“მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება“ - გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები
რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან 18 წელი გავიდა, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები: ლატვია, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო, ასევე მომავალი წევრები - ავსტრია და პორტუგალია ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ მეზობლების მიმართ რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი აჩვენა და რუსეთმა განაგრძო ეს გზა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობლების წინააღმდეგ უგუნური და საშიში ქმედებებით.
„მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და გაერო-ს წესდების დარღვევით უკანონო სამხედრო ყოფნას, ეფექტური კონტროლის განხორციელებას და ორი ქართული რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერას, რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ბოლო დროს ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულებას“, მისი განხორციელებისთვის დაუყოვნებლივ გადადგმულ ნაბიჯებს და რუსეთის მოქალაქის დანიშვნას საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ლიდერად, საქართველოს ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილების რუსეთისთვის გადაცემას და უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.