"ეს კლანებს შორის დაპირისპირებაა...ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაწინაურდა კობახიძე-მდინარაძის კლანი ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანზე" - გიორგი შარაშიძე ყოფილი პრემიერის წერილზე
ველოდით, რომ რაიმე განსაკუთრებულს მოვისმენდით ღარიბაშვილისგან, მაგრამ სიახლე გარდა იმისა, რომ ის ცდილობს ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს, რომ მისი ერთგულია და საუკეთესო მომსახურე პერსონალია მომსახურე პერსონალს შორის, არაფერი ყოფილა,- ასე აფასებს „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ თავისი ხელით არსებული ინფორმაცია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების სასიკეთოდ შესაცვლელად გამოეყენებინა, ერთადერთი, რასაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკეთებს, საკუთარი თავის დაცვა და ბიძინა ივანიშვილისთვის დამტკიცებაა, რომ „ბევრად უკეთესი მომსახურე პერსონალია, ვიდრე კობახიძე და მდინარაძე არიან“.
„ეს კლანებს შორის დაპირისპირების გაგრძელებაა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაწინაურდა კობახიძე-მდინარაძის კლანი ღარიბაშვილ-ლილუაშვილის კლანზე. ის, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ეჭვი არ გვეპარება და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ თავად „ოცნებაა“ კორუმპირებული და სწორედ „ოცნების“ კისერზეა პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოში სისტემური პოლიტიკური კორუფციაა. არანაირი მორალური უფლება არ აქვს კობახიძეს, ისაუბროს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ, ვიდრე მისი მფარველობის ქვეშ და მისი კლანის წევრი იქნება კახა კალაძე, რომლის მიმართაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ყველაზე მეტი კითხვა აქვს კორუფციასთან დაკავშირებით. კალაძის ქონებითა და კორუფციული გარიგებებით რატომ არ ინტერესდება კობახიძე? ინფორმაცია არ აქვს თუ კითხვები არ აქვს? ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არა, კორუფციული ინტერესების გადანაწილებისთვის, ძალაუფლებისა და ფინანსურ რესურსებზე წვდომისთვის ბრძოლაა. ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება. „მეფის კარზე“ მოხდა ერთი კლანის ჩანაცვლება მეორე კლანით და კლანური მმართველობა დღესაც გრძელდება.
მთელი „ოცნება“ კორუმპირებულია და კორუფციაშია ჩართული. არაერთი კორუმპირებული ჩინოვნიკი აგრძელებს ხალხის ჯიბეში ხელის ჩაყოფას და ამით ჩვენი ქვეყნის ღალატს. კორუფცია არის ღალატი“,- განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"