"ბანდეროლი“-იაფფასიანი, მაგრამ ძალზე საშიში რუსული "გზავნილი“ უკრაინის ქალაქებისკენ... - კვირის პალიტრა

"ბანდეროლი“-იაფფასიანი, მაგრამ ძალზე საშიში რუსული "გზავნილი“ უკრაინის ქალაქებისკენ...

ბანდეროლი ფრანგული სიტყვაა და შეფუთულ საფოსტო გზავნილს აღნიშნავს, თუმცა ის „ბანდეროლები“, რომელთა „გაგზავნა“ მოუხშირა რუსეთმა უკრაინის ქალაქებისკენ, ნამდვილ „სასიკვდილო გზავნილებს“ წარმოადგენენ, რომლებმაც უკვე შეიწირეს ასობით მშვიდობიანი მოსახლე უკრაინის ოდესასა თუ კიევში...

ომი და მითუმეტეს ფართომასშტაბიანი და დროში გაწელილი, ყოველთვის „ეჯახება“ ეკონომიკურ ფაქტორს,როდესაც მეომარი ქვეყნები „გამოფიტვის ომების“ დროს ცდილობენ გამოიყენონ უფრო ისეთი შეირაღება, რომელიც მეტად ესადაგება „ღირებულება-ეფექტიანობის“ კრიტერიუმს ანუ რაც შეიძლება დაბალფასიანი იარაღით, რაც შეიძლება მეტი საბრძოლო დანაკლისი მიაყენონ მოწინააღმდეგეს...

2banderoli-1787481450.jpg
„ბანდეროლის“ გამშვები სახმელეთო კატაპულტა

ამის აუცილებლობა თვით ყველაზე მდიდარ ამერიკულ არმიასაც კი გაუჩნდა, ირანთან რამდენიმეთვიანი მხოლოდ საჰაერო ომის წარმოებისას, როდესაც პენტაგონი იძულებულია აღიაროს, რომ კრიტიკულად შეუმცირდა ძვირიანი „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტებისა თუ „პეტრიოტის“ ანტირაკეტების მარაგი, რისი კომპენსირებაც ახლო პერიოდში უბრალოდ არ შეუძლიათ არა ფინანსური, არამედ ტექნოლოგიური პრობლემების გამო.

შესაბამის სიტუაციაში აღმოჩნდა ის აგრესორი რუსეთიც,რომელმაც 1 642 დღის წინ ღია სამხედრო აგრესია წამოიწყო მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ და ომის დასაწყისში უკრაინის ქალაქებისკენ „უხვად“ უშვებდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ძვირადღირებულ ფრთოსან რაკეტებს...

ომის მეხუთე წლისთვის რუსეთსაც გაუჭირდა 2-3 მლნ დოლარად შეფასებული, რამდენიმე ათეული „ჰაერი-მიწა“ კლასის Х-101-ისა და „ხომალდი-მიწა“ კლასის Калибр-ის ფრთოსანი რაკეტების ყოველდღიურად გაშვება უკრაინისკენ, რასაც დაემატა ტაქტიკურ-ტექნიკური ნიუანსიც.

Х-101-ების საბრძოლო გამოყენება მხოლოდ რუსულ სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენებს შეუძლიათ, მაგრამ რუსეთის ნებისმიერი აეროდრომიდან უზარმაზარი სტრატეგიული Ту-160-ისა თუ Ту-95МС-ის აფრენა მაშინვე ფიქსირდება ამერიკული და ნაწილობრივ ევროპული თანამგზავრული სადაზვერვო ქსელის მიერ(აშშ-ებმა ეს თანამგზავრული სადაზვერვო სისტემა ჯერ კიდევ პირველი „ცივი ომის“ დროს აამოქმედა, რადგან მაშინ საბჭოთა სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენის აფრენები ყოველთვის შეიცავდა პოტენციურ რისკს, რომ მათ ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისკენ გაეშვათ).

