375 188 კაცი „შავ სიაში“ - რატომ ვერ იხდის აქტიური მოსახლეობის თითქმის მეოთხედი სესხს? !
"კრედიტინფო საქართველოს" მონაცემებით, 2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 375 188 მსესხებელს აღერიცხება 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება სესხებზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 23,2% სესხს ვერ იხდის ("საქსტატის" ბოლო მონაცემებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაა 1 613 650). სულ კი საფინანსო სექტორის ვალი 1 996 116 კაცს აქვს: ანუ დაახლოებით 4-მილიონიან ქვეყანაში სესხი ყოველ მეორე მოქალაქე აქვს და მათგან თითქმის მეოთხედი სესხს ვერ იხდის.
თანაც, ეს რაოდენობა მზარდია: იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, რომელთაც სესხებზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აღერიცხებათ, ბოლო ერთი წელიწადში 9 004-ით, ხოლო ერთი თვის განმავლობაში - 1 627 პირით გაიზარდა. რაც შეეხება ამ ვადაგადაცილებული სესხების დარჩენილ ჯამურ ვალდებულებას, ნაშთი 3,062 მილიარდ ლარს აღწევს, საფინანსო სექტორის გაცემული სესხების 3,8%-ს.
რას ნიშნავს ეს მონაცემები ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება მაღალი ეკონომიკური ზრდით იწონებს თავს, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს.
- ვადაგადაცილებული და უმოქმედო სესხების რაოდენობა მზარდია. მართალია, ზრდის ტემპი ზოგჯერ ნელია, მაგრამ თავად მაჩვენებელი - 375 000 პრობლემური სესხი საკმაოდ მაღალია. საინტერესოა, რომელ საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის ეს წილი. ხშირად მიიჩნევენ, რომ პრობლემების სათავე ბანკებშია, რადგან მათ ყველაზე დიდი პორტფელი და მომხმარებელთა რაოდენობა აქვთ, თუმცა რეალობა სხვაგვარია. მთლიან საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 2%-ს არ აღემატება და ეს მაჩვენებელი "კოვიდის" პანდემიის დროსაც კი შენარჩუნდა.
პრობლემური სესხების ზრდა, ძირითადად, მას შემდეგ გამოჩნდა, რაც კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების გარდა, "კრედიტინფომ" აღრიცხვაში ლომბარდები და სხვა არასაბანკო გამსესხებლებიც ჩართო. სწორედ მათ ხარჯზე იზრდება პრობლემურ მსესხებელთა რაოდენობა. განსაკუთრებით საგანგაშოა სამი თვის და მეტი ვადით გადაცილებული სესხები, რაც, ფაქტობრივად, უიმედო გადამხდელებს ნიშნავს. სამთვიანი გადაუხდელობა მიუთითებს, რომ ადამიანს არსებითი ფინანსური კრიზისი აქვს და ვალის რესტრუქტურიზაციაც კი ვეღარ ხერხდება.
- ხელისუფლება ეკონომიკური ზრდით ამაყობს და ამასთან როგორ თავსდება ვადაგადაცილებული სესხების ზრდა?
- სტატისტიკა მძიმეა - მთლიან მოსახლეობაში ყოველ მეათე მოქალაქეს ფინანსურ ინსტიტუტთან პრობლემა აქვს. უშუალოდ მსესხებლების რაოდენობიდან კი, რაც დაახლოებით 2 მილიონს შეადგენს, ფაქტობრივად, ყოველი მეხუთე უიმედო გადამხდელია. უნდა დავფიქრდეთ, რა იწვევს ამ მდგომარეობას, სად მიდის ეკონომიკური ზრდის შედეგები, რომელიც, წესით, პრობლემური სესხების შემცირებაზე უნდა აისახებოდეს. მიუხედავად მთავრობის განცხადებებისა, ფაქტია, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაში კვლავ სერიოზული პრობლემებია.
ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური შემოსავლის პირობებში მსესხებელთა რაოდენობა ბუნებრივად შეიძლება გაიზარდოს. მაგალითად, როცა ადამიანები მომავლის იმედით იღებენ ვალდებულებას ავტომობილის ან ბინის შესაძენად. თუმცა ჩვენთან ყველაზე პრობლემური სწორედ მცირე - 1000-დან 2.000 ლარამდე სესხებია, მათ შორის სალომბარდე. ამხელა თანხებს, ძირითადად, სწრაფი სასიცოცხლო პრობლემების მოსაგვარებლად იღებენ. მოსახლეობას, უბრალოდ, არა აქვს დანაზოგი "შავი დღისთვის" და ეს რეალობა აჩვენებს, რომ ეკონომიკური პრობლემები ვერ დაიძლია, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს საზღვარგარეთ ემიგრანტი, რომელიც მათ ვალების გასტუმრებასა და თავის გატანაში ეხმარება. ე.წ. მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე პრობლემური სესხების შემცირების ტენდენცია არ იკვეთება. პირიქით, ვადაგადაცილებულთა სიას მუდმივად ახალი მსესხებლები ემატებიან. ეს მიგვანიშნებს, რომ ეკონომიკური ზრდა საზოგადოებაზე არ ნაწილდება და მხოლოდ მცირე ელიტის ჯიბეში ილექება. ეს არის უმწვავესი პრობლემა, რაზეც მთავრობამაც და ოპოზიციურმა პარტიებმაც სერიოზულად უნდა იფიქრონ. პოლიტიკური დღის წესრიგი არა სესხის პროცენტებთან დაკავშირებულ პოპულისტურ დაპირებებზე, არამედ ლოგიკურ მსჯელობაზე უნდა აიგოს - რა იწვევს პრობლემური მსესხებლების რაოდენობის ზრდას და რა რეალური, ქმედითი გზებით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.
- პრობლემური სესხების უდიდესი ნაწილი მოდის ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, სადაც პროცენტი ძალიან მაღალია. ანუ, როცა პირს სჭირდება თანხა და ბანკში ვერ იღებს მკაცრი საბანკო პოლიტიკის გამო, იძულებული ხდება მიმართოს ამ სეგმენტს, სადაც მაღალი პროცენტი კიდევ უფრო ურთულებს ვალდებულების შესრულებას. საბანკო-საკრედიტო პოლიტიკა რომ არ იყოს ასე მკაცრი, ვადაგადაცილებული სესხების პრობლემა ხომ მოგვარდებოდა თუ სრულად არა, რაღაც პროცენტით მაინც?
- დაკრედიტების გამკაცრებისა და ლარიზაციის პოლიტიკა ჯერ კიდევ 2018 წლიდან, ეროვნული ბანკის (სებ) წინა მენეჯმენტის პერიოდიდან დაიწყო. მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ სესხებს იღებდნენ მოქალაქეები, რომლებსაც მისი გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მოსაზრება, რომ ამ ხალხს სესხი ლომბარდის ნაცვლად ბანკში აეღო, ჩემი აზრით, არ ამართლებს. ამ შემთხვევაში ბანკებშიც გაიზრდებოდა პრობლემური სესხების რაოდენობა, რაც პირდაპირ იმოქმედებდა საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე - ბანკს პორტფელში რაც უფრო მეტი სარისკო სესხი აქვს და რაც უფრო მაღალია გადაუხდელობის ალბათობა, მით მეტად ემატება რისკის პრემიუმი და შესაბამისად, სესხის პროცენტი ყველასთვის იზრდება. აქედან გამომდინარე, დაკრედიტება უნდა იყოს სამართლიანი და ეფუძნებოდეს მსესხებლის შემოსავალს. ბოლო ორი წელია ეს მიდგომა შედარებით გამარტივდა - თუ დღეს ბანკს ნებისმიერი ტიპის შემოსავალს დაუდასტურებ, იქნება ხელფასი, ემიგრანტის გზავნილი თუ უცხოეთში მიღებული ანაზღაურება, სესხს აუცილებლად მოგცემენ. თუმცა ბაზარს თავისი ბუნებრივი ზღვარი აქვს. ჩვენი 4-მილიონიანი მოსახლეობიდან, რომელსაც აკლდება არარეზიდენტები, ბავშვები და პენსიონერები, პრაქტიკულად ყველა, ვისაც შეეძლო კრედიტის აღება და ვისზეც არსებობს დაბრუნების გარკვეული გარანტია, უკვე დაკრედიტებულია. ამ ადამიანებს ფინანსური ინსტიტუტები ინაწილებენ და ყველაზე დიდი წილი საბანკო სექტორზე მოდის. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ვინმეს სესხი ეკუთვნის და არ აძლევენ.
- კიდევ ერთი პრობლემა ლარში სესხზე მაღალი პროცენტია. უცხოურ ვალუტაში პროცენტი კი ძალიან დაბალია და ამ დროს სულ უფრო იზრდება უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის მინიმალური ბარიერი. ამ ბარიერის დაწევით მაინც არ შემსუბუქდებოდა ტვირთი?
- ამ მკაცრი პოლიტიკის შერბილებამ ვითარება შესაძლოა უფრო გააუარესოს. როდესაც ქვეყანაში ბევრს აქვს სესხი უცხოურ ვალუტაში, ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკურთან ერთად, მწვავე პოლიტიკურ პრობლემად იქცევა ხელისუფლებისთვის. ამას ემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეკომენდაციაც ლარიზაციის აუცილებლობის შესახებ. თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკა ეფექტურობას კარგავს და მთელ მოსახლეობაზე ვერ ვრცელდება.
სწორედ ამ რისკების გამო მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს პრაქტიკულად შეუქცევადია. თითქმის მილიონ ლარამდე სესხს ვერც ფიზიკური და ვერც იურიდიული პირი უცხოურ ვალუტაში ვერ აიღებს, თუ მას შემოსავალიც უცხოურ ვალუტაში არა აქვს. არა მგონია, სებ-ის რომელიმე მენეჯმენტმა ამ შეზღუდვას გადახედოს. მართალია, დღეს ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურია და შესაძლოა შერბილების ილუზია გაჩნდეს, მაგრამ რეგულატორი გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს აფასებს. არავინ იცის, როდის განმეორდება რეგიონში ან გლობალურად ისეთი შოკები, როგორმაც 2014-2017 წლებში სავალუტო კრიზისი გამოიწვია. რეგიონული თუ მსოფლიო ეკონომიკური ცვლილებების პირველი ნიშანი ჩვენთან ყოველთვის ვალუტის გაუფასურებაა და რეგულატორი სწორედ ამისგან იზღვევს თავს.
- ბარიერი სულ უფრო იზრდება და სამომხმარებლო სესხს რომ თავი დავანებოთ, პატარა ბიზნესებსაც ხომ უშლის ხელს და ეს არ აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას?
- პირადად მე იურიდიული პირებისთვის დაკრედიტების შეზღუდვის მომხრე არა ვარ. მათ ხშირად შემოსავალი უცხოურ ვალუტაშიც აქვთ და ფიზიკური პირებისგან განსხვავებით, საკუთარი რისკების მართვა ბევრად უკეთ შეუძლიათ - ჰყავთ იურისტები, ფინანსისტები, მიმართავენ ჰეჯირებას... თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ რეგულატორის ეს ხისტი გადაწყვეტილება ჩვენს ეკონომიკას აფერხებს ან რამე სერიოზულ პრობლემას უქმნის. ზოგადად, რეგულატორის მკაცრი მიდგომა ლოგიკურია. მას აქვს გამოცდილება და ხედავს, როგორ იქცევა ვალუტის გაუფასურება ხელისუფლებისთვის პოლიტიკურ პრობლემად. შეზღუდვების ეს პოლიტიკა, როგორც ვთქვით, ჯერ კიდევ სებ-ის წინა მენეჯმენტის დროს დაიწყო (რადგან სავალუტო პორტფელი სწრაფად იზრდებოდა) და სსფ-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით დღესაც გრძელდება.
მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ უცხოურ ვალუტაში ინახება. შედეგად, ბანკებს უგროვდებათ უცხოური ვალუტის რესურსი, რომელსაც სესხად ადვილად ვერ გასცემენ. ამ ჭარბი ლიკვიდობის გამოა უცხოურ ვალუტაში განთავსებულ ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები ძალიან დაბალი, მაგრამ მოსახლეობა უპირატესობას მაინც დოლარსა და ევროს ანიჭებს. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ დეპოზიტებში დიდწილად მიმდინარე ანგარიშებზე არსებული საბრუნავი თანხა იგულისხმება. ადგილობრივ წარმოებასა თუ მომსახურების სექტორს საბრუნავი ფული ბუნებრივად ლარში სჭირდება, თუმცა გრძელვადიანი დანაზოგის გაკეთება რომ უწევდეთ, დიდი ალბათობით, უცხოურ ვალუტას აირჩევდნენ.
რუსა მაჩაიძე