შორის მისი სამხედრო შესაძლებლობები... იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით ამერიკასთან თანამშრომლობენ, ეს პროცესი უნდა განვიხილოთ როგორც რეგიონული ძალების ცდა, შექმნან საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები იმ პირობებში, როდესაც ამერიკის სამხედრო და პოლიტიკური ჩართულობის მასშტაბზე უკვე კითხვები არსებობს.
- ანუ ამერიკა რეგიონიდან გადის?
- ამ პროცესს ამერიკის რეგიონიდან გასვლადაც ვერ შევაფასებთ. უფრო სწორია ვთქვათ, რომ ამერიკის გავლენის ფორმა იცვლება და რეგიონში ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს. თუ მომავალში ამერიკული ჩართულობა შემცირდება, ბუნებრივია, გაჩნდება გარკვეული ვაკუუმი და მის შევსებას რეგიონული სახელმწიფოები შეეცდებიან.