3-banderoli-1787481473.jpg
უკრაინელი მეზენიტეების მიერ ჩამოგდებული რუსული „ბანდეროლის“ ცხვირის ნაკვეთური

თანამგზავრებიდან მიღებულ ინფორმაციას დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურები ოპერატიულად აწოდებენ უკრაინის მხარეს (გვინდა გვჯეროდეს, რომ თეთრ სახლში დაბრუნებული ტრამპი ამასაც საბოლოოდ არ დაბლოკავს) და უკრაინის ქალაქებში ცხადდება საჰაერო განგაში, რადგან სადღაც, კასპიის ზღვის თავზე გამოშვებულ რუსული ფრთოსან რაკეტებს კიევამდე მისაღწევად ერთ საათზე მეტი დრო სჭირდებათ(ამ რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენების ეკიპაჟები უფთხიან ფრთოსანი რაკეტების გაშვებას უკრაინის საზღვართან უფრო ახლოს, რადგან უკრაინელების საზენიტო „პეტრიოტების“ შიში აქვთ), რაც საკმარისი დროა უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის მეტროსა და თავშესაფარებში ჩასასვლელად.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა რუსული „კალიბრების“ შეტევისასაც. ამ „კალიბრების“ გაშვება უკრაინისკენ მხოლოდ რუსულ წყალზედა ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ შავი ზღვიდან,ასევე კასპისს ზღვის აკვატორიიდანაც, რაც ასევე ადრეულად ფიქსირდება სადაზვერვო თანამგზავრების მიერ და უკრაინელებს საკმაო დრო აქვთ თავი შეაფარონ მათკენ 700-900 კმ/სთ სიჩქარით მფრენ ამ რუსულ საჰაერო საფრთხეს.

ცოტა განსხვავებული სიტუაციაა „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტების (რომლებიც საზღვაო „კალიბრის“ ერთგვარ მოდიფიკაციას წარმოადგენენ) გაშვებისას. „ისკანდერის“ ერთი მობილური სარაკეტო დანადგარიდან შესაძლებელია როგორც ორი კვაზიბალისტიკური, ისე ორი ფრთოსანი რაკეტის გაშვება. ამასთან, ტყიდან გამოსული 13 მ-იანი „ისკანდერის“ სარაკეტო დანადგარის ადრეული დაფიქსირება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 54 მ-იანი Ту-160-ის აფრენა ან გაშლილ ზღვაში მცურავი „კალიბრებით“ შეიარაღებული 125 მ სიგრძის რუსული ფრეგატისა, თუმცა „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტის სასტარტო ამაჩქარებლის ამოქმედებისთანავე გამოტყორცნილ მაღალტემპერატურიან ცეცხლის ფაკელს მაშინვე აფიქსირებენ სადაზვერვო თანამგზავრების მაღალმგრძნობიარე თბოვიზორული დეტექტორები და განგაშის სიგნალს აგზავნიან,ოღონდ იმის გამო, რომ რუსული „ისკანდერები“ ფრთოსან რაკეტებს უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის კურსკისა თუ ვორონეჟის ოლქებიდან უშვებენ, კიეველებს თავშესაფარში ჩასასვლელად მხოლოდ 30-40 წთ თუ რჩებათ.

და ამხელა შესავლის შემდეგ,გადავიდეთ მთავარზე-ზემოხსენებული სამივე ტიპის ძვირადღირებული ფრთოსანი რაკეტების ნაწილობრივი ჩანაცვლება უკრაინაზე სისტემატური თავდასხმებისას,აგრესორმა რუსეთმა დაიწყო ბევრად უფრო იაფი, ტექნიკურად შედარებით მარტივი,მაგრამ არანაკლებ საშიში ახალი მცირეგაბარიატიანი ფრთოსანი რაკეტებით S8000 «Бандероль»-ებით,რომლებიც უკვე ყოველ ღამე ათობით ფეთქდებიან უკრაინულ ქალაქებში, განსაკუთრებით კი ზღვისპირა ოდესაში, რადგან მათ ანექსირებული ყირიმიდან უშვებენ რუსი ოკუპანტები და ზღვის თავზე ძალიან დაბალ სიმაღლეზე(30-50 მ) და 560-650 კმ/სთ სიჩქარით მფრენი 5 მ სიგრძის ამ ფრთოსანი რაკეტის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენა ურთულესია, ისევე როგორც მისი ჩამოგდება ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული მობილური საზენიტო ჯგუფების მიერ,რადგან „ბანდეროლები“ რუსულ შიდაწვისძრავიან კამიკაძე-დრონებზე „გერანებზე“ სამჯერ უფრო სწრაფად მიფრინავენ.

4-banderoli-1787481533.png
რუსული „ბანდეროლის“ უკრაინულ ხარკოვზე პიკირების მომენტი...

ამიტომაც, უკრაინელ მეზენიტეებს მოუწევთ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „იგლას“, „პერუნის“ ,„გრომისა“ და „სტინგერის“ ან კიდევ უფრო ძლიერი და შესაბამისად ძვირი და დეფიციტური სხვა საზენიტო რაკეტების მასიური გამოყენება რუსული „ბანდეროლების“ შემოტევების მოსაგერიებლად.

ამასთან, „ბანდეროლის“ გაშვება შესაძლებელია როგორც უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატიდან „ორიონიდან“,ისე სახმელეთო კატაპულტიდან,რისი ტექნიკურად დაფიქსირება სადაზვერვო თანამგზავრებიდან თითქმის შეუძლებელია და შესაბამისად ადრეულად ვერავინ მოასწრებს საჰაერო განგაშის გამოცხადებას და იმავე ოდესელების წინასწარ გაფრთხილებას ,რომ თავშესაფრებისკენ გაიქცნენ...

მართალია, ახალ რუსულ „ბადნეროლს“, მხოლოდ 114 კგ-ია საბრძოლო ქობინი უყენია,რომელშიც მხოლოდ 49,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებაა(მაშინ როდესაც Х-101-ის საბრძოლო ქობინი 400 კგ-მდე იწონის,„კალიბრისა“ კი 450 კგ-ს),მაგრამ ეს „ბანდეროლები“ გამოირჩევიან რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემებისადმი მდგრადობითა და მიზანში მოხვედრის დიდი სიზუსტით,რადგან ამერიკული,იაპონური,სამხრეთ კორეული და შვეიცარიული წარმოების თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურა უყენიათ... ესეც შენი „დასავლური სანქციები“ რუსეთისადმი!

„ბანდეროლის“ „გული“-მინიატურული რეაქტიული ძრავა Swiwin SW800Pro ჩინური წარმოებისაა,განკუთვნილია ავიასამოდელო სპორტისთვის და AliExpress-ზე თავისუფალ გაყიდვაში 16 ათას დოლარად დევს.

მთლიანად,ერთი „ბანდეროლის“ აწყობა რუსებს 42-დან 127 ათას ევრომდე შეიძლება უჯდებოდეთ, იქიდან გამომდინარე თუ რამდენად შეიძენენ „რუხი სქემებით“ ამერიკულ თუ იაპონურ დეტალებს და კიდევ რამდენს წაიღებს „ოტკატები“ და მიუხედავად ყოველივე ამისა „ბანდეროლის“ საბოლოო თვითღირებულება 50-ჯერ თუა არა, 20-ჯერ იაფი მაინც უჯდებათ იმავე „კალიბრებთან“ შედარებით...

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს,რომ რუსულ კომპანია „კრონშტადტს“ თვეში 80-მდე „ბანდეროლის“ დამზადება შეუძლია.

შედარებით იაფასიანი და შესაბამისად უფრო მასიურად გამოყენებადი ფრთოსანი რაკეტები „ბანდეროლები“ დამატებით უდიდეს „თავისტკივილად“ იქცევა მილიონობით უკრაინელისთვის,ისევე,როგორც ჯერ ვერანირად ვერ „მოუშორებიათ“ ძველი „თავისტკივილი“- საბჭოთადროინდელ უმართავ საავიაციო ბომბებზე დაყენებული რუსული პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური კომპლექსები,რომლებიც ყველაზე იაფ,მაგრამ ამასთან სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ფრონტის ხაზზე და მის ახლო ზურგში არსებული უკრაინის დამცველების თავდაცვითი პოზიციებისთვის,რომელთა სისტემატური დაბომბვისა და განადგურების შემდეგ,რუსი ოკუპანტები მიწისთან გასწორებულ უკრაინულ ქალაქებში ადვილად იპარებიან და მათ თანდათანობით იპყრობენ...