"თუ ეს ორი კონფლიქტი საბოლოოდ ერთმანეთთან გადაიკვეთა, შესაძლოა მივიღოთ მსოფლიო ომი“ - კვირის პალიტრა

"თუ ეს ორი კონფლიქტი საბოლოოდ ერთმანეთთან გადაიკვეთა, შესაძლოა მივიღოთ მსოფლიო ომი“

ირანზე აშშ-ის ზეწოლა და სანქციების გამკაცრების მუქარა, უკრაინის ომის ახალი ფაზა და ამ პროცესების შესაძლო გავლენა რეგიონზე - შეუძლია თუ არა ვაშინგტონს თეირანის წინააღმდეგ ფართო კოალიციის შექმნა და რა რისკებს ქმნის ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაახლოება? ანალიტიკოს მირიან მირიანაშვილის აზრით, ტრამპის შესაძლებლობები, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური, შეზღუდულია და ირანის წინააღმდეგ ფართო კოალიციის გარეშე აშშ-ის ზეწოლა ეფექტიანი ვერ იქნება. მისი შეფასებით, არსებობს რუსეთ-უკრაინის და ამერიკა-ირანის კონფლიქტების გაერთიანების საფრთხე, რამაც შესაძლოა ვითარების გლობალიზაცია გამოიწვიოს და ახალი საფრთხეები შექმნას, მათ შორის საქართველოსთვის.

- თუ ამერიკას დღეს ირანის განადგურება დასჭირდა, ამის შესაძლებლობა როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო - აქვს. თუმცა იმისთვის, რომ ირანს ტოტა­ლურად მიადგეს, პოლიტელიტის მანდატი არა აქვს. ამერიკაში პრეზიდენტს ომის წარმოება კონგრესის უნებართვოდ მხოლოდ გარკვეული პერიოდით შეუძლია. არსებობს მიმართულებები და სამხედრო ბაზები, რომელთა ძალებისგან დაცლაც კანონმდებლობით შეზღუდულია. შესაბამისად, ძალების სრული კონცენტრირებაც შეუძლებელია. დღეს ტრამპი მოქმედებს იმ რესურსის 15-20%-ის ფარგლებში, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც აქვს. თუ ტრამპი თავის პოლიტიკურ მოკავშირეებთან: დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან, კანადასთან, იაპონიასა და სამხრეთ კორეასთან ფართო კოალიციის შექმნას გადაწყვეტს, მას ირანის ეკონომიკური იზოლაციის შესაძლებლო­ბაც ექნება. ასეთ შემთხვევაში ბლოკადის დაწესე­ბაც კი შეიძლება აღარ გახდეს საჭირო. თუ ეს ქვეყნები ირანთან ვაჭრობას შეწყვეტენ, ირანი მსოფლიო სავაჭრო სისტემას მოსწყდება.

- ტრამპი ვერ ახერხებს კოალიციის შექმნას თუ ეს მისი პოლიტიკაა?

- ტრამპს არ სურს ირანის დაჩოქების შემდეგ მიღებული ეკონომიკური სარგებელი სხვებს გაუნაწილოს. თუ ფართო კოალიციის შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებოდნენ არაბული სახელმწიფოები, ევროპელები და სხვა პარტნიორები, ახალი რეალობის ჩამოყალიბების შემდეგ ისინი სარგებელსაც მიიღებდნენ. სწორედ ეს "დაჯილდოება" არ სურს ტრამპს. ირანის დაჩოქებაში ის ვერ ხედავს ისეთ სარგებელს, რომლისთვისაც მიღებული შედეგის სხვებთან გაყოფა ღირს.

- ასეთმა პოზიციამ შესაძლოა კონფლიქტის კიდევ უფრო გახანგრძლივება განაპირობოს?

- ომი შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ ტრამპი არ გააცნობიერებს, რომ ამ პროცესიდან ფართო კოალიციის შექმნისა და მიღებული შედეგების პარტნიორებთან გაზიარების გარეშე გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ვფიქრობ, კონფლიქტის დიდი ხნით გაჭიანურების საშუალებას ტრამპს არც ამერიკის ელიტა მისცემს, არც არაბი მოკავშირეები და არც ისრაელის გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები. ტრამპისთვის ამ მოკავშირეების დაკარგვა შიდაპოლიტიკურ ველზე სერიოზული საფრთხეა. რაც უფრო ადრე გააცნობიერებს ამას, მით უკეთესი იქნება. თუმცა, ჯერ ფიქრობს, რომ ირანის საკითხის გადაწყვეტას პარტნიორების გარეშე შეძლებს.

- ვიდრე ტრამპი ფიქრობს, არსებული დაძაბულობა საქართველოს რა ფორმით შეიძლება შეეხოს, განსაკუთრებით მეორეული სანქციების შესახებ საუბრის გათვალისწინებით?

- ტრამპი შეეცდება ირანს ეკონომიკური "ჟანგბადი" გადაუკეტოს. დღეს ირანის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი პაკისტანზე მოდის, დანარჩენი კი ნაწილდება რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. რუსეთიდან ირანში მიმავალი საქონ­ლის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის გავლით შედის. რაც შეეხება საქართველოს, მე არ მსმენია რაიმე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ან ლოჯისტიკური წილის შესახებ, რომელიც ირანის ვაჭრობაში საქართველოს გავლით მოდის. ამის ლოგიკური აუცილებლობაც ირანს აქამდე არ ჰქონია, რადგან ის სავაჭრო მარშრუტები, რომლებსაც იყენებს, ძირითადად, სხვა მიმართულებებზე გადის და საქართველო ამ ტრაექტორიაში თავიდანვე არ ყოფილა. თუმცა ის შეზღუდვები, რომელთა დაწესებასაც ტრამპი ირანისთვის შეეცდება, ბუნებრივია, საქართველოსაც შეიძლება შეეხოს, მაგრამ ტრამპის მუქარა ხშირად მხოლოდ შანტაჟია და მოლაპარაკების მაგიდასთან გაცვლა-გამოცვლის ინსტრუმენტი. ამიტომ უახლოეს დღეებში არაფერს ველი ისეთს, რომ საქართველოს წინაშე რაიმე გამოწვევა დააყენოს.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება რუსეთ-უკრაინის ომია. პუტინი კვლავ უარზეა მოლაპარაკების დაწყებაზე, ზელენსკიც აცხადებს, რომ სანამ უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი შესაძლებლობები არ ექნება, ომის დასრულებისთვის მზად არ იქნება...

- უკრაინამ ბრიტანეთისა და ამერიკის დახმარებით რუსეთის ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა, ასევე დაარტყა სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრებს. უკრაინას გაცილებით მეტი ენერგიითა და რესურსით ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გამოუჩნდა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ისრაელის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფებსაც, რომელთა ინტერესები შეიძლება ესკალაციისკენ იყოს მიმართული. ეს ესკალაცია ჩვენთვის შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ ისეთი რესურსებით არ ვართ განებივრებული, რომ ყველაფერი, რაც არ გვინდა, თავიდან ავიცილოთ.

- რას გულისხმობთ?

- მნიშვნელოვანია, როგორ უყურებენ ისრაელის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ირანის პრობლემის მოგვარებას. მათი შეფასებით, ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ირანის საკითხის გადაწყვეტის "ფანჯარა" არსებობს, რადგან მოგვიანებით ამის გაკეთება შესაძლოა გაცილებით რთული გახდეს. ჩემი აზრით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო გზით პრობლემის გადაწყვეტის თავდაპირველი სცენარი სრულად ვერ გათამაშდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ტრამპისა და მისი ოჯახის ეკონომიკური ინტერესებიც იყოს. მათ არ სურთ ირანის ენერგეტიკის სრულად განადგურება, რადგან ომის დასრულების შემდეგ იქ ეკონომიკური ინტერესები აქვთ. თუ ირანის ენერგეტიკა მთლიანად განადგურდება, ტრამპის ომის პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანიც ნაწილობრივ აზრს დაკარგავს. ამიტომ შესაძლოა ტრამპის მიზანი ირანის სრულად განადგურება კი არა, მისი მნიშვნელოვნად დასუსტება და ამის შემდეგ მისთვის ახალი პირობების კარნახი იყოს. დღეს ასეთი მიდგომის ცდას ვხედავ - ირანის ენერგეტიკის ნაწილის დაზიანებით თეირანისთვის იმის ჩვენებას, რომ აშშ-ს ამის შესაძლებლობა აქვს, და პარალელურად უკრაინისა და ირანის კონფლიქტების ერთმანეთთან დაახლოებასაც. თუ უკრაინის ევროპელი მოკავშირეები ირანის წინააღმდეგ კონფლიქტში ჩაერთვებიან, ეს ირანისთვის ჩრდილოეთის მიმართულების ჩაკეტვას და დამატებითი საფრთხეების შექმნას ნიშნავს. ამ შემთხვევაში ევროპას შესაძლოა რუსეთის შემდგომ დასუსტებაში მონაწილეობამაც მოუწიოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა. თუ უკრაინისა და ირანის კონფლიქტების გაერთიანების წინა პირობები შეიქმნა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შეიძლება გახდეს ის, რომ ირანმა თავად გადადგას პირველი ნაბიჯი ევროპის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირება გაცილებით მარტივი გახდება. თუ უკრაინა გააგრძელებს იმ მოქმედებებს, რომლებიც კასპიის ზღვაში ირანულ გემებზე დარტყმებსა და არაბულ სახელმწიფოებში არსებულ ლოჯისტიკურ და სამხედრო ობიექტებს უკავშირდება, არის რისკი, რომ კონფლიქტის გეოგრაფია უფრო გაფართოვდეს. და თუ ირანმა საპასუხოდ ევროპაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც დაიწყო დარტყმები, მაშინ უკრაინისა და ირანის კონფლიქტების ერთმანეთთან დაკავშირების რეალური საფრთხე გაჩნდება. ეს საქართველოსთვის ძალზე სერიოზული საკითხია, რადგან კონფლიქტის გაფართოებამ შეიძლება ისეთი მიმართულებები და სამიზნეები მოიცვას, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად საქართველოს უსაფრთხოებაზეც აისახება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სცენარი არ განვითარდება.

თუმცა უკვე გამოჩნდა, რომ უკრაინისა და ირანის დაპირისპირების ერთმანეთთან გადაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა ევროპაც ჩაერთოს და კონფლიქტმა გლობალური მასშტაბი შეიძინოს. თუ ეს ორი კონფლიქტი საბოლოოდ ერთმანეთთან გადაიკვეთა, შესაძლოა მივიღოთ მსოფლიო ომის გარკვეული ფორმა. ეს შესაძლოა არ იყოს კლასიკური ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება, თუმცა შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური კონფლიქტი ჰიბრიდულ ფორმატში. თუ ტრამპი შეძლებს ირანის ეკონომიკურ დასუსტებას ისე, რომ თეირანმა ამას შესაბამისი პასუხი ვერ გასცეს, ვითარება შესაძლოა სხვაგვარად განვითარდეს... თუმცა ირანის საკითხის მოსაგვარებლად ტრამპს ჩინეთის ფაქტორის გათვალისწინებაც სჭირდება. ჩინეთს შეუძლია ირანზე შემაკავებელი გავლენის მოხდენა, თუმცა, ჩანს, პეკინი არ არის მზად ტრამპის ეკონომიკურ სანქციებს ირანის წინააღმდეგ შეუერთდეს. რუსეთისთვის ჩინეთი ამერიკისა და ევროპის დაწესებულ სანქციებს ფრთხილად, მაგრამ მაინც ითვალისწინებდა. ირანის შემთხვევაში კი ჩინეთის პოზიცია განსხვავებულია. ეს მიუთითებს, რომ პეკინისთვის რუსეთის დასუსტება მისაღებია, მაგრამ ირანის არა. ამიტომ ჩემთვისაც რთულად გასაგებია, როგორ შეძლებს ამერიკა ირანის შეკავებას ჩინეთის ჩართულობის გარეშე.

ხათუნა ბახტურიძე