ყვავილების ფერადი სამოთხე
ასე რომ ააყვავო და ყვავილების ქვეყნად აქციო შენი მამული, დიდი სიყვარული, შრომა და მონდომება სჭირდება. ლედი ხოსრიაშვილი უამრავ ყვავილს ახარებს და ეს დიდ სიამოვნებასაც ანიჭებს. კი იღლება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს სასიამოვნო დაღლაა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბიწმენდში (საგურამოდან 4 კილომეტრში) მისი ყვავილების სიხასხასე ყველას ყურადღებას იქცევს. მეურნე ამბობს, რომ თავის მცენარეებს მუდმივად უმღერის და სიყვარულს ასეც გამოხატავს.
- აქ, ბიწმენდში, ყველამ მიჰყო ხელი მეყვავილეობას. ოთხი შვილის დედა ვარ და ბავშვები როგორც კი ცოტათი წამოვზარდე, მეც წამოვიწყე ეს საქმე. ბავშვობიდან მიყვარდა ყვავილები და მინდოდა შემოსავლის მისაღებად ყვავილები მომეშენებინა... ხუთი წლის წინ, "კოვიდის" დროს, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, წინამძღვრიანთკარში, მებაღე-დეკორატორის კურსი დავამთავრე. მაგ დროისთვის უკვე დათესილი მქონდა რამდენიმე სახეობის ყვავილი და რადგან დამიკავშირდნენ, მებაღე-დეკორატორის კურსი იხსნება და მისი გავლის სურვილი ხომ არ გაქვთო, დავთანხმდი. ცოდნის შეძენა არასდროს არის გვიან. ოჯახში კი მეუბნებოდნენ, რაღა დროს შენი სწავლააო, მაგრამ ცოდნა გავიღრმავე. შესანიშნავი ლექტორი მყავდა, ქალბატონი შორენა კაპანაძე. არც ერთი ლექცია არ გამომიტოვებია, პრაქტიკას კი შინ გავდიოდი.
ლედი ხოსრიაშვილი:
- მამას ჩემს ბავშვობაში ფული რომ გაუჩნდებოდა, რა ვიყიდოთო, გვეკითხებოდა. ერთხელაც ნაკვეთი ვაყიდვინე და მოვახვნევინე. სამი და და ერთი ძმა ვართ. ვეხმარებოდით ყვავილების მოვლაში მათ, ვისაც კარგი ბაღი ჰქონდა. მერე გვჩუქნიდნენ ყვავილებს, მოგვქონდა, ვრგავდით და ადგილებზე სულ ჩხუბი გვქონდა მე და ჩემს დას, სად დაგვერგო. შემდეგ მამამ სახლის წინ, ჩაყოლებაზე, ბაღი გაგვიყო, მონაკვეთები მოგვიჭრა - ეს შენი იყოს, ის კი შენი დისო, თან გვაჯიბრებდა, ვის უფრო ლამაზი ბაღი ექნებოდა. ვფიქრობ, აქედან წამოვიდა ყვავილების სიყვარული.
შვილები როგორც კი ისე წამოიზარდნენ, რომ უფროსს შეეძლო უმცროსის მიხედვა, საოჯახო პატარა საქმე - მეყვავილეობა დავიწყე, რაც მერე გავაფართოვე. პირველად, 10 წლის წინ, ასტრები გავახარე, რადგან ყვავილები ძალიან მიყვარს და არასდროს მაკმაყოფილებდა, რაც მქონდა. ნერგსა თუ ყვავილს რომ გავყიდდი, ისევ ნერგსა და ყვავილს ვყიდულობდი. ვინმე სადმე თუ წავიდოდა, რა ჩამოგიტანოთო, მეკითხებოდნენ. ხომ იცით, რაც გამახარებს-მეთქი, ვპასუხობდი. ვისაც ჩემი გახარება უნდა, ყვავილის ფესვი, ბოლქვი ან ნერგი უნდა ჩამომიტანოს.

- გაშენებული ნაკვეთი დაახლოებით რა ფართობია?
- სახლთან მაქვს 2000 კვადრატზე ცოტა მეტი. იქ გაზაფხულის ყვავილები მაქვს დარგული. სხვის ბაღსაც ვამუშავებდით და შარშან 3500 კვადრატული ბაღი შევიძინეთ. სულ ვოცნებობდი დიდ ბაღზე, რომ ყველა მცენარე დამერგო, რაც მინდოდა მქონოდა. ჩემს ეზოში ადგილი აღარ მქონდა, ყველა კუთხე ამოვწურე... მაქვს კიდევ 1500 კვადრატი, იქაც გაზაფხულის ყვავილებია და კიდევ, 1200 კვადრატამდე ფართობზე შერეულებია: იორდასალამები, ასტრები, ვარდები, გიფსოფილები, შროშანები... 30 სახეობაზე მეტი მცენარე მაქვს, თითოეული დიდი რაოდენობით. გაგვაქვს ბაზარშიც. ახლა ასეთი რამ მოვიფიქრე, რადგან მე თვითონ იმხელა სიამოვნებას მანიჭებს ყვავილების ბაღში ერთი გავლაც კი... ვისაც არა აქვს ბაღი და უნდა მიიღოს ისეთივე სიამოვნება, როგორსაც მე განვიცდი, მოვიდნენ და თავისი ხელით მოკრიფონ, რაც სურთ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ისინი კი, რაც მოსწონთ, კრეფენ, მიაქვთ და უზომოდ სიამოვნებთ.
- ამაში საზღაურს ხომ იღებთ?
- სიმბოლურად - ერთი ყვავილი ერთი ლარი ღირს. ვისაც რომელი ყვავილი მოსწონს, რა სიგრძის და რამდენიც, კრეფს. ყვავილებზე მეტად, ისეთი ნასიამოვნები და ბედნიერი მიდიან, რაც ჩემთვის ყველაფერს უდრის. ცოტა ხნის წინ შეყვარებული წყვილი მოვიდა, ყვავილები დაკრიფეს და იქაურობას ვეღარ ელეოდნენ, ისე ისიამოვნეს. ჩემგანაც ერთი კარგი თაიგული ვაჩუქე.
ამას გარდა, ადგილიდანაც მიაქვთ. მეუღლეს კი ნავთლუღის ბაზარში ჩააქვს გასაყიდად ყოველ მეორე-მესამე დღეს. ახლა ფლორისტული კურსიც გამოწერილი მაქვს, დამაინტერესა, რადგან ზუსტად არ ვიცოდი, ყვავილი როგორ მომეჭრა, რა ფორმის, რა ზომის... ამიტომ ყველაფერს ვსწავლობ.
- რით კვებავთ მცენარეებს? ლამაზია თქვენი გეორგინები...
- მხოლოდ ბიოს ვაძლევ, შხამებს - არა. ფოთლიდანაც ვკვებავ და ნიადაგიდანაც, ორ კვირაში ერთხელ. ახლახან პატარა შესაწამლი აპარატიც ვიყიდე, დიდი მხარს მატკენდა... გეორგინებიც მრავლად მაქვს, ფერადი სექტემბერებიც, 7-8 სახეობა. აგვისტოს მიწურულიდან დაიწყება ყვავილობა და გადააფერადებს ყველაფერს. მაქვს კიდევ ცელოზიები - ორი სახეობის, სხვადასხვა ფერის, ახლა იწყებს ყვავილობას. გლადიოლუსებიც უამრავი ფერისაა, ისეთი ფერები ყვავის, თვითონაც გაოცებული ვარ. შროშანებიც ბლომად მქონდა. იორდასალამიც ბევრია. გაზაფხულზე რომ მოხვიდეთ, ნარგიზების (იგივე ნარცისი. - რედ.) ზღვაა! ტიტების, ირისების, სუმბულების...
- ზამთრობით, ალბათ, ისვენებთ?
- დეკემბერში ვჩერდები. შემოდგომაზე ვიწყებთ მოხვნას, თებერვლიდან - ნიადაგის დამუშავებას... ტიტები, სუმბულები, ნარგიზები მრავალწლოვანია. თებერვლიდანვე სჭირდება დაფოცხვა, სანამ წვერებს წამოყოფს, მერე - გათოხნა. კვება 2-3-ჯერ მაინც უნდა, ორ კვირაში ერთხელ. მერე იწყება სხვადასხვა მცენარის დათესვა. მიწა რომ გაიხსნება, გაიბზარება და სიმწვანე ამოდის, უბედნიერესი ვარ!.. დილით მაღვიძარას ვაყენებ, სახლიდან უთენია გამოვდივარ. ორ უძვირფასეს ქალს (ჩემს მაზლისცოლებს) უკვე ორი წელია ვამუშავებ, რადგან საქმემ მოიმატა. დილით ვგეგმავთ, რომელ ბაღში წავიდეთ, თუმცა საქმე თვითონ გვეძახის, რომელი უფრო სასწრაფოა.
- შეწამვლას როგორ არეგულირებთ?
- ორ კვირაში ერთხელ სჭირდება ყველაფერს შეწამვლა, როცა აქტიურ ფაზაშია ყვავილი. მაგალითად, ტიტა ბოლქვიანია, როცა დაასრულებს ყვავილობას, მერე ბოლქვი იწყებს მუშაობას და აუცილებლად სჭირდება მორწყვა. ტიტას ყვავილს რომ მოჭრი, ორი ფოთოლი უნდა დაუტოვო, რომ ბოლქვმა განაგრძოს კვება. თუ არ მიხედე, მეორე წელს ცალფურცელა ამოდის და აღარ ყვავის. დედაბოლქვი შვილებად იყოფა და წყლის მიწოდება სჭირდება.

- როგორც აღნიშნეთ, ყვავილებთან ერთად ბოსტანსაც უვლით...
- ყვავილების მოშენება რომ დავიწყე, დედა მეუბნებოდა, ოთხი შვილის დედა ხარ, ცოტა ხანს მაინც ხომ უნდა შეჭამონ შენმა შვილებმა ნატურალური ბოსტნეულიო. დედის სიტყვა ჩემთვის ყველაფერია. დავიწყე დათესვა და ძველი ჯიშებიც მოვიძიე. ჭოპორტელი ვარ და ჭოპორტში ძლივს ვიშოვე, 15 კაციდან მხოლოდ ორს ჰქონდა ნამდვილი ჭოპორტული პამიდვრის ჯიში. მომცეს თესლი, მოვიყვანე და ბევრიც ავიღე. პამიდორს კიტრი მოჰყვა, კიტრს - სხვა რამ... კარგმა მოვლამ მომცა შედეგი და დამიკავშირდა რამდენიმე მაღაზია, რომლებმაც აიღეს ჩემი თესლები და რეალიზაციაში გაუშვეს. დღემდე ძიებაში ვარ - თუ სადმე ძველი ჯიშის ან სარის ლობიოა, ან ნებისმიერი ბოსტნეული, მხოლოდ და მხოლოდ ძველი ჯიშები მინდა, ჰიბრიდი და მსგავსი რამ არა. უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი მყავს.
პამიდორს ცოტა სხვა ფორმით სჭირდება თესლის აღება, არ არის მარტივი. დამწიფების მეთოდით ვაკეთებ - ჯერ ადგილზე, ძირზე უნდა დამწიფდეს კარგად. მერე შემომაქვს და ყველა ფანჯრის რაფაზე პამიდვრები მიწყვია. სახლში ყველა გაფრთხილებული მყავს: "ეს არის სათესლე პამიდორი, ხელი არ ახლოთ!" "მემუქრებიან" ხოლმე, აღარ მოგეხმარებით, მოხმარება რომ დაგჭირდება; რაც კარგია, ყველაფერი გადადებული გაქვსო. ასე რომ არ მოვიქცე, ამდენი კმაყოფილი მომხმარებელი ხომ არ მეყოლება? ახლა ვფიქრობ, ცალკე ოთახი გამოვუყო ამ ყველაფერს.
ჰო, მერე ჩავჭრი, თესლს რომ გამოვაცლი, ჭურჭელში ორი დღე მაინც უნდა დავაცადო, რომ შიგვე, თავის წვენში კარგად ჩამწიფდეს. ბოლოს გამდინარე წყალს მივუშვებ - რაც უვარგისი და მოუმწიფებელი თესლია, წყალს მიჰყვება, ხოლო მძიმე და მოსული თესლი რაც არის, რჩება. ასე აღებული თესლის 100-დან 95% ამოდის.
- თესლის აღებაც როგორი შრომატევადია...
- მარტო ამას ვერ შევძლებდი, რომ არა ჩემი ყოჩაღი გოგონები. ვცდილობთ სიცილში, ხუმრობაში ვიმუშაოთ.
ყვავილების თესლის შეგროვებაც კიდევ ცალკე ამბავია. მოკლედ, საქმე ბევრია, მაგრამ უნდა აკეთო ის, რაც გიყვარს და გსიამოვნებს. სულაც არ არის საჭირო დიდი თანხები... არ უნდა დავიზაროთ, ვიშრომოთ, შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს.