"ენმ-ს წევრმა კირკიტაძემ ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვა ამხელა თანხა, თუ ბიძინას დროს..." - ნიკა გვარამიამ კრიტიკის ცეცხლი გახსნა
პოლიტიკური დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მწვავე ფაზაში გადადის. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა გვარამიას შორის გაჩენილი ბზარი ურთიერთბრალდებებსა და ფინანსურ სკანდალებში გადაიზარდა.
ერთი მხრივ, ენმ-ის წარმომადგენელი ანა წითლიძე გვარამიას პარტიულ "ღალატში“, მედია რესურსების გაძარცვასა და მმართველი გუნდის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, რასაც გვარამია არანაკლებ მძიმე საპასუხო დარტყმით პასუხობს.
"ახალის“ თანადამფუძნებელი ყოფილ თანაპარტიელებს პოლიტიკურ კორუფციაში, ბუნდოვან მილიონიან გარიგებებსა და "ქართულ ოცნებასთან“ ფარულ თანამშრომლობაში სდებს ბრალს.
საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეტაკება მას შემდეგ გამწვავდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ, ნიკა გვარამიას მისამართით სოციალურ ქსელში საკმაოდ მძიმე და ბრალდებებით სავსე პოსტი გამოაქვეყნა: "ადამიანი, რომელსაც თვეში 85 ათასი ლარი - და ეს ყველაზე ნაკლები თანხა იყო - ხელფასად ჰქონდა მაშინ, როცა მისი თანამშრომლების დიდი ნაწილი თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ.
შემდეგ ესეც არ ეყო: ჯერ ბიძინას დავალებით "მთავარი არხი“ დახურა, მერე კი ისევ იმ ადამიანებს მიადგა, ვინც მას ჩააცვა და ღალატის სანაცვლოდ 40 მილიონი აიღო...“ - წერდა წითლიძე.
სკანდალური ბრალდების საპასუხოდ, გვიან ღამით ნიკა გვარამიამ, კრიტიკის ცეცხლი გახსნა:"რაკიღა "ნაცმოძრაობამ" მოიგონა ბინძური ტყუილები და ისეთი შეურაცხყოფაც კი მაკადრა, როგორც აფხაზეთის დავიწყების სურვილი, თან არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც, ახლა მე დავსვამ შეკითხვებს იმაზე, რაც მართლა მოხდა.
ქვემოთ ნიკა გილაურის ინტერვიუს ვდებ, რომელიც დღეს "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. ამ ფონზე იდეა მომივიდა, მოვისმინოთ დავით კირკიტაძის (ენმ სიის 26ე ნომერი) ან რამაზ ნიკოლეიშვილის (ენმ-ს სიის მე-12 ნომერი) ინტერვიუები.
პირველმა ენმ-საგან 9 მილიონად იყიდა ოფისი (პროქსის მეშვეობით) და დღეს ამ ოფისიდან ჩინურ მანქანებს ყიდის და ფულს აკეთებს. დღემდე გაურკვეველია, ენმ-ს წევრმა კირკიტაძემ ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვა ამხელა თანხა (თავი რომ დავანებოთ სახლებსა და მანქანებს), თუ ბიძინას დროს, რაც მხოლოდ ბიძინასთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი. ასევე გაურკვეველია, თუ 9 მილიონი დაჯდა პარტიის ანგარიშზე, რატომ "ტირის" ენმ, რომ არაფრის ფული არ აქვს